თამაშების მწარმოებელმა ქართულმა სტარტაპმა Onyx Wings Studio-მ პირველი ვიდეო თამაში, სახელწოდებით Mistcaller გამოუშვა. ვიდეო თამაშის ერთ-ერთი წამყვანი დეტალი მუსიკალური გაფორმებაა – მისთვის სპეციალურად შეიქმნა ორიგინალური სიმღერა და მუსიკალური თემები. თამაშის გამოშვებასთან ერთად, სტუდიამ საუნდტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოც წარადგინა.
Mistcaller ე.წ. Puzzle Platformer თამაშია, რაც ლოგიკურ გადაწყვეტებთან ერთად, ტექნიკურ მოქმედებებსაც მოიცავს. სიუჟეტის მიხედვით, მთავარმა გმირმა მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ ის იცის, რომ მისი პატარა ძმა საფრთხეშია. ის უნდა გადარჩეს და ძმაც გადაარჩინოს. სიუჟეტი ნისლიან გარემოში ვითარდება, ვიდეოთამაშის განვითარების კვალდაკვალ კი, მთავარი გმირი ნისლის მართვას სწავლობს და სხვადასხვა უნარს იძენს. Mistcaller მუსიკალურად საკმაოდ დატვირთულია – სხვადასხვა დროს, განსხვავებული მუსიკალური თემები შემოდის, რომლებიც თამაშის საერთო კონცეფციით ერთიანდება, თუმცა სიუჟეტის და მოქმედებების მიხედვით, განსხვავებული დინამიკა აქვს და მოთამაშისათვის შესაბამის ატმოსფეროს ქმნის. მუსიკა, ისევე როგორც თამაში, Onyx Wings Studio-ში შეიქმნა. მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი დავით მარკოზაშვილია. სიმღერას ნია ხარებაშვილი ასრულებს.
დავით მარკოზაშვილი, Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი:
„თამაშის შექმნის იდეის გაჩენისთანავე, მუსიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვინდოდა, რომ მუსიკალურ გაფორმებას მისთვის ინდივიდუალური ხასიათი კიდევ უფრო მეტად შეეძინა. Mistcaller-მა პირველი დაფინანსება სატელევიზიო პროექტ Shark Tank-ში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იქაც მუსიკამ მიიპყრო დიდი ყურადღება. თამაშისათვის ერთი მთავარი სიმღერა და ათამდე თემა დაიწერა. ე.წ. ეპიკურ საუნდტრეკზე მუსიკალური ვიდეოც წარვადგინეთ, რომლის შექმნის პროცესში კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან ვითანამშრომლეთ“
კლიპი თამაშის სცენების მიხედვით შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს. თავად კომპოზიცია, მუსიკა და ტექსტიც, ვიდეო თამაშის სიუჟეტურ ხაზთან და მთავარი გმირის ისტორიასთან არის კავშირში.
„სიუჟეტური განვითარების მიხედვით ვიდეო თამაშის თემებიც შესაბამისად იცვლება. ამ თემების ჟღერადობაში ძალიან მინიმალისტურად, მაგრამ მაინც შევიტანეთ ქართული ელემენტები. თუმცა ამას მხოლოდ მუსიკალურად დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევს. თვითონ მთლიანი ვიდეოთამაში საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი პროდუქტია და ჩვენი მიზანიც გლობალურ ინდუსტრიაში პოზიციონირებაა.“ – დავით მარკოზაშვილი.
Mistcaller ამჟამად თამაშების გლობალურ პლატფორმა Steam-ზეა ხელმისაწვდომი.
ნახეთ ვიდეო თამაშის ტრეილერი: