„… მინდა, განთავისუფლდე იმ კლიშეებისგან, რომლებიც კლასიკური მუსიკის კონცერტის მოსმენის პროცესს დაუკავშირდა…”
„… როდესაც მოგინდება, გადი… როდესაც მოგინდება, შემოდი…”
„…ნუ ღელავ იმაზე, რომ რაიმე შეიძლება გამოგრჩეს…”
„… ტაშიც მაშინ დაუკარი, როცა მოგინდება… არავინ განგსჯის, თუ ტაში მრავალნაწილიანი ნაწარმოების რომელიმე ნაწილის შემდეგ შემოჰკარი…”
ეს ტექსტი გიორგი გიგაშვილის კონცერტზე მისულ მსმენელს პატარა ბროშურებზე დახვდა. ახალგაზრდა პიანისტმა აუდიტორიას კლასიკური მუსიკის სრულიად განსხვავებული საღამო შესთავაზა, რომლის მიზანიც ამ ჟანრის მისი თანმდევი კლიშეებისგან განთავისუფლებაა.
გიორგი გიგაშვილი:
„მინდა, რომ საზოგადოებას არ ეგონოს, რომ კლასიკური მუსიკა წარსულში ჩარჩენილი ხელოვნებაა. ის დღესაც ცოცხალი და განვითარებადია და ამავე დროს, რჩება უმაღლეს ხელოვნებად. ერთხელ შვეიცარიაში კონცერტზე ვიყავი და სულ უფროსი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ფაქტმა ძალიან დამამწუხრა, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე ახალგაზრდები არ დადიან. Მერე მივხვდი, რომ თვითონ არტისტებიც არ ცდილობენ, ეს ყველაფერი გააცოცხლონ და პრობლემაც აქედან მოდის. Მე მინდა, საქართველოში დაინერგოს, რომ ყველა კონცერტი რაღაცით საინტერესო და გამორჩეული იყოს. დღეს Ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დარბაზში და ეს ძალიან მიხარია. მსმენელმა თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი და არაფერში შეიზღუდოს. Აი, ვიღაც რომ დაახველებს ხოლმე დაკვრის დროს და ყველა რომ გახედავს… ასეთი კლიშეებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. Ძალიან თავისუფლად უნდა იყო დარბაზში. შეუძლიათ გავიდნენ, შემოვიდნენ. მთავარია, ხელი არ შეუშალონ არტისტს, როცა უკრავს, დანარჩენი ყველაფრის უფლება აქვს მაყურებელს.”
კონცერტი განსხვავებული იყო ფორმატითაც – ის სამ სესიად ჩატარდა. პიანისტმა საკონცერტო პროგრამა რვა საათის განმავლობაში სამჯერ შეასრულა. სესიებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
„ეს სამი სესია ჩემი გამოცდაცაა არა მხოლოდ იმით, რომ ტექნიკურად და აზრობრივად სრულყოფილად დავუკრა, არამედ ფიზიკური გამძლეობაც რომ მქონდეს. ეს ერთგვარი რისკი და პერფორმანსია. მე არ მიყვარს კონცერტები, სადაც არაფერი საინტერესო არ ხდება. პროგრამას რაც შეეხება, ვუკრავ ბახის მეექვსე პარტიტას, შუმანის საფორტეპიანო სონატას, სკრიაბინის ვალსსა და მეცხრე საფორტეპიანო სონატას და მესიანის „ყრმა იესოს ამბორს”. ეს ნაწარმოებები ეპოქების მიხედვით მოდის და იმის გამო, რომ შუაში არანაირი პაუზა და შესვენება არ მაქვს, იგრძნობა, რომ ეს მუსიკა არის დროის მიღმა. არ აქვს მნიშვნელობა, როდისაა დაწერილი, ის დროს უძლებს. შესაბამისად, მინდა, რომ ამ კონცერტით დავანგრიო სამწუხაროდ უკვე დამკვიდრებული აზრი – „რა დროს კლასიკური მუსიკაა”.