3 თვე გავიდა, რაც შაკირამ და პიკემ განქორწინება დაადასტურეს და მომღერალმა პირველად ისაუბრა ამ თემაზე.
„ცხოვრების ამ ეტაპზე, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბნელია ჩემს ცხოვრებაში, სინათლე მუსიკამ მომიტანა.“ ამბობს შაკირა გამოცემა Elle-თან ინტერვიუში. „ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვცდილობ, მივყვე ცხოვრებას. თუმცა დიახ, მე უნდა მესაუბრა ამაზე, მით უმეტეს, რომ მე ჯერ ისევ გავდივარ ამ ყველაფერს და ამავე დროს, ვარ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ეს იყო ძალიან მძიმე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც. წარმოუდგენლად მძიმე.“
„ჩემს სახლთან ცხოვრობენ პაპარაცები 24/7-ზე და არ არსებობს ადგილი, სადაც შემიძლია შვილებთან ერთად დავიმალო, ჩემი სახლის გარდა. ჩვენ არ შეგვიძლია, გავისეირნოთ პარკში, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ან გავიდეთ ნაყინის საჭმელად, ან საერთოდ რამე გავაკეთოთ პაპარაცების გარეშე. ეს ძალიან რთულია. ვცდილობდი, ეს სიტუაცია ბავშვებისთვის დამემალა. მე ვცდილობ, დავიცვა ისინი, რადგან ზუსტად ეს არის ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი მისია. მაგრამ მერე მათ ესმით რაღაცები სკოლაში, ან აწყდებიან უსიამოვნო სიახლეებს ინტერნეტში და ეს მათზე მოქმედებს.“
შაკირა საუბარში იმასაც ამბობს, რომ თავს ისე გრძნობს, თითქოს მთელი ეს ამბავი ცუდი სიზმარია და საბოლოოდ გამოეღვიძება. „მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. და სინამდვილეა ის იმედგაცრუებაც, როცა ვხედავ, თუ როგორ გააუფასურა მედიამ ისეთი წმინდა და განსაკუთრებული ურთიერთობა, როგორიც, მე მეგონა, რომ ჩემი შვილების მამასთან მქონდა. ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც მამაჩემი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა და მე, ფაქტობრივად, სხვადასხვა ფრონტზე მიწევდა ბრძოლა. მაგრამ ამ დროს ვფიქრობდი იმ ქალებზე, რომლებიც ასევე ჩემსავით რთულ, ან ჩემზე უფრო რთულ სიტუაციაში არიან.“
შაკირას თქმით, 2014 წელს, როცა წყვილის პირველი ვაჟიშვილი მილანი წამოიზარდა, მან გადაწყვიტა, ტურნეები შეეწყვიტა. „ვიცოდი, რომ როცა ის სკოლაში შევიდოდა, მე უკვე უნდა დავბინავებულიყავი. ჩვენ უნდა გვეცხოვრა ბარსელონაში მისთვის და ჟერარდისთვის და შემდეგ უკვე ჩვენი მეორე ვაჟიშვილისთვის. როგორც ფეხბურთელს, ჟერარდს სურდა ფეხბურთის თამაში, ტიტულების მოგება და მე მისთვის მხარი უნდა დამეჭირა. ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე ჩვენგანს მსხვერპლი უნდა გაეღო, ასე არ არის? ან მას უნდა გაეწყვიტა კონტრაქტი ბარსელონასთან და ჩემთან გადმოსულიყო შტატებში, ან ეს მე უნდა გამეკეთებინა.“
შეგახსენებთ, რომ შაკირასა და ჟერარდ პიკეს ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო, როცა მომღერალი მსოფლიო თასის ჰიმნს „Waka-Waka“ ასრულებდა.