რომელი ქართული კომპოზიციები დავამატოთ 2023 წლის „ფლეილისტში”?

გია ხადურის რეკომენდაციები

ახალი წელი სხვა ყველაფერთან ერთად „ფლეილისთის” განახლების საუკეთესო დროც არის. ბილბორდი გთავაზობთ გია ხადურის რეკომენდაციებს, თუ რომელი ახალი კომპოზიციები შემატოთ თქვენი საყვარელი სიმღერების სიას ქართველი მუსიკოსების შემოქმედებიდან.

გია ხადური – მუსიკის ჟურნალისტი:

მე, როცა ჩემთვის ვარჩევ ხოლმე მუსიკას, უფრო ის არტისტები მაინტერესებს, რომლებიც იმ ეტაპისთვის ნაკლებად არიან ცნობილი. ასე რომ, სია, რომელსაც მე შემოგთავაზებთ, უმეტესად სწორედ აქამდე უცნობი ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებისგან შედგება. და კიდევ, აქცენტს ალბომებზე გავაკეთებ. ერთი ტრეკის „გარტყმა” არაფერია, მაგრამ, აი, როცა უკვე სრულფორმატიან ალბომს წერ, ეს ცოტა რთულია.

ვახტანგ ქანთარია – ალბომი Live in Sokhumi III

მე მგონი, ჩემს სიაში ერთადერთია, ვინც, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ცნობილი გახდა. ეს არის ვახტანგ ქანთარია ანუ VAQO, რომელიც რაღაც მომენტში უნიკალური პერსონაჟია. ერთი შეხედვით, უკრავს ძალიან ამერიკულ მუსიკას, მაგრამ დაფორმატებული აქვს ძალიან ქართულად. პლუს, არის ძალიან “Freak out”, ცოტა აუტსაიდერი, ცოტა ექსცენტრიკული და ეს ყველაფერი უხდება. Მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქართული ისტერიკა ამერიკულ მუსიკაში. დღეს საქართველოში ვერავინ აკეთებს იმას, რასაც VAQO. სამი ალბომი დადო 2022-ში და მე ავარჩიე ბოლო – Live in Sokhumi III. კონკრეტულ ტრეკს გირჩევდით  „სახანძრო ბრიგადას”, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. ყველაზე ეფექტურია და კარგად წარადგენს არტისტს. 

David Crowალბომი Endless City

როგორც ვიცი, ეს მისი სადებიუტო ალბომია და დებიუტის პირობაზე ძალიან საინტერესოა. ინსტრუმენტული ალბომია და არის ელექტრონიკა, ემბიენტი, ტრანსი, ჰაუსი. 6 ტრეკია და ყველას განსხვავებული „ვაიბი” მოაქვს. Მე მომეწონა პირველი ტრეკი – Space Love და გეტყვით რატომ. არის ასეთი სიმღერა – ჩემი ყველა დროის ფავორიტი – Goodbye Horses. მოსმენილი გექნებათ  ფილმში „კრავთა დუმილი”, სადაც საუნდტრეკად გამოიყენეს. აი, სწორედ ამ სიმღერას მაგონებს. მე არ ვიცი, მას მოსმენილი აქვს და ის არეკლა თუ არა. თუ მოსმენილი აქვს და სტილიზაცია გაუკეთა, ძალიან კარგი. თუ არ აქვს მოსმენილი და თვითონ შექმნა, მაშინ მით უკეთესი.

Anna Maria Doferrano – ალბომი Loud Silence

Anna Maria Doferrano ძალიან მაგარი არტისტია. ალბომიც ძალიან კარგია. Ჩანს, რომ მელოდია შეუძლია, ტრეკის აწყობაც შეუძლია, არანჟირებაც. Ჩანაწერები არის Lofi – ანუ სახლის პირობებში ჩაწერილი. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვოკალი სხვა ოთახშია ჩაწერილი და ექოდ მოდის იმ ოთახში, სადაც ინსტრუმენტალი უკრავს და ეს რაღაცნაირად მოქმედებს. გამართლებულია. გირჩევდით კომპოზიციას I Don’t Want To Explain Any More, თუმცა მთელი ალბომი სტაბილურია და კარგია. 

Faeywaალბომი BLOODLUST

ძალიან უცნაური პერსონაა – მყისვე დამაინტრიგა. მიიჩნევა, რომ იგი Ჰიპ-ჰოპ არტისტია, მაგრამ არანაირი ჰიპ-ჰოპი ეს არ არის. Ბლექ მეტალში გადადის, ჰარდკორ პანკში გადადის, ძალიან უცნაურია, თავდაყირა აქვს ყველაფერი დაყენებული. Მე ვიტყოდი, ეს თუ ჰიპ-ჰოპ არტისტია, მაშინ ეს ის არტისტია, რომელიც მტრის ზურგში წავიდა და იქ რაღაცებს იქექება და აკეთებს. და ამას აკეთებს ძალიან „საკაიფოდ”. ალბომს ჰქვია BLOODLUST – საერთოდ მეტალის სახელწოდებაა. ჩემი აზრით, მას დიდი პერსპექტივა აქვს. გირჩევთ ტრეკს Solveetcoagula.

„ბანძი სიმღერები” (Სანდრო თავართქილაძე)ალბომი Triangulove

Სანდროზე ამბობენ, რომ ადრე ელექტრონულ მუსიკას აკეთებდა, მაგრამ ბოლო 2 წელია აუტსაიდერულ ჟანრში გადავიდა. მოკლე სიმღერებს წერს. ეს სიმღერები არის ძალიან მარგინალური, აი, Რომ ყანყალებს, თითქოს სტრუქტურა არ აქვს და დეკონსტრუირებული, დეფორმირებულია ყველაფერი. მაგრამ არის ძალიან საინტერესო. ადრე ასეთი რაღაცები არ გვხვდებოდა, რადგან ადრე ჩვენს მუსიკოსებს შიში ჰქონდათ, რომ დახვეწილად გამოჩენილიყვნენ, ყველაფერი გამართული ყოფილიყო. ყველაფერ ამის საპირისპიროს აკეთებს ბოლო 2-3 წელიწადია რამდენიმე პერსონაჟი და ერთ-ერთია სწორედ სანდრო თავართქილაძე. „ბანძი სიმღერები” ჰქვია პროექტს, რომლის ქვეშაც ორი ალბომი გამოუშვა. Მე მეტად მომწონს Triangulove, რომელიც უფრო სასიმღეროა. ასეთი ალბომი სადღაც ამერიკაში რომ გამოვიდეს, ეს არ გამიკვირდება, მაგრამ აქ ამას ყველას გაურბის. Სანდროს კი, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ადარდებს. კომპოზიცია „გელოდები” – ძალიან მაგარია.

გერჩიალბომი „იარები”

გერჩი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალტერნატიული როკ-ბენდია, რომელიც დღეს საქართველოში მოღვაწეობს. მათ აქვთ ყველაფერი – დრაივი, ენერგეტიკა, უწმაწურობა, შეტევა, მაქსიმალური ნონკონფორმიზმი. პირველად ქავერი დადეს და მაშინ მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული ხალხია. 90-იან წლებში იყო ასეთი ბენდი „კონტრაბანდა” – რადიკალური ჰარდკორ პანკ-ბენდი. Მათ ჰქონდათ სიმღერა „მოკვდა, მოკვდა” და ეს გადაამღერეს ისე, რომ ორიგინალს არ ჩამოუვარდება. 2022 წელს კი ჩაწერეს ალბომი „იარები”. ძალიან მაგარი ალბომია, განსხვავებულია – ხან პოსტ-პანკში გადადის, ოღონდ ძველ ამერიკულში, ხან ჰარდკორია, ხან სუფთა პანკია, მაგრამ პათოსი აქვთ ძალიან მძაფრი. ყველაზე მეტად მომეწონა კომპოზიცია „ვერ გიტან”. 

ანრი ხაჩიური – ალბომი Eternity 

ანრი ხაჩიური უნიკალური პერსონაჟია. ის უკვე კომპოზიტორია. Მის ნამუშევრებში აკომპანემენტი სადღაც სხვაგან მიდის, ვოკალი – სულ სხვაგან. ხან ერთია ჩავარდნილი, ხან – მეორე. საერთოდ ამოვარდნილია, დეტონაციებია, ატონალობებია, დისონანსებია. თითქოს, ვერ მღერის, თითქოს, ვერ უკრავს, მაგრამ ერთიანობაში ეს არის ძალიან მაგარი რაღაც – საოცრად ეფექტური. Როცა აწყობილმა, გასუფთავებულმა და გალამაზებულმა მუსიკამ უკვე მოყირჭა თავისი თავი, შენ ეძებ მუსიკას, რომელშიც უკანა შესასვლელიდან შედიხარ. ასეთი რაღაცები საქართველოში არასდროს იკვეთებოდა. ანრი ხაჩიური რასაც აკეთებს ამ ალბომში, ეს არის ავანგარდი. ამ კაცმა იცის, რას აკეთებს და რატომ აკეთებს. Რამდენადაც აბსურდულ ყოფაში ცხოვრობს, იმდენად აბსურდულ მუსიკას ქმნის და ეს უკვე გამართლებულია. კონტექსტი ბევრ რამეს ამართლებს. ყველა კარგი ტრეკია, მაგრამ მე ავირჩიე Midnight.

SKAZZალბომი Memorial

იმდენად ძლიერი ალბომია, რომ თანამედროვე ქართული როკ-მუსიკის შედევრია. ეს არის პოსტ-პანკი, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. თუმცა მასში ნაკლებია ელეგია და მელანქოლია. უფრო აგრესიულია, დრაივი მოდის, მეტია პათოსი, ნონკონფორმიზმი, პირდაპირობა. თანაც, ამ ალბომის შემთხვევაში ხვდები, რომ ეს პოსტ-პანკიც პირობითია. აი, იწყება პოსტ-პანკით, მაგრამ ვოკალი შემოდის თუ არა, საერთოდ იკარგება, გამოდის ამ ჟანრის მარწუხებიდან – და პოსტ-პანკს საკმაოდ ცუდი მარწუხები აქვს საქართველოში. ესე იგი, პოსტ-პანკია, ოღონდ პოსტ-პანკის საზღვრებს მიღმა. ყველა ტრეკი კარგია – „ამ ანარქიას”, „სიტკბო” – ძალიან მაგარია. 

RIHA ალბომი Glance Into My Visions

საკმაოდ გრძელი და მულტიჟანრული ალბომია. ტრეკების უმრავლესობაში მოწვეული ჰყავს სხვა მუსიკოსები, რომლებიც სულ სხვადასხვა ჟანრის არიან. თვითონ RIHA (რატი ონიანი) ბასისტია. ძალიან უცნაური მუსიკა აქვს, განსხვავებული. ალბომში ყველაფერს შეხვდები – მძიმესაც, სიმებიანი ინსტრუმენტებით შესულ პოპმუსიკასაც, ფოლკსაც, ნიუ-იორკულ ავანგარდსაც. მუსიკალურად ძალიან მაგარი და განსხვავებულია და, ჩემი აზრით, 2022 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია. ჩემი ფავორიტი ტრეკი ამ ალბომში გახდა Amber Sand Mystery.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორტნი ლავი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2019 წლის 6 თებერვალი. - ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

კორტნი ლავის თქმით, ბრედ პიტმა ის გაწირა

შემდეგი სტატია

პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი