„დედაენაში“ 8 აპრილს საქსოფონისტის და კომპოზიტორის ხონძის და ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ კონცერტი გაიმართა, სადაც მუსიკოსმა ბენდთან ერთად საავტორო კომპოზიციები შეასრულა.
ბენდის შემადგენლობაში არიან: ხონძი (საქსოფონი), ზაზა ცერცვაძე (დრამი), ლევან დეისაძე (ბასი), ლაშა დეისაძე (გიტარა) და პაპუნა შარიქაძე (კლავიში). ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ სეტის დასრულების შემდეგ კი საღამო ჯგუფმა „დედაენის ბიჭებმა“ გააგრძელეს.
ხონძი
„ჯგუფს დავარქვით „კვინტური ფიზიკა“ შემადგენლობაში არიან: ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ლაშა ცერცვაძე, პაპუნა შარიქაძე და მე. დღეს ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს მერე უკრავენ „დედაენის ბიჭები“ და ჩვენი სეტის დროს ისინი იქნებიან სტუმრები და მათი სეტის დროს ჩვენი ვიქნებით სტუმრები.
დღევანდელ კონცერტზე წარმოგიდგენთ ძირითადად ნაწარმოებებს ჩემი მომავალი ალბომიდან „ფერხულები“. ეს ნაწარმოებები რომ ვიპოვე, სიტყვა და იდეა ფერხულის ასოციაცია გამიჩნდა და ამ სახელწოდებაზე შევჯერდი. მუშაობის პროცესში უფრო და უფრო გამოიკვეთა „ფერხულების“ მუსიკალური დეტალების ერთმანეთთან მსგავსება. როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ეს სიტყვა, ვპასუხობ, რომ ეს მუსიკალური ჟანრია, რადგან ჩემთვის ეს მართლაც ასეა.
დიდი მადლობა დედაენის ბარის მთელ ჯგუფს, აქ ჩვენ ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობთ, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს განწყობაზე დაკვრის დროს.“
ამ საღამოს გაჟღერებული ეკლექტიკური ესთეტიკის და ორიგინალური მუსიკის ნაზავის ინტენსივობა და მრავალჟღერადობა მსმენელს კიდევ დიდხანს გაჰყვება.