ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფოსთ მელოუნი რადიოსადგურის SiriusXM ეთერში ჰოუარდ სტერნის შოუს სტუმრობდა, სადაც გაამხილა, რომ შვილი შეეძინა და დაქორწინებასაც აპირებს.
• მოუსმინეთ: ფოსთ მელოუნი ორ ახალ კომპოზიციას ავრცელებს
წამყვანმა არტისტს ჰკითხა, რომელ საათზე გაიღვიძა სტუდიაში წასასვლელად.
“გოგონას შეყვარებულს ეძახი?”, – ჰკითხა სტერნმა.
“არა, ჩემი ქალიშვილია. აქამდე არ გამიმხელია, რომ დაიბადა. რადგან მინდა, რომ თავის შესახებ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს”, – აღნიშნა არტისტმა.
წამყვანი დაინტერესდა, მისი შვილის დედა შეყვარებულია თუ ცოლი – “საცოლეა”, – მიუგო ფოსთმა.
“ბილბორდმა” გასულ თვეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შემსრულებელი შვილს ელოდებოდა. ტაბლოიდმა TMZ-მ კი, რომელმაც პირველმა აცნობა ეს ამბავი მკითხველს, დაწერა, რომ სასიამოვნო სიახლე წყვილმა ვიწრო წრეში სამხრეთ კალიფორნიაში აღნიშნა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბადა ბავშვი და რა ჰქვია მას.
ახლახან პლატფორმა Apple Music-ზე ზეინ ლოუის გადაცემაში ფოსთმა განაცხადა, რომ მამობაზე ყოველთვის ოცნებობდა.
ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.