ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი თავისი მომავალი ალბომიდან Harry’s House პირველ სინგლს As It Was და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. მუსიკოსმა ნამუშევარი ორშაბათს დააანონსა, მანამდე კი განაცხადა, რომ 20 მაისს რიგით მესამე ალბომს გამოუშვებდა. ცნობილია, რომ სტუდიურ ჩანაწერში სულ 13 ტრეკი იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ალბომის გამოშვებამდე ჰარი სტაილზი ფესტივალ Coachella-ს ჰედლაინერი იქნება ბილი აილიშთან, ქანიე ვესთთან და სუპერჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად. ღონისძიება 15-17 და 22-24 აპრილს ჩატარდება.
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.