ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც The Beatles-მა და Rolling Stones-მა როკ-ენ-როლის იდეა უნიკალური სტილით და ხედვით წარმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს მუდამ პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, არის ერთი რამ რაც, საკულტო ბენდებს არასდროს გაუკეთებიათ – ეს მათი სტუდიური თანამშრომლობა.
ეს ამბავი კი სულ მალე წარსულს ჩაბარდება, რადგან Rolling Stones-ის ახალ სტუდიურ ალბომში სერ პოლ მაკარტნიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია, Rolling Stones-ის პრეს სპიკერმა „ბილბორდს“ 23 თებერვალს დაუდასტურა. პირველად ეს ფაქტი CNN-მა გაავრცელა.
სერ პოლ მაკარტნის გარდა Rolling Stones-ის ალბომში სავარაუდოდ ჯგუფის გარდაცვლილი წევრის, ჩარლი უოტსის დრამის პარტიაც შევა, რომელიც 2021 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეგობრული პაექრობა ამ ორ საკულტო ბენდს შორის დღემდე გრძელდება. 2020 წლის ინტერვიუში ჰოვარდ სტერნს სერ პოლ მაკარტნიმ უთხრა: „Rolling Stones ფანტასტიკური ჯგუფია, როდესაც ისინი გამოდიან, მათ მოსასმენად ყოველთვის მივდივარ. ამ დიდებულ ბენდს მათი სიმღერებით და მიკის მოძრაობებით ყოველთვის შეუძლიათ საოცრებების გაკეთება, ისინი შესანიშნავები არიან“.
„თუმცა“ ამატებს პოლ მაკარტნი, „მე მიყვარს ისინი, მიყვარს Rolling Stones, მაგრამ მე შენთან ვარ… Beatles-ი უკეთესია“.
მიკ ჯაგერმა პოლის ამ სიტყვებს ერთი კვირის შემდეგ Apple Music-ის ინტერვიუში ზეინ ლოუსთან უპასუხა: „აშკარაა, რომ ჩვენს შორის კონკურენცია არ არის, პოლი საყვარელია“. მიკ ჯაგერმა აღნიშნა, რომ Rolling Stones-ი მეექვსე ათწლეულია ტურნეს თანმიმდევრულად აგრძელებს, ხოლო Beatles-მა ეს გზა კარგა ხანია დატოვა.
„ერთი ბენდია, რომელიც დაუჯერებელია, თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ უკრავს სტადიონებზე, ასეთი ჯგუფი მეორე არ არსებობს.“ – თქვა მიკ ჯაგერმა.
ჯგუფებს შორის სტუდიური თანამშრომლობა არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, პოლ მაკარტნიმ და ჯონ ლენონმა Rolling stones-ის პირველი ჰიტი 1963 წელს, I Wanna Be Your Man დაწერეს, ხოლო 1967 წელს, როდესაც All You Need Is Love ჩაიწერა, სტუდიაში ჩაწერას მიკ ჯაგერიც ესწრებოდა.