14 ნოემბერს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მსმენელის წინაშე ბრაზილიელი გიტარისტი იამანდუ კოსტა და ფრანგი აკორდეონისტი ვინსენტ პეირანი წარდგნენ. კონცერტი სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი-რიტმი 2022-ის” ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალის დასკვნით საღამოზე, იამანდუ კოსტამ გიტარით და ვინსენტ პეირანიმ აკორდეონით საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს.
იამანდუმ ბრაზილიური გიტარის მუსიკა გააცოცხლა. მისი რეპერტუარი ისეთ მიმდინარეობებს მოიცავს, როგორიცაა ქორინიო, ბოსა-ნოვა, მილონგა, ტანგო, სამბა და ჩამამე, იამანდუ კოსტა საუკეთესო ინსტრუმენტული ალბომისთვის 2021 წლის ლათინური გრემის გამარჯვებულია. იგი მსოფლიოში სიმფონიური ორკესტრების გამორჩეულ სოლისტად ითვლება.
,,გამარჯობა, თბილისო” – ასე მიესალმა ორი მუსიკოსი ,ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში შეკრებილ სტუმრებს.
,,ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. Ბედნიერი ვარ. ვინსენტ პეირანთან კონცერტი კი იყო საქართველოში ბრაზილიისა და საფრანგეთის შეხვედრა. მომწონს აქაური ადამიანები, სამზარეულო, ყველაფერი და ვიმედოვნებ, მალე ისევ დავბრუნდები. ამ კონცერტზე შესრულებული მუსიკა ჩვენი კომპოზიციები იყო. მათ ბრაზილიური და ლათინურ ამერიკული კლასიკური ნაწარმოებები მოჰყვა. ჯერ ბევრი რამ არ ვიცი საქართველოზე, მაგრამ ერთხელ მოვუსმინე პოლიფონიურ სიმღერებს და იმედია, შემდეგში რომ დავბრუნდები, მეტი დრო მექნება, რათა მეტი და მეტი გავიგო ამ მუსიკაზე.”- იამანდუ კოსტა, გიტარა, (ბრაზილია).
ფრანგ აკორდეონისტ ვინსენტ პეირანის გამორჩეული შემოქმედებითი უნარი და ხელოვნებისადმი მიდგომა მსმენელს აოცებს. მოსულმა სტუმრებმა მუსიკოსების საავტორო კომპოზიციებთან ერთად ქავერებიც მოისმინეს.
,,ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას ვგრძნობ, როდესაც იამანდუსთან ერთად მიწევს კომპოზიციების შესრულება. Პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დუეტი სპეციფიურია. ეს კონცერტი ჩვენთვის იმიტომაც იყო განსაკუთრებული, რომ პირველად ვიყავით საქართველოში. Მართალია, ეს პატარა მოგზაურობაა, სამწუხაროდ დიდი ხნით ვერ ვრჩებით, მაგრამ Შესანიშნავი დრო გავატარეთ. Საოცარია ქართველი ხალხი, ვგულისხმობ იმას, რომ ვგრძნობდით ამ ადამიანების ემოციებს, კარგი ენერგია, პოზიტიური შეგრძნებები შემსრულებლების მიმართ. ეს ემოცია ძალიან ეხმარება შემსრულებელს. Მუსიკა, რომელიც შევასრულეთ, ჩვენი ნამუშევრების კომბინაცია იყო, ინსპირირებული ბრაზილიური ფოლკის, ჯაზის, ბევრი სხვადასხვა იდეის. იყო რამდენიმე ქავერი ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან, ეს ჯგუფიც ფრანგი და ბრაზილიელი მეგობრებისგან შედგება და აქედან გამომდინარე ვცდილობთ ასეთი მიქსების გაკეთებას.” – ვინსენტ პეირანი, აკორდეონი, (საფრანგეთი).
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2017 წელს ჩატარდა. წელს ფესტივალი ორ ივლისს ლეგენდარული გიტარისტის, ბირელი ლაგრენის კონცერტით უნდა დახურულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო საღამო ვერ შედგა.
,,მუსიკოსების ძიების პროცესში როცა ვიყავი, გადავაწყდი რიჩარდ გალიანოს, შვედ არტისტს. სწორედ მასთან მოვისმინე ეს ჰანგები, რომელიც იამანდუ კოსტას გიტარაზე დაკვრის დროს გამოდიოდა. მასთან კონტაქტზე გასვლა გამიჭირდა და ფრანგი კოლეგა დამეხმარა. იამანდუ კოსტას 2022 წლის კალენდარში მხოლოდ 14 ნოემბერი იყო თავისუფალი. ჩემი ფრანგი კოლეგის რეკომენდაცია იყო, ასევე, ძალიან საინტერესო აკორდეონისტი – ვინსენტ პეირანი. ტანდემი შედგა და ამ ტანდემით ,,თბილისი-რიტმი 2022” დაიხურა. მუსიკოსების შემოქმედებამ აღაფრთოვანა დარბაზი და პირიქით, დარბაზით აღფრთოვანდნენ მუსიკოსები. განსაკუთრებული მსმენელი იყო, ეს იყო ნამდვილი შეხვედრა მუსიკოსებსა და მსმენელს შორის.“– ანი ლაღიძე, ფესტივალ „თბილისი-რიტმის“ დამფუძნებელი.