ტინა ტერნერი ამ დროისთვის ბოლო მუსიკალური ვარსკვლავია, რომელსაც საკუთარი ბარბის თოჯინა ექნება. ბარბი სათამაშოების მწარმოებელმა „მატელმა” მომღერლის ლეგენდარულ ჰიტს “What’s Love Got to Do With It” მიუძღვნა, რომელსაც მალე გამოშვებიდან 40 წელი უსრულდება. ტინა ტერნერის ბარბის სწორედ ის ტანსაცმელი აცვია, რომელიც მომღერალს ამ სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოკლიპში ეცვა: მინი ქვედაბოლო, ჯინსის ქურთუკი და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი. ასევე, მარგალიტის საყურე და ვერცხლის ყელსაბამი უკეთია. ბარბის ღირებულება 55 დოლარია.
სიმღერა “What’s Love Got to Do With It” 1984 წელს გამოვიდა და ბილბორდის Hot 100-ში ტინა ტერნერს პირველი ადგილი მოუტანა. იმ დროს, 44 წლის ტერნერი ყველაზე ასაკიანი ქალი შემსრულებელი იყო, რომელიც ჩარტის სათავეში მოხვდა. სიმღერას მიღებული აქვს გრემი წლის ჩანაწერის, წლის სიმღერისა და საუკეთესო ვოკალური შესრულების ნომინაციებში.
მიუხედავად იმისა, რომ ტინა ტერნერი უკვე დიდი ხანია შოუბიზნესს ჩამოშორდა, მისი შემოქმედება კვლავ აქტუალურია. გასულ წელს HBO-მ მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „ტინა”.
ტინა ტერნერის ბარბის შეძენა ამაზონსა და უოლმარტზეც შეგიძლიათ.