მადამ ტიუსო ამ ეტაპზე ბოლო ბრენდია, რომელიც კანიე უესტთან ურთიერთობას წყვეტს, მისი ანტისემიტური კომენტარების გამო. ცვილის მუზეუმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რეპერის ფიგურის დარბაზიდან მოხსნას და საწყობში გადატანას აპირებდა.
„კანიეს ფიგურამ გამოფენიდან არქივში გადაინაცვლა. ჩვენთან ყველა ფიგურას თავისი ადგილი აქვს და მუდმივად ვუსმენთ ჩვენს სტუმრებსა და საზოგადოებას, თუ ვისი ნახვა სურთ აქ”, – განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ანტისემიტური კომენტარების გამო, რეპერთან თანამშრომლობა გაწყვიტეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან ადიდასი, ბალენსიაგა, გეფი და სხვა. ყველაზე დიდი ფინანსური დარტყმა უესტს ადიდასთან ურთიერთობის შეწყვეტამ მიაყენა, რომლის შედეგადაც მისი ქონება 400 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შედეგად, რეპერი ფორბსის მილიარდერთა სიაში აღარ ირიცხება.