თბილისი 13 სექტემბერს Red Bull Soapbox Race-ს მეორედ უმასპინძლებს. არამოტორიზებული ავტომობილების სანახაობრივი რბოლა ამჯერად ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ავთენტურ უბანში, ღვინის აღმართზე გაიმართება. მონაწილეები საკუთარი დიზაინითა და ხელით აწყობილი ბოლიდებით 300-მეტრიან, ქვაფენილზე მოწყობილ ტრასას ევროპის მოედნამდე გაივლიან.
შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი დაახლოებით 150-მა ეკიპაჟმა გამოთქვა, თუმცა საბოლოო ეტაპზე 20 გუნდი გადავიდა. მათ შორის მოხვდნენ მონაწილეები, რომლებმაც ორგანიზატორებს ყველაზე თამამი, ორიგინალური და გამორჩეული კონცეფციები წარუდგინეს.
ღვინის აღმართზე მოწყობილი ტრასა მხოლოდ სისწრაფის გამოცდა არ იქნება. მონაწილეებს წინ სხვადასხვა წინაღობა ელით და ფინიშამდე მისასვლელად არა მხოლოდ დროის, არამედ საკუთარი ბოლიდების მართვისა და მანევრირების უნარის გათვალისწინებაც მოუწევთ. საბოლოო შედეგს კი რამდენიმე კრიტერიუმი განსაზღვრავს: სიჩქარესთან ერთად შეფასდება ავტომობილის დიზაინი და ის პერფორმანსი, რომელსაც გუნდები სტარტამდე წარადგენენ.
მონაწილეებს 10-ქულიანი სისტემით სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, სცენარისტი ირაკლი ვახტანგიშვილი, ქროსფითის ათლეტი ნიკო მაისურაძე, ქროსფითისა და ფუნქციური ფიტნესის მწვრთნელი ნინო გოგუაძე და კონტენტ კრეატორი გიორგი დანელია.
Red Bull Soapbox Race-ის წლევანდელი გამარჯვებულისთვის შეჯიბრება თბილისში არ დასრულდება – საუკეთესო გუნდი ბაქოში გაემგზავრება, სადაც 24-26 სექტემბერს ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრი გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რბოლის დაწყებამდე სტუმრებს მონაწილეების მიერ შექმნილი ბოლიდების დათვალიერება სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეეძლებათ.
Red Bull Soapbox Race არამოტორიზებული ავტომობილების რბოლას, კრეატიულ დიზაინსა და პერფორმანსს აერთიანებს. ღონისძიება პირველად 2000 წელს ბელგიაში ჩატარდა და მას შემდეგ მსოფლიოს 54 ქვეყანაში 170-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა.