20-22 მაისს Julien-ის აუქციონზე 1969 წელს გამოშვებულ Fender Mustang-ის ელექტროგიტარას გამოიტანენ, რომელიც ცნობილი ამერიკული როკ ბენდის, Nirvana-ს ვოკალისტ კურტ კობეინს კომპოზიციაზე Smells Like Teen Spirit გადაღებულ ვიდეორგოლში უჭირავს. ვარაუდობენ, რომ ცაციებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი 600 000-800 000 აშშ დოლარის ფარგლებში გაიყიდება.
აუქციონზე ასევე 6000-8000 აშშ დოლარად გაიყიდება ექსკლუზიური NFT, რომელშიც კობეინის გიტარის ტექნიკოსი, ერნი ბეილი ამ ინსტრუმენტის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს.
მსურველებს აგრეთვე შეეძლებათ, შეიძინონ შემსრულებლის 1965 წელს გამოშვებული ავტომობილი Dodge Dart 170. ლოტის სავარაუდო ღირებულება 400 000-600 000 აშშ დოლარია. მასზე სწორედ ის ნომერი იქნება დამაგრებული, რომლითაც მუსიკოსი სარგებლობდა.
“ჯულიენის” აუქციონზე NFT-ის სახით გაიყიდება სვიტერიც, რომელიც კურტს კლიპში Smells Like Teen Spirit აცვია. მისი ფასი 6000-8000 აშშ დოლარს შეადგენს. ასევე შესაძლებელი იქნება არტისტის სკეიტბორდის, მის მიერ დახატული მაიკლ ჯექსონის სურათის, შავი “კონვერსის” კედების ციფრული გამოსახულების, სიეტლი-ჩიკაგოს რეისის ჩასხდომის ბარათისა და Nirvana-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენა.
“ჯულიენის” აუქციონის წარმომადგენლების განცხადებით, კურტ კობეინის ნივთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას “სტიგმის დანგრევა” მოხმარდება.
კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც “ნირვანას” მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.
გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.