MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოება დღეს ეთერში მაინც გავა, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი მაუწყებლობა. მაყურებელი შოუს ჩანაწერს იხილავს ასევე წინასწარ ჩაწერილი სამადლობელი სიტყვებით.
შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა ბრუს გილმერმა განცხადება გაავრცელა: „ჩვენ ძალიან ფრთხილად მივუდექით გადაწყვეტილებას, თუ როგორ შემდგარიყო ჩვენი შოუ, რომლისთვისაც მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ ლაივ შოუზე. თუმცა ეს მაინც მოგვცემს საშუალებას, ჩავატაროთ დასამახსოვრებელი საღამო, რომელსაც მაყურებელი ელოდება და შევქმნათ უამრავი მომენტი, რომელიც გააოცებს და ასიამოვნებს მათ.”
დაჯილდოების 31-ე ცერემონია საკმაოდ მასშტაბურად იგეგმებოდა. ცნობილი იყო, რომ ღონისძიებას დრიუ ბერიმორი წაიყვანდ. კომედიური გენიოსის ჯილდოს კი ჯენიფერ კულიჯი მიიღებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის მწერალთა გილდია გაიფიცა, შოუ ქაოსმა მოიცვა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დრიუ ბერიმორმა დაჯილდოების წაყვანაზე უარი თქვა და სოლიდარობა გამოუცხადა გაფიცულებს, რომელთა შორისაც მისი შოუს სცენარისტებიც არიან. „მე მოვუსმინე მათ და იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო, მათი სოლიდარობის ნიშნად უარს ვამბობ MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების წაყვანაზე,” – განაცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა.
ლაივ შოუმდე სამი დღით ადრე ცნობილი წამყვანის დაკარგვაზე გილმერმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „არ არის გასაკვირი, რომ იგი სცენარისტების გვერდით დადგა, რასაც პატივს ვცემთ. Მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.”
ამის შემდეგ MTV-მ ღონისძიების წითელი ხალიჩაც გააუქმა, რათა სტუმრებისთვის გაფიცვის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა თავიდან აერიდებინა. მაგრამ იმ დროს გეგმაში მაინც ლაივ შოუს გამართვა იყო. თუმცა შემდეგ უკვე ამერიკის მწერალთა გილდიამ განაცხადა, რომ გაფიცულები შოუს პიკეტირებას აპირებდნენ. ეს კი ღონისძიებას დიდ პრობლემას შეუქმნიდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დაჯილდოება წინასწარ ჩაწერილიყო, რაც, სხვათა შორის, შოუს არსებობის განმავლობაში პირველი პრეცედენტი არ არის.
MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოება MTV-ს ეთერში დღეს, კვირას ნიუ-იორკის დროით 8 საათზე დაიწყება.