ლეგენდარული შემსრულებლის, ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, თაყვანისმცემლებს შესაძლოა, მისი ახალი მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა მიეცეთ. BBC Radio 2-თან ინტერვიუში ჯგუფ Queen-ის წევრებმა, ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა გაამხილეს, რომ მერკურის აქამდე უცნობი ვოკალური ჩანაწერი აღმოაჩინეს.
მუსიკოსებს ნამუშევრის სახელწოდება არ დაუსახელებიათ, თუმცა, ვებგვერდი Deadline წერს, რომ მას Face It Alone ერქმევა და სექტემბერში გამოიცემა. ტეილორისვე თქმით, ის 1988 წელს, ალბომის The Miracle სტუდიურ სესიებზე ჩაიწერა. როგორც მეი განმარტავს, ის და როჯერი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ, გამოეშვათ თუ არა ნამუშევარი.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივმა 2014 წლის ალბომში Queen Forever მერკურის მონაწილეობით ჩაწერილი სამი აქამდე უცნობი კომპოზიცია: Let Me in Your Heart Again, Love Kills და There Must Be More to Life Than This შეიტანა. ფრედისთან ერთად შექმნილი უკანასკნელი ალბომი Made in Heaven გახლავთ, რომელიც 1995 წელს, არტისტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცა.
ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don’t Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.