12 მარტს ლოს ანჯელესში მდებარე Dolby Theatre-ში კინოინდუსტრიის ყველაზე დიდი მოვლენა – ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, 2023 წლის „ოსკარის“ ცერემონიის ტრანსლაციამ გასულ წელთან შედარებით უფრო დიდი აუდიტორია მიიზიდა.
ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოება ABC-ის ეთერში გადაიცემოდა და ის 18.7 მილიონმა მაყურებელმა ნახა. ამ მონაცემების მიხედვით, აუდიტორიის რიცხვი 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, „ოსკარის“ ცერემონიის სატელევიზიო რეიტინგი გასული წლების ზოგადი მაჩვენებლის გათვალისწინებით მაინც დაბალია.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების პარალელურად, HBO-სა და HBO Max-ზე ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული სერიალის, The Last of Us-ის სეზონის ფინალური სერია გავიდა. შოუს მაყურებელთა რიცხვმა 8,2 მილიონს მიაღწია. სერიალი შეერთებული შტატების დროით საღამოს 9 საათზე, „ოსკარის“ ცერემონიის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყო.
ამერიკის კინოაკადემიის მიმართ გაჟღერებული ბოლოდროინდელი კრიტიკა ძირითადად „ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტთა სიას შეეხება. უფრო კონკრეტულად კი იმ ფაქტს, რომ კინოაკადემია ყურადღებას იმ ფილმებს უთმობს, რომლებსაც მაყურებლის დიდი აუდიტორიისაგან ნაკლები გამოხმაურება აქვს. Წლევანდელი დაჯილდოების შემთხვევაში რეალობა სხვაგვარი იყო – 2022 წლის ყველაზე დიდი ბლოკბასტერები, Top: Gun Maverick და Avatar: The Way of Water საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყვნენ წარდგენილი. მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის კატეგორიაში კი ნომინირებული იყო ანჯელა ბასეტი, რომელიც კინოაკადემიამ Marvel-ის ფილმში მონაწილეობისათვის წარადგინა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული ნამუშევარი Everything Everywhere All At Once ასევე მაღალბიუჯეტიანი კინოსურათია, რომელიც პრემიერის შემდეგ, თვეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში გადიოდა.
მრავალი წლის განმავლობაში „ოსკარის“ ცერემონია რიგით მეორე ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო პროგრამის სტატუსს ინარჩუნებდა. ის ამ რეიტინგით მხოლოდ Super Bowl-ს ჩამოუვარდებოდა. 2018 წლამდე, ოსკარის დაჯილდოების მაყურებელთა რიცხვი 30 მილიონზე ნაკლები არასდროს ყოფილა. ცერემონიის ეთერი მაყურებლის რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა 1998 წელს, როდესაც ნომინაციების ლიდერი Titanic იყო. ამ წელს დაჯილდოების სატელევიზიო აუდიტორიის რიცხვმა 55 მილიონს მიაღწია.
2014 წელს ცერემონიის სატელევიზიო ეთერი 43,7 მილიონმა მაყურებელმა ნახა. 2018 წელს ეს რიცხვი უკვე 26,5 მილიონამდე დაეცა, 2019 წელს 29,6 მილიონი იყო, 2020 წელს კი – 23.6 მილიონი. 2021 წელს პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიამ ფორმატი შეიცვალა და ეს გარემოება მაყურებელთა რაოდენობაზეც აისახა. სატელევიზიო აუდიტორიის რაოდენობამ მხოლოდ 9,85 მილიონს მიაღწია. 2022 წელს, მიუხედავად მასშტაბების დაბრუნებისა, „ოსკარის“ დაჯილდოებას 16,6 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
2023 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე ორგანიზატორებმა წამყვანად ჯიმი კიმელი წარადგინეს, რომელიც დაჯილდოებას 2017 და 2018 წლებშიც უძღვებოდა. ცერემონიის მსვლელობისას ასევე ვიხილეთ შოუს ელემენტები – რიანას და ლედი გაგას მუსიკალური ნომრები.
სატელევიზიო ეთერის რეიტინგი ბოლო წლებში საგრძნობლად დაეცა, რაც სტრიმინგ სერვისების ეპოქის თანმდევი მოვლენაა. Სოციალურ ქსელებში დაჯილდოების ინტერაქციის მაჩვენებელმა 27.4 მილიონს მიაღწია და Twitter-ზე ყველაზე ტრენდული თემა იყო.
„ოსკარის“ ცერემონიის მეორე დღეს, კი ჰუი ქუანის სიტყვას YouTube-ზე უკვე 1.3 მილიონი ნახვა ჰქონდა, ხოლო ბრენდან ფრეიზერის გამოსვლას 2.6 მილიონი.