კენტაკელმა რეპერმა, ჯეკ ჰარლოუმ კომპოზიციაზე Churchill Downs შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც პოპულარული კანადელი არტისტი, დრეიქი მონაწილეობს. კლიპი ჰარლოუს მშობლიურ შტატში საცხენოსნო შეჯიბრზე Kentucky Derby გადაიღეს. ვიზუალურ ნამუშევარში მაყურებელი აგრეთვე იხილავს მუსიკოსებს: ბრაისონ ტილერს, დიჯეი დრამას, Boi1-da-სა და Druski-ს.
• მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ალბომი Come Home the Kids Miss You გამოუშვა
Churchill Downs ჰარლოუს ახლახან გამოშვებულ ალბომში Come Home the Kids Miss You შედის, რომელშიც მოწვეული არტისტების რანგში, დრეიქის გარდა, ფარელ უილიამსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და ლილ უეინი მონაწილეობენ. სტუდიური ნამუშევარი ბილბორდის არენბი/ჰიპ ჰოპ ალბომების ჩარტში მეორე პოზიციაზე გავიდა.
ჯეკმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მან 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსი ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That’s What They All Say ჩაუშვა, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციაზე გავიდა. ასევე, აღსანიშნავია 2021 წელს ლილ ნას იქსთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Industry Baby, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.