ახალგაზრდა ბობ დილანის სასიყვარულო წერილების კოლექცია, აუქციონზე ცნობილმა პორტუგალიურმა წიგნების მაღაზიამ 670 ათას დოლარად შეიძინა.
დილანის წერილების მფლობელი წიგნის მაღაზია Livraria Lello – პორტუგალიაში, პორტოში მდებარეობს. ხშირად მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ წიგნის მაღაზიადაც მოიხსენიებენ. როგორც აუქციონერის RR Auction-ის განცხადებაშია ნათქვამი, მაღაზია გეგმავს ორმოცდაორი ხელნაწერი წერილი, რომელიც ჯამში ასორმოცდაათ გვერდს ითვლის, დილანის გულშემატკივრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
1957-59-წლებში დილანი მინესოტას შტატის ქალაქ ჰაბინგიში ცხოვრობდა, ის სასიყვარულო წერილებს თანასკოლელ ბარბარა ენ ჰიუიტს სწერდა, მაშინ ბობ დილანს სასცენო ფსევდონიმი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. (ბობ დილანის ნამდვილი სახელი ბობ ციმერმანია). ეს არტისტის ცხოვრების ის პერიოდია, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი.
წერილების მიხედვით ბობ დილანი სახელის შეცვლაზე ფიქრობს და მილიონი ჩანაწერის გაყიდვაზე ოცნებობს. ათწლეულების შემდეგ კი, 2016 წელს, იგი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება და ჯამში 125 მილიონ ჩანაწერს ყიდის.
ახალგაზრდა ბობ დილანი წერილებში ბარბარა ენ ჰიუიტის მიმართ სიყვარულს არ მალავს. წერილები შეიცავს ფრაგმენტებს ლექსებიდან, დილანი ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რაც იმ პერიოდის ახალგაზრდების ზოგად ინტერესს წარმოადგენდა: მუსიკა, ავტომობილები, ტანსაცმელი, პოეზია.
აუქციონზე გამოტანილი იყო ბობ დილანის სამახსოვრო ნივთებიც, მათ შორის მისი ოცდაოთხი ხელნაწერი ლექსის კრებული – “Poems Without Titles” (ლექსები სათაურის გარეშე), რომელიც ორას ორმოცდაათი ათას დოლარად გაიყიდა და დილანის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პერიოდის ფოტოები მისივე ხელმოწერით, რომელიც ოცდაოთხი ათას დოლარზე მეტად შეფასდა.