23 ოქტომბერს SALIO ამერიკაში, ნიუ ორლეანში მიემგზავრება. ჯაზის დედაქალაქში ქართველი მუსიკოსი ორ სიმღერას ჯაზის შემსრულებლის, ჯონ ბატისტის გოსპელ გუნდთან ერთად ჩაწერს. სიმღერების ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად სალომე კორკოტაშვილია, რომელმაც ახალ პროექტზე პროდიუსერთან, ბექა ჯაფარიძესთან ერთად იმუშავა.
SALIO ახალი ალბომისთვის ემზადება, რომელშიც სულ 5 სიმღერა შევა. მათგან ორი სწორედ ამერიკაში ჩაიწერება. სტუდია, სადაც SALIO უცხოელ მუსიკოსებთან ერთად იმუშავებს, ძველ ეკლესიაში მდებარეობს.
,,ძალიან კარგი საუნდია ამ ეკლესიაში, სიმღერებიც ახალია და ერთი სული მაქვს როდის მოვასმენინებთ ყველას. ვისთანაც მივდივარ, არის ქართველი საუნდ ინჟინერი მიშა კაჭკაჭიშვილი. მან ბევრი ჯილდო აიღო საუკეთესო ალბომისთვის, იმუშავა ჯონ ბაპტისტთან ერთად. მუსიკის გარდა, ვაპირებ ცნობილ ქორეოგრაფებთან მუშაობას, რომლებიც ვარსკვლავებთან თანამშრომლობენ, ეს დიდი პატივია. მადლობელი ვარ, რომ მათ უნდათ ჩემთან ერთად რაღაც კარგის გაკეთება”,- SALIO.
SALIO-სთვის ეს ამერიკაში საქმიანი ვიზიტის პირველი შემთხვევა არ არის. ქართველი მუსიკოსი საკუთარ ბენდთან ერთად 2013 წელს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ღონისძიებაზე, NEW ORLEANS & HERITAGE FESTIVAL-ზე მონაწილეობდა.
,,იყო მუსიკოსი და არტისტი ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გაჩერდე. სულ უნდა იმუშავო და განვითარდე, სიახლეები სცადო, ჩვენ ზუსტად მანდ ვართ და ეს ძალიან მიხარია”,- SALIO.
SALIO საქართველოში დაბრუნებას დეკემბერში გეგმავს, ქართველი მუსიკოსი კი, მსმენელს ბევრ სიახლეს ჰპირდება.