Creams-მა ახალი სიმღერა და ვიდეო-კლიპი Almighty გამოაქვეყნა. მიუხედავად სიმღერის სევდანარევი, მელანქოლიური ჟღერადობისა, ის შინაგან სიძლიერეს, საკუთარ თავში ნეგატიური ფიქრების დაძლევის და დაუმარცხებლობის შესახებ მოგვითხრობს. კლიპის ვიზუალი მინიმალისტური, ლურჯი ფერები და სტატიკური გამოსახულებები, კიდევ უფრო მკვეთრად გადმოსცემს არტისტის შინაგან განწყობას და ემოციას.
Creams
„ამ ტრეკის ჟღერადობა იმდენად არ განსხვავდება ჩემი სხვა ტრეკებისაგან, იმიტომ რომ პირველი ტრეკი, რაც დავდე DIE 4 YOU დაახლოებით იდენტური ჟღერადობა აქვს, ჩემთვის იდეურად, ყველაზე დიდი კომფორტის ზონაც ეს არის. ერთადერთი ექსპერიმენტული რაც არის, ეს არის ბითი ბოლოს, ასეთი რაღაც არ მიცდია აქამდე და ძალიან მომეწონა. ვგრძნობ, ბევრი მუსიკოსის გავლენას და სტილს ამ ბითში, თუმცა მაინც გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა, იმიტომ რომ კარგად ჯდებოდა ამ ყველაფერში.
რაც შეეხება სიმღერას Almighty დავარქვი და კონტრაპუნქტული კლიპი გავაკეთეთ. შეიძლება კლიპში ესე კარგად არ აღიქმება, მაგრამ მიწაზე ვწევარ, გარშემო გამხმარი ყვავილებია, „მეიქაფიც“ ისეთი მაქვს, ლურჯი ტუჩებით, თითქოს გარდაცვლილივით ვარ და ეს რასაც ვმღერი, მისი კონტრაპუნქტული მხარეა, იდეაში ვმღერი იმას, რომ ყოვლისშემძლე ვარ და ჩემი დამარცხება არავის შეუძლია.
ამ სიმღერის პირველი მონახაზი შარშანწინ დავწერე, ახალი ჩამოსული ვიყავი ბერლინში, პანდემიის პერიოდი იყო, ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი, თოვდა, წვიმდა და ალბათ ამიტომაც აქვს ეს მელანქოლიური ნოტა.“
სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი თავად არტისტი, Creams– იგივე ნათია ჭიჭინაძეა, რეჟისორი გიორგი მეშველიანი, დამდგმელი ოპერატორი კი ტატო კოტეტიშვილი.
„რაც შეეხება ვიდეოს, ესე, მუსიკალურ ვიდეოდ ვერ აღვიქვამ და უფრო „ვიზუალაიზერს“ ვეძახი,. მთელი ამბავი ის იყო, რომ არაფრის გადაღებას არ ვაპირებდით, მაგრამ ჩემი ლაივ კონცერტი გადავიღეთ პროფესიონალურად, ცოტა დრო გვქონდა და მოვასწარით, რომ ესეც გადაგვეღო, კლიპის რეჟისორი გიორგი მეშველიანია.“
მოისმინეთ და ნახეთ Creams-ის ახალი სიმღერა Almighty: