თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი და მისი 25 წლის იუბილე

პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით და თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსებული პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, წელს დაარსებიდან ოცდამეხუთე საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი

წელს, თბილისმა მეშვიდედ უმასპინძლა „პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს”, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. გამონაკლისი მხოლოდ გასული წელი იყო, როდესაც კოვიდ პანდემიის გამო ღონისძიება ვერ ჩატარდა, მაგრამ ორგანიზატორების თქმით, მომდევნო კონკურსი ჩვეულ ციკლს დაუბრუნდება და 2025 წელს გაიმართება. 

პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით და თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსებული პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, წელს დაარსებიდან ოცდამეხუთე საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. კონკურსისთვის ეს თარიღი განსაკუთრებით საზეიმოა. როგორც ორგანიზატორებისთვის, შემსრულებლებისთვის და ჟიურისთვის, ასევე იქ დამსწრე საზოგადოებისთვისაც.

„კონკურსი 1997 წელს დაარსდა, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. იგი არის დღემდე ამ კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მიზანი არის საფორტეპიანო სკოლის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა შემსრულებლების წახალისება და მათი შემოქმედებითი მომავალი კარიერის ხელშეწყობა. კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. უშუალოდ ეს კონკურსი კი, არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოთხ წლიანი ინტერვალების ციკლი ჩვენ დავარღვიეთ, რაც პანდემიამ განაპირობა. კონკურსი უნდა ჩატარებულიყო 2021 წელს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო გადავდეთ, თუმცა, უკვე შემდეგი კონკურსისთვის, რომელიც უკვე მერვედ გაიმართება, ტრადიციულ ციკლს დავუბრუნდებით და მომდევნო კონკურსი 2025 წელს გაიმართება. ჟიურის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითია, თუმცა, ეს კონკრეტული ასპექტი არ არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ტრადიციულად ძალიან შთამბეჭდავია კონკურსის ჟიური. როგორც წესი, დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სკოლების პედაგოგებით, აქტიური საშემსრულებლო კარიერის მქონე პიანისტებით და ძალიან დიდი სახელებით. კონკურსს, როგორც წესი, ჰყავს საპატიო სტუმრები და საპატიო კომიტეტი, რომელიც შედგება იმ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გზით მხარს უჭერენ, გულშემატკივრობენ ამ ღონისძიებას. ყოველთვის გვსტუმრობენ ძალიან დიდი ფიგურები მუსიკალურ სამყაროში, ეს შეიძლება იყოს წამყვანი ფესტივალების მენეჯერები, სამხატვრო ხელმძღვანელები, საკონცერტო დარბაზების მენეჯერები, იმპრესარიოები და ასე შემდეგ.“ – აღნიშნა – ნატა მეცხოვრიშვილმა კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

კონკურსი ოთხი ტურისგან შედგება. ტურებს წინ უსწრებს წინა შესარჩევი მოსმენა. მხოლოდ ამის შემდეგ, დაშვებული კონკურსანტები ოთხ ტურს უკრავენ, პირველი, მეორე, მესამე ნახევარფინალი და მეოთხე ფინალი, უკვე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სრულდება. წელს კონკურსის ფარგლებში,  ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან და კონკურსანტებთნ ერთად,  ინგლისიდან მოწვეული დირიჟორი, თიმოთი რედმონდი მსნემელის წინაშე წარსდგა. 

კონკურსის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, მაგრამ წელს, განცხადების მიღების უპრეცედენტო რიცხვი დაფიქსირდა, ოცდაცამეტი კონკურსანტიდან რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მსმენელის წინაშე მხოლოდ თხუთმეტი მონაწილე წარსდგა, საიდანაც ექვსი ფინალში გადავიდა. წელს კონკურსანტები საქართველოდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, ბოლივიიდან, სამხრეთ კორეადან, ჩინეთიდან და იაპონიიდან იყვნენ წარმოდგენილნი. 

თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის საზეიმო დახურვა

„როდესაც ცხადდება განაცხადების მიღება, კონკურსანტები აგზავნიან ჩანაწერებს, რაც არის გადამწყვეტი, რომლის მიხედვითაც ირჩევა მონაწილეები. შერჩევის შემდეგ ოთხ ტურად იმართება კონკურსი, მეორე ტურში ყოველთვის არის სავალდებულო ქართული ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან კონკურსამდე იცვლება. წელს, უშუალოდ ამ კონკურსისთვის, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის თხოვნით, ბატონმა სოსო ბარდანაშვილმა, ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა და არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა შექმნა ნაწარმოები“. – აღნიშნა კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა მეცხოვრიშვილმა.

კონკურსის ფარგლებში სრულდება სკარლეტის სონატა, ბახის პრელუდია და ფუგა, შოპენის ეტიუდი, ქართული ნაწარმოები, კლასიკური სონატა, რომანტიული მუსიკა და ასევე მეოთხე ტურში საფორტეპიანო კონცერტები, ორკესტრთან ერთად.

კონკურსის ორგანიზატორმა და პიანისტმა დავით ალადაშვილმა თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი შეაფასა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა კლასიკური მუსიკალური ცხოვრების და კულტურის განვითარებისთვის: 

„უმნიშვნელოვანეს მოვლენაა ეს კონკურსი,  რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთელი კლასიკური მუსიკალური ცხოვრებისთვის, კონსერვატორიისთვის და პიანისტებისთვის, მაგრამ ასევე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, რადგან 25 წლის წინ, როდესაც ეს კონკურსი დაარსდა, როცა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში ძალიან მძიმე იყო, ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა საქართველოში ორი „სტეინვეი“ ჩამოიტანა. გაარემონტა დიდი საკონცერტო დარბაზი და ჩატარდა ოცდაათკაციანი შემადგენლობით, საერთაშორისო დონის კონკურსი, რომელიც წელს უკვე მეშვიდე გამოშვებას მასპინძლობს. ყველაზე მთავარი და ხაზგასასმელი, არის ის, რომ ამ კონკურსმა პირველივე დღიდანვე ძალიან მაღალი სტანდარტი დაიკავა. აქ არასდროს მეორდება ჟიურის შემადგენლობა და ეს თავისთავად არის გარანტი იმისა, რომ კონკურსი სამართლიანად და ობიექტურად ჩატარდეს. არცერთ ჟიურის წევრს არ აქვს უფლება ჰყავდეს კონკურსზე თავისი ამჟამინდელი ან ყოფილი მოსწავლე, ასევე, ხმის მიცემის სისტემა უნიკალურია.  ჟიურის წევრებს ხმის მიცემის დროს ერთმანეთთან შეხება არ აქვთ, ისინი ცალ-ცალკე შედიან, როგორც არჩევნებზე და თავის რჩეულ კონკურსანტს ხმას აძლევენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს ტარდება თბილისში, კონსერვატორიაში, რითაც ხელი ეწყობა კონსერვატორიის სტუდენტების განათლების ხარისხის ამაღლებასაც. მსოფლიო დონის ჟიურის წევრები მუსიკოსები და შემსრულებლები, რომლებიც ჩამოდიან, თბილისში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველთვის მასტერკლასს ატარებენ. ერთგვარი წრე იკვრება, რომელიც კლასიკური მუსიკის მიმართულებით გვაკავშირებს მთელ მსოფლიოსთან. უნდა ითქვას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კონკურსში იმარჯვებენ, შემდგომში ძალიან მალე იპყრობენ მსოფლიო სცენებს და ერთგვარი ტრამპლინია მსოფლიო საკონცერტო ასპარეზზე. ყველა ლაურეატი, რომ გადაავლოთ თვალი, მიხვდებით, რომ დღეს, მსოფლიოში ნომერ პირველი შემსრულებელია და მიხარია, რომ განსაკუთრებით ქართველი შემსრულებლები თავის პირველ პრიზს სწორედ ამ კონკურსზე იღებენ.” 

10 ოქტომბერს, კონსერვატორიაში საერთაშორისო ჟიურის შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე პირველი პრემია არ გაიცა. მთავარი პრემიები კი, შემდეგნაირად გადანაწილდა: 

VI – პრემია: ხოსე ანდრეს ნავარო სილბერსტეინი, ბოლივია;

V – პრემია: ტომერ რუბინშტეინი, ისრაელი;

IV – პრემია: დანილო საიენკო, უკრაინა და ლიზი კაკაბაძე, საქართველო;

III – პრემია: ქიჟენ ვანგი, ჩინეთი 

II – პრემია: იუკი ამაკო, იაპონია 

II – პრემიის ლაურეატი, იაპონელი – იუკი ამაკო

თბილისი პიანო კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატის იუკი ამაკოს თქმით, იგი ფინალურ ეტაპზე გადასვლას ელოდა, თუმცა გამარჯვება მისთვის მაინც მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა: „იცით, ფინალურ რაუნდში რომ მოვხვდებოდი დარწმუნებული ვიყავი, თუმცა, ამავე დროს გავიმარჯვე და ძალიან მიხარია. თბილისი ძალიან მომწონს, ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელმაც თავი ძალიან კარგად დამამახსოვრა და ვიმედოვნებ მომავალშიც გეწვევით.“

პიანისტ-კონცერტმაისტერის და მუსიკის ექსპერტის მარინა ლობჟანიძეს თქმით, კონკურსზე ჟიურის შეფასება ობიექტური და სამართლიანი იყო, მათ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ეთანხმება და დადებითად აფასებს კონკურსანტების გამოსვლას: 

„ეს კონკურსი საკმაოდ რთული პერიოდი იყო თვითონ პიანისტებისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ორ წელიწად ნახევარი ჩაკეტილები სახლში მეცადინეობდნენ, მაგრამ საჯარო გამოსვლა და ფიზიკურ-ემოციური სტრესი, როდესაც სცენაზე ხარ და თან ჟიური გაფასებს, ბუნებრივია, რთულია. მიხარია, რომ განსხვავებული ქვეყნის მონაწილეებისაგან დაკომპლექტებული კონკურსანტები იყვნენ წელს. ვისურვებდი, რომ თბილისის კონკურსის ლაურეატებს თავისი სიტყვა ეთქვათ საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში“. 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა: 

„დიდი პატივია ვიყო აქ, თბილისის მერიის წარმომადგენელთან ერთად, როგორც თანადამფუძნებელი ამ კონკურსის და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ვინც ტრადიციულად მხარს უჭერს მუსიკას, ქართულ კულტურას და ზოგადად სახელოვნებო განათლებას. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია დახურვის ცერემონიალზე ყოფნა, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩვენს სამინისტროში ხუთი უნივერსიტეტი მოქმედებს და მათ შორის გახლავთ კონსერვატორია. რეფორმები ზოგადად, მხოლოდ კანონების გაუმჯობესებას არ გულისხმობს, ეს გულისხმობს ასევე მოსწავლეების და სტუდენტების ხელშეწყობას, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ინსტრუმენტები, ჰქონდეთ პრივილეგია, რომ ასეთი დონის საერთაშორისო სტუმრები იყვნენ ჟიურის სახით წარმოდგენილნი. ჩვენ ოთხ წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ „სტეინვეისთან“, რომლის ჯამური ღირებულება არის 22 მილიონი ლარი. ეს კონტრაქტი ხელმოწერილია და პირველი ცხრა როიალი, სულ რამდენიმე დღის წინ კონსერვატორიაში, უკვე შემოვიდა. 2025 წლის ჩათვლით კონსერვატორია ჯამში სამოცდათვრამეტ ასეთ როიალს მიიღებს. 

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სასწავლებლების ინსტრუმენტებით მომარაგებას, მინდა გითხრათ, რომ სამინისტრო უნდა იყოს თქვენთვის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც სწორი გამოყენება სჭირდება, იმისათვის, რომ მთავარი, ჩვენს უნივერსიტეტში და სასწავლებელში იყოს მოსწავლე, სტუდენტი, ასევე პროფესურა დაფასებული და ხელშეწყობილი.” 

პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი , კონსერვატორიის დიდი დარბაზი

წელს, დახურვა 11 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. საღამო დაჯილდოებით დაიწყო, სადაც კონკურსზე დაწესებული სპეციალური პრემიები გაიცა: „შოპენის ეტიუდის საუკეთესო შესრულებისთვის“, „სპეციალური პრემია სკარლეტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის“, „საუკეთესო არტისტიზმისთვის“, „საუკეთესო ნახევარფინალის შესრულებისთვის“ და მრავალი სხვა. 

შემაჯამებელი საღამოს ფარგლებში კონკურსანტები დაჯილდოვდნენ, ღონისძიების მეორე განყოფილება კი, ლაურეატი კონკურსანტების კონცერტს დაეთმო, რომლებმაც ჟიურის მიერ შერჩეული სპეციალური პროგრამა შეასრულეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლებს დუა ლიპა მხარს უჭრს

შემდეგი სტატია

ჯარედ ლეტო კარლ ლაგერფილდის როლს შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ლიანა ფაილოძე-ჰარონმა ქართული ნაწარმოებების ალბომი გამოსცა

ალბომი სახელწოდებით „ქართლი: საქართველოს ისტორიები” ქართველი კომპოზიტორების 12 ნაწარმოებს აერთიანებს.
მეტი

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი

ნახეთ Billboard საქართველოს მიერ გადაღებული ვიდეოკლიპი ლეო დელიბის ცნობილ კომპოზიციაზე „ყვავილების დუეტი”

კომპოზიციას, ოპერიდან „ლაკმე”, სოფია მჭედლიშვილი და ირინა შერაზადიშვილი ასრულებენ. მომღერლებს აკომპანემენტს ნათია აზარაშვილი უწევს.
მეტი