Red Bull Turn It Up საქართველოში პირველად გაიმართება. 14 ნოემბერს კლუბ SAMA-ში ოთხი ქართველი დიჯეი და სელექტორი ერთმანეთს მუსიკალურ გამოწვევებში შეეჯიბრება, გამარჯვებულს კი აუდიტორია გამოავლენს.
Red Bull Turn It Up საერთაშორისო მუსიკალური შეჯიბრებაა, პირველ ქართულ მარათონში Tropic Ananana-სთან ერთად Halal Gvantsal, noki და NAKASHA მიიღებენ მონაწილეობას. დიჯეები თემატურ გამოწვევებზე B2B (Back-to-Back) ფორმატში დაუკრავენ, გამარჯვებულებს კი მსმენელები კრეატიულობის, ენერგიისა და მუსიკალური არჩევანის მიხედვით შეარჩევენ.
საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ფინალისტი გამოვლინდება და 2027 წლის თებერვალში დუბლინში დაგეგმილ საერთაშორისო ფინალზე საქართველოს წარადგენს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ საღამოს მუსიკალურ პროგრამას Kordz გააგრძელებს.
ამ დიდი მუსიკალური დაპირისპირების წინ, Billboard Georgia პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, Tropic Ananana-ს (ანა-ნანა ჩიკვილაძე) ესაუბრა, რომელმაც საკუთარ ემოციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ პროექტის მონაწილედ ამირჩიეს. ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა და კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, თუმცა ზუსტად ასეთი თავგადასავლები მიყვარს. მზად ვარ ახალი გამოცდილებისთვის და, რაც მთავარია, ბევრი გართობისთვის, ასევე, ჩემს ისტერიულ ნერვიულობასთან გასამკლავებლად.
სულ ახლახან ციურიხში, Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე ვიყავი, სადაც ჟიური თავად აუდიტორია იყო. საოცრად ვისიამოვნე ამ ფორმატით! ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაშია – მუსიკა, ემოციები, იმპროვიზაცია და ადამიანების რეაქციები. ამჯერად ამ თამაშის მონაწილე თავად ვარ და მაქსიმალურად ვერთობი ამ შესაძლებლობით. ჩემთვის ეს სუპერ სახალისო აქტივობაა!”- ამბობს Ananana.
Tropic Ananana თვლის, რომ მსგავსი პროექტები ადგილობრივი მუსიკალური სცენის გამოცოცხლებისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ვფიქრობ, მსგავსი საერთაშორისო პროექტები ადგილობრივ მუსიკალურ სცენას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. ახალი ფორმატები, განსხვავებული გამოცდილება და საერთაშორისო პროექტებთან შეხება ყოველთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს. გვჭირდება ასეთი საინტერესო მუსიკალური ექსპერიმენტები.“ – ამბობს არტისტი.
რაც შეეხება მის შემოქმედებით ბიოგრაფიას, Tropic Ananana-ს სელექტორობის ისტორია უკვე ორი წელია, გრძელდება. ამბობს, რომ მისთვის დაკვრა პირველ რიგში სიამოვნების მიღების შესაძლებლობაა და სწორედ ეს დამოკიდებულება განსაზღვრავს მის გამოსვლებსა და მსმენელთან ურთიერთობას.
„ვფიქრობ, თუ ამ საქმეში ჯერ კიდევ ვარ და ჩემი სახელიც აქტუალურია, ალბათ იმიტომ, რომ ზუსტად ისე ვერთობი, როგორც ჩემი მსმენელები. დაკვრა ჩემი ჰობია და ყოველთვის ორიენტირებული ვარ, პროცესისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. მგონია, ეს ენერგია გადამდებია და სწორედ ამიტომ ჩემს საღამოებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო და საოცარი ენერგეტიკა ტრიალებს. ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ – ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე – Let’s have fun!“, – ამბობს Tropic Ananana.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებსთვის კლუბ SAMA-ს კარი 20:00 საათიდან გაიღება. ბილეთების შეძენა კი Tkt.ge-ზეა შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Red Bull Turn It Up-ის ოფიციალურ გვერდს.