ცნობილი ინგლისური ბენდის, Depeche Mode-ის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი, ენდი ფლეტჩერი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება კოლექტივმა გაავრცელა. “შოკირებული და უზომოდ დამწუხრებულები ვართ მისი უეცარი გარდაცვალების გამო”, – წერს “დეფეშ მოუდი”. ფლეტჩერი 60 წლის გახლდათ.
ფლეტჩერი ბენდში მისი შექმნიდან, 1980 წლიდან წევრიანდებოდა. მაშინ, როდესაც ჯგუფის კრეატიულ ბირთვს სიმღერების ავტორი მარტინ გორი და ფრონტმენი დეივ გაანი წარმოადგენდნენ, ენდი სხვადასხვა ინსტრუმენტს წარმატებით ირგებდა, მათ შორის ბასსა და სინთეზატორს. ამასთან, მანამ “დეფეშ მოუდის” მენეჯერი 1994 წელს ჯონათან კესლერი გახდებოდა, კოლექტივის ფინანსურ და იურიდიულ საქმეებს სწორედ ფლეტჩერი აგვარებდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ენდი ბენდში რომელიმე ერთ ინსტრუმენტს არ იყო მიმაგრებული და მისი სახელი არც მელოდიებისა და ტექსტების ავტორებში ფიგურირებს, ხშირად ისმოდა კითხვა, რას აკეთებდა ის კოლექტივში. იუთუბზე ვიდეოცაა გამოქვეყნებული 143 000 ნახვით სახელწოდებით “უბრალოდ, რას აკეთებს ფლეტჩი?”. თავად არტისტი კი ამბობდა: “მარტინი სიმღერებს წერს, ალანი კარგი მუსიკოსია, დეივი ვოკალისტია… მე კი უსაქმოდ დავყიალობ”.
ენდი ფლეტჩერმა, მარტინ გორმა, დეივ გაანმა და სონგრაითერმა და მეკლავიშე ვინს კლარკმა Depeche Mode ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოაყალიბეს. კლარკმა ბენდი პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ დატოვა, ის ალან ვაილდერმა შეცვალა. ჯგუფი სწრაფად გახდა სინთ-პოპის ეპოქის ერთ-ერთი განმსაზღვრელი აქტი ისეთი ჰიტების დამსახურებით, როგორებიცაა: Just Can’t Get Enough, See You და Dreaming of Me. ბრიტანეთიდან მუსიკოსებმა მალევე ამერიკული ანდერგრაუნდი დაიპყრეს სინგლებით: People Are People, Blasphemous Rumors და Strangelove.
ბენდის 1990 წლის ალბომს Violator და მასში შესულ ჰიტებს Personal Jesus და Enjoy the Silence საყოველთაო აღიარება მოჰყვა, რამაც “დეფეშ მოუდს” პრე-გრანჟ ალტ-როკ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივის სახელი მოუტანა. 1993 წელს გამოშვებული ჩანაწერის Songs of Faith and Devotion დამსახურებით ჯგუფი Billboard 200-ის ჩარტის ლიდერი გახდა.
ბენდში მოღვაწეობის პარალელურად, ფლეტჩერი British indie label Mute Records-ის ქველეიბლის Toast Hawaii დამაარსებელი გახლდათ, რომელშიც ელექტროპოპ დუეტი Client გააწევრიანა. მან 1990-იანებში ლონდონში ასევე რესტორანი Gascogne გახსნა. ენდი აგრეთვე მცირე ხნით დიჯეობით იყო დაკავებული.
— Depeche Mode (@depechemode) May 26, 2022
კარიერის განმავლობაში “დეფეშ მოუდმა” 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივი 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.