ჯული ენდრიუსი „პრინცესას დღიურებში” მონაწილეობის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს. ფილმის პირველ ორ ნაწილში ენდრიუსი დედოფალს თამაშობს. იგი ფილმში ენ ჰეთეუეის მიერ განსახიერებული გმირის ბებიაა.
„მგონი, ყველა ხვდება, რომ, დიდი ალბათობით, ეს შეუძლებელია. ამაზე ლაპარაკი მეორე ნაწილის გამოსვლიდან მალევე დაიწყო. რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ? ასაკი მეც და ენისაც მოგვემატა. არა მგონია, გამოვიდეს. ვგულისხმობ, ჩვენი მონაწილეობით”, – განაცხადა ენდრიუსმა.
ნოემბერში The Hollywood Reporter-მა დაწერა, რომ „პრინცესას დღიურების” მესამე ნაწილისთვის სცენარი იწერებოდა. წყაროს თანახმად, ის პირველი ორი სერიის გაგრძელება იქნება. ენ ჰეთეუეის ფილმში დაბრუნებაზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს. თუმცა წარსულში მსახიობმა მესამე ნაწილის შესაძლო გამოშვება დადებითად შეაფასა.
Რაც შეეხება ჯული ენდრიუსს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვარსკვლავი ფილმის შესახებ საუბრობს. 2019 წელს ენდი კოენთან სტუმრობისას „მუსიკის ჰანგების” ვარსკვლავმა თქვა: „სიმართლე ისაა, რომ არაფერი ვიცი. ძალიან დიდი ხანია ამაზეა საუბარი.” 2022 წელს კი განაცხადა: „მგონი, ამის გაკეთება დაგვიანებულია.”