დისნეიმ „პატარა ქალთევზას” ახალი ვერსიიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა. პოსტერი მთავარი როლის შემსრულებელმა ჰოლი ბეილიმ საკუთარ ტვიტერზე დადო და დაწერა: „სიტყვებით ვერ აღვწერ, რამხელა პატივია ჩემი ოცნების ქალთევზას როლის თამაში. ჩამოდით ზღვის ქვეშ ჩემთან ერთად 26 მაისიდან.”
Words can’t describe how immensely honored I feel to play the mermaid of my dreams, Ariel in Disney’s The Little Mermaid. Come under the sea with me, in theaters May 26, 2023 🧜🏽♀️ pic.twitter.com/EEkxvLpt7q
— Halle (@HalleBailey) October 13, 2022
მსახიობი არიელის როლზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ დამტკიცდა. „ძალიან დიდი ძებნის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ჰოლი ფლობდა ყველა იმ თვისებათა კომბინაციას, რომელიც საჭიროა ამ საკულტო როლის შესასრულებლად. ეს არის მისი სულიერი სამყარო, გული, ახალგაზრდობა, უმწიკვლობა, გონიერება და შესანიშნავი სასიმღერო ხმა”, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა რობ მარშალმა.
ერთი თვის წინ ბეილიმ საკუთარ იუთუბ გვერდზე გულშემატკივრებს თავისი ემოციები გაუზიარა. მან კომენტარი გააკეთა ვიდეოებზე, სადაც შავკანიანი გოგოები უყურებენ ქალთევზას, რომელიც მათ ჰგავს. „საოცარი გრძნობაა ამ ბავშვების რეაქციების ნახვა. მე უბრალოდ ვტიროდი ყველა იმ ვიდეოზე, რომელსაც თქვენ მიგზავნიდით. ეს გადაჭარბებული ემოციებია. ბედნიერებით და მადლიერებით ვარ აღსავსე.”
ფილმში პრინცი ერიკის როლს მსახიობი ჯონა ჰაუერ-კინგი შეასრულებს. ბოროტ გმირ ურსულას კი მელისა მაკარტი განასახიერებს.