ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ფოსთ მელოუნი თავისი ალბომის Twelve Carat Toothache დელუქს ვერსიას ავრცელებს, რომელშიც, ორიგინალურ 14 კომპოზიციასთან ერთად, ორი ახალი ტრეკი Waiting For Never და Hateful არის წარმოდგენილი.
• ნახეთ: ფოსთ მელოუნმა კლიპი Insane გაავრცელა
Apple Music-ის ზეინ ლოუისთან ინტერვიუში არტისტმა ახალ ალბომს თავისი დისკოგრაფიიდან რჩეული ჩანაწერი უწოდა.
ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.