27 წლის მომღერალი სოციალურ მედიაში ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ქალთა უფლებების დაცვის საპროტესტო აქციების დროს ახალგაზრდა ქალების დაღუპვის ფაქტებზე ისაუბრა.
„უშიშროების ძალებმა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციაზე მყოფი 16 წლის სარინა ესმაილზადე სცემეს, პროტესტის ნიშნად, თავსაბურავის დაწვის გამო, 16 წლის ნიკა შაქარამი მოკლეს, დემონსტრაციის დროს, 23 წლის ჰადიფ ნაჯაფს რამდენჯერმე ესროლეს. Საპროტესტო აქციები 22 წლის მაშა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო“ – წერს მომღერალი ინსტაგრამზე, სადაც ირანელი გოგონების ფოტოს აქვეყნებს.
22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ თეირანში თავსაბურავის არასწორად ტარების გამო დააკავა. პოლიციამ ამინი განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ის კომაში ჩავარდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალური პირების განცხადებით გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, გაეროს ანგარიშის და გოგონას ახლობლების თქმით, დაპატიმრების დროს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიყენებული დაზიანებების შედეგად გოგონა გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილი ირანელი ხალხისთვის ერთგვარი ბიძგი იყო, რათა ისინი ქუჩაში გამოსულიყვნენ და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.
„ქალთა უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციებს ირანელი ქალები შეეწირნენ, გთხოვთ დაანახეთ მსოფლიოს, რა ხდება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ინფორმაციის გავრცელება, გააზიარეთ თქვენს პლატფორმაზე და ატეხეთ ხმაური, მე ირანელ ქალებთან ერთად ვდგავარ“. – წერს მომღერალი.
ლიპა ერთ-ერთია იმ მუსიკოს შემსრულებლებს შორის, რომელიც მხარს უჭერს ირანელ ქალებს. მათ შორის არიან: ჯასტინ ბიბერი, იუნგბლუდი, რიკი მარტინი და ჰალსეი. სექტემბრის ბოლოს, დუა ლიპამ თავისი მხარდაჭერა ტვიტერზეც დააფიქსირა და ირანში მიმდინარე პროტესტზე ამინის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.
„ფოტოები, სადაც ირანში ქალები საპროტესტო აქციებზე გამოდიან, თმას იჭრიან და ჰიჯაბს წვავენ, ჩემთვის ყველაზე ძლიერი და შთამაგონებელია, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას, ვისაც ამ საპროტესტო აქციებზე ვხედავთ, მინდა ვუთხრა: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენდამი სოლიდარობას გამოვხატავთ.“ – წერს ლიპა სოციალურ მედიაში.
ნახეთ დუა ლიპას პოსტი ინსტაგრამზე: