Adidas-ის განცხადებით, კომპანია შიდა გამოძიებას აწარმოებს მას შემდეგ, რაც კანიე უესთი არასათანადო სამუშაო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს. საუბარია პერიოდზე, როცა კანიე, რომლის ამჟამინდელი სასცენო სახელია YE, Adidas-თან ერთად თავისი ბრენდის, Yeezy-ის ხაზზე მუშაობდა. უესთის ქმედებების შესახებ ინფორმაცია რეპერის ყოფილმა თანამშრომლებმა ანონიმური წერილის მეშვეობით გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ სპორტული ტანისამოსის და ფეხსაცმელების მწარმოებელი გერმანული კომპანია შექმნილ გარემოებებზე თვალს ხუჭავდა.
ერთი თვის წინ, Adidas-მა YE-სთან თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტა. საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი, უესთის მიერ გავრცელებული არაეთიკური და ანტისემიტური განცხადებები იყო. ამის გამო, Adidas-ის მსგავსად, რეპერთან პროექტების გაგრძელებაზე არაერთმა ბრენდმა თქვა უარი. შედეგად კანიე უესთმა 250 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა. YE ასევე დაბლოკა ტვიტერმა და ინსტაგრამმა, თუმცა ტვიტერის ანგარიში სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა უესთს კვლავ აღუდგინა.
22 ნოემბერს, Rolling Stone-მა Adidas-ის თანამშრომლებთან კანიე უესთის დამოკიდებულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაში იყო მითითებული, ჟურნალის წარმომადგენლები Adidas-ისა და Yeezy-ის ოცზე მეტ დასაქმებულს გაესაუბრნენ. Rolling Stone-მა ასევე მიიღო Yeezy-ის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის წერილი, რომელიც მათ კომპანია Adidas-ს გაუგზავნეს. წერილის მიხედვით, Ye-მ ტოქსიკური სამუშაო გარემო შექმნა. ის თანამშრომლებს, სამუშაო შეხვედრების დროს, სექსუალური კონტექსტის ფოტოებსა და ვიდეოებს აჩვენებდა, გამოთქვამდა შეუფერებელ კომენტარებს და აბულინგებდა თანაგუნდელებს. წერილში გამოთქმული ბრალდებების მიხედვით, Adidas-მა შექმნილი გარემოებების შესახებ იცოდა, თუმცა თანამშრომლები არ დაიცვა.
„ჯერჯერობით უცნობია, ანონიმურ წერილში დასახელებული ბრალდებები მართალია, თუ – არა. მიუხედავად ამისა, ამ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და გადავწყვიტეთ, გამოძიება დავიწყოთ“ – განაცხადა Adidas-ის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კლაუდია ლენმა.
Adidas-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კანიე უესთთან თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. კლაუდია ლენის თქმით, Adidas გმობს და ემიჯნება სიძულვილის ენას და არაეთიკურ ქმედებებს.
რაც შეეხება კანიე უესთის პოზიციას, მის ოფიციალურ წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.