პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს, „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში დაარსდა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგზარდა ხელოვანებით დაკომპლექტდა. სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.
ყოველ წელს, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისათვის ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად ცოცხალი შესარჩევი მოსმენები ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება 18-იდან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის არის შესაძლებელი. წელს, წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონისათვის, შესარჩევი მოსმენები შვიდ ქვეყანაში – სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ყაზახეთში, თურქეთსა და თურქმენეთში ჩატარდება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 30 იანვარს გაიმართება.
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის ფესტივალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ყოველი წლის სექტემბერში, ფესტივალის მსვლელობისას, შერჩეულ ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ხუთ კონცერტზე დაუკრან. ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში კი, ორკესტრანტები აქტიურ მომზადებას წინანდლის სახელოვნებო რეზიდენციაში გადიან. მათ მენტორობას პირველი კლასის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრების წარმომადგენლები უწევენ.
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის იდეა მიზნად ისახავს, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებით კარიერას უდიდესი მნიშვნელობის მუსიკალური და პერსონალური გამოცდილება შემატოს. კონცერტები, რომლებზეც ორკესტრი მონაწილეობას იღებს, უდიდესი მუსიკალური მასშტაბებითა და ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა.
ფესტივალის განმავლობაში, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ, სხვა კონცერტების რეპეტიციებსაც დაესწრონ და ცნობილ ხელოვანებს შეხვდნენ.
შესარჩევ მოსმენაში მონაწილეობა უფასოა. შერჩეული მუსიკოსების მგზავრობას, განთავსებასა და კვებას წინანდლის ფესტივალი უზრუნველყოფს.
„წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ 2019 წელს წინანდლის ისტორიულ მამულში, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით დაფუძნდა. Წლების განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სეზონის პროგრამამ კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული ხელოვანები გააერთიანა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და ცნობილი მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
2023 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი“ საიუბილეო მეხუთე სეზონით ბრუნდება. ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.
ფესტივალი მხარდაჭერისათვის დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს