ნათია თოდუა – მუსიკა როგორც თავშესაფარი

„ერთი სიახლე მინდა ჩვენი მსმენელისთვის გავაჟღერო, რომელიც არავინ იცის. ვმუშაობ ჩემს პირველ საკუთარ წიგნზე, რომელიც ძალიან მინდა მოვასწრო და გამოვუშვა 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს. ეს არის ძალიან გულწრფელი და ემოციური ჩანაწერები აფხაზეთზე. რეალური ისტორია, ერთ ბავშვზე, რომელმაც ოცნებებით დაიწყო და ჯერ კიდევ პროცესში და ბრძოლაშია. მინდა ხმა მივაწვდინო მათ, ვინც იქ არის, რომელთათვისაც ეს პრობლემები არ დასრულებულა და ვისთვისაც ეს ყოველდღიურობა ისევ ისე გრძელდება…“
ნათია თოდუა
ნათია თოდუა

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა წლებია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ერთი წლის წინ მუსიკოსმა  ახალი ბენდი ჩამოაყალიბა და ამჟამად სოლო ტურნეზე მუშაობს.

საქართველოში ფართო აუდიტორიამ ნათია მაშინ გაიცნო, როდესაც 2017 წელს, გერმანიაში  მუსიკალურ კონკურსს Voice-ში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მანამდე, საქართველოში და უკრაინაშიც ბევრ მუსიკალურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული: 2013 წელს მუსიკალური კონკურსი „მაგთიFანი“, 2014 წელს X Factor Georgia, ხოლო 2015 წელს – X-Factor Ukraine. მიუხედავად საკმაოდ რთული ბავშვობისა და იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული მძიმე ემოციური ფონისა, ნათიას არასდროს დაუყრია ფარ-ხმალი. იგი ნათელი მაგალითია იმისა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად როგორ უნდა იბრძოლო, დაისახო გეგმა, გაჰყვე შენს გზას და მიზანს მიაღწიო.

ნათია თოდუა

ნახეთ ვრცლად Billboard საქართველოს ინტერვიუ მუსიკოსს ნათია თოდუასთან.

რთული გზა გამოიარე, ხარ აფხაზეთიდან დევნილი. და ემოციურად თუ ფიზიკურად მძიმე პერიოდი განვლე, იყო თუ არა ბავშვობაში მუსიკა შენი თავშესაფარი ?

„ასეთი კითხვა მგონი არავის დაუსვამს,  ასეთი ემოციური… თავშესაფარი ახსენე. იმდენად სწორად თქვი, მართლა ძალიან ჩამაფიქრა. აბსოლუტურად ასახავს ჩემს განვლილ ცხოვრებას ეს სიტყვა და კავშირს მუსიკასთან. რომ არა მუსიკა ჩემი აზრით ჩემი ცხოვრება დღეს აბსოლუტურად სხვანაირი იქნებოდა. არ ვიცი სად ვიქნებოდი, არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, როგორი ვიქნებოდი. მუსიკამ ძალიან ბევრჯერ ისეთ დროს გადამარჩინა, რომ იფიქრებდი, აი, სასწაული თუ არ მოხდა, როგორ… ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო ალბათ იმისთვის… როცა ემოციური ხარ და შენი გარემო სადაც იზრდები, ასევე ამას ყველაფერს ამძაფრებს. დიდი ძალისხმევა იმისთვის საჭირო, რომ გადალახო ეს ყველაფერი და გადარჩე. მუსიკა ძალიან დამეხმარა, მაგრამ ვფიქრობ, არის მომენტები, როცა მუსიკა კიდევ უფრო მძირავს ემოციურად. რამაც გადამარჩინა ეს იყო მუსიკა, მაგრამ მუსიკა, ასევე ემოციურად ძალიან ღრმად მტოვებს ფიქრებში, ამიტომ ყოველდღიური ბრძოლა მჭირდება, რომ გადავრჩე, მუსიკა ჩემი თავშესაფარია. ძალიან პატარა ვიყავი როცა კონცერტების დაორგანიზება დავიწყე, ბილეთებსაც ვყიდდით, ყველაფრის პასუხისმგებლობას ვიღებდი. შესაფერისი ტანსაცმელი რომ გვცმოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩამწკრივებული სკამები და რიგი არ უნდა შეშლოდა არავის, ბილეთები 50 თეთრი ღირდა და ბოლოს ყველაფერს ძალიან სინდისიერად ვყოფდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მინდოდა, იქ სადაც არაფერი ხდებოდა რაღაც შემექმნა და რადგან ასე თუ ისე სიმღერა შემეძლო სულ კონცერტებს ვაწყობდი. ყველა მიცნობდა გიჟ ნათიად. ფერადს, მოუსვენარს, ოღონდ მაშინ არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ მე მომღერალი უნდა გამოვსულიყავი. ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ კონცერტებს ვმართავდი, რაღაც სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თუმცა ცხადია, ამ ბავშვურმა მდგომარეობამ აქამდე მომიყვანა და ძალიან ბევრ ბრძოლაში გამარჯვებული დამტოვა.“

ადამიანები ვინც პირადად გამოიარეს ომის სიბოროტე, უფრო დიდი თანაგრძნობის გამოხატვა შეუძლიათ იმ ხალხის მიმართ, ვინც მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დროს გასაჭირშია. შენი აზრი მაინტერესებს ამ ამბავთან დაკავშირებით

„რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული მდგომარეობა რომ დაიწყო, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ამბავი ერთ-ორ კვირაში არ დასრულდებოდა,  იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჩვენ ქართველებს ძალიან კარგად გვაქვს. არაერთხელ გვქონია დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩემმა ოჯახმაც საკუთარ თავზე გამოცადა. მე ოჯახის წევრებიც დამეღუპა, სახლი ორჯერ დაგვეწვა, თუმცა რომ შევადარო, ახლა რეალობა რაც არის, ჩვენ სამწუხაროდ არავის შეუფარივართ, ისე როგორც ახლა უკრაინას უდგანან გვერდში. მგონია, რომ ეს რეაქცია პირიქით, ძალიან სწორია ევროპისგან, ყველა ვინც გვერდში დაუდგა, ვინც მიიღო, ის ხალხი შეიფარა. გერმანიაში ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩამოვიდა და დასახლდა და პირობები შეუქმნეს ძალიან კარგი, რათა მაქსიმალურად ის ტრავმა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აერიდებინათ. ჩვენ ქართველები ამ კუთხით ძალიან დავიჩაგრეთ, როგორც 1994-ში ასევე 2008-ში, ჩვენ არ მიგვიღია ისეთი დახმარება, როგორც ეკონომიურად ასევე მორალურად. აქედან გამომდინარე მგონია, რომ უფრო რთულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი. მაგრამ, რა თქმა უნდა ომია, ადამიანები იღუპებიან და ამას ტრაგედია მოჰყვება, რომელსაც ვერანაირი დახმარება ვერ შეამსუბუქებს. უბრალოდ მგონია, რომ მსოფლიო მზად არის იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასასრულს მიუახლოვდეს. ეს ჩვენ დროს ვერ მოხდა. უკრაინამ დაანახა მსოფლიოს პატრიოტიზმი და ის ბრძოლისუნარიანობა, რაც აუცილებლად იმსახურებს პატივისცემას, აღიარებას და ვფიქრობ რომ ქვეყნები, რომელიც გვერდში უდგანან უკრაინას, ასევე საქართველოც, საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოიტანს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება.“

ნათია თოდუა

როდის გადაწყვიტე მუსიკა შენი პროფესია გამხდარიყო?

„ის ფონი რაც საქართველოში იყო, არ მაძლევდა იმის იმედს, რომ მეფიქრა და მუსიკალური მიმართულება ამერჩია ჩემ პროფესიად. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ყოფილიყო არა მთავარი, არამედ დამატებითი საქმიანობა, იმიტომ, რომ ამის მაგალითად მოქმედი, ძალიან ცნობილი მუსიკოსები მყავდა, რომლებსაც სხვა პროფესიით მუშაობა უწევდათ, რომ რეალურად ეცხოვრათ. აქედან გამომდინარე თავს უფლებას არ ვაძლევდი, რომ მუსიკოსობაზე მეფიქრა, როგორც პროფესიაზე. თუმცა, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მინდოდა და იმდენად დიდი სურვილი იყო ჩემში, რომ ამ გრძნობას ვერავინ და ვერაფერი ვერ შემინელებდა, ვერც უნივერსიტეტი, ვერც კარგი საქმიანი შემოთავაზება. უბრალოდ ეს რეალობა ყოველთვის უკან მხევდა. ის ემოციები რაც გაგიჟებს, რატომაც გინდა რომ იყო მომღერალი, ეს არის რომ მსმენელს შენი ემოცია  გაუზიარო  და თუ მსმენელი არის ის, ვისაც კაფეში ან ბარში ფონურ მუსიკას უქმნი, მეც ბევრჯერ გამიკეთებია ეს, არ ვამბობ რომ ეს ცუდია, პირიქით, ძალიან დიდი გამოცდილებაა, მაგრამ ყველა მომღერლის და მუსიკოსის დიდი სურვილია, რომ ემოციები გააზიარონ და ეს თუ ფონური მუსიკის ფონზე ხდება, როგორც ყავა და სასმელი მუშაობს კაფეში, შენც ისე მუშაობ და რა თქმა უნდა, კარგავ ენთუზიაზმს და შენი პროფესიის მოწოდებას და ერთხელაც იტყვი, რომ დავიღალე და მოდი რამე ნორმალურს გავაკეთებ. აი ეს მაშინებდა სულ საქართველოში. როგორც კი წავედი საქართველოდან, ვნახე რომ ქუჩის მუსიკოსებიც კი აბსოლუტურად სერიოზულად ეკიდებოდნენ ქუჩის მუსიკოსობას, პროფესიონალურად უდგებოდნენ ყველა საკითხს, მაშინ რაღაც გარდატეხა მოხდა ჩემს თავში და ვიფიქრე, რომ მუსიკის პოვნა ყველაფერშია შესაძლებელი და ყველაფრით შეიძლება შენი მსმენელი და აუდიტორია გაზარდო. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა შემდეგ იმაში გადაიზარდოს რაზეც ოცნებობ. გერმანიაში გადავწყვიტე მებრძოლა, დამემსხვრია ჩემი ყველა სტერეოტიპი, ჩემი რეალური პროფესია მუსიკოსობა  გამხდარიყო და ყოფილიყო ის, რისიც არ შემეშინდებოდა. გერმანიის „ვოისის“ შემდეგ თითქმის ერთი წელი 22 ქალაქში ჩვენ ტური გვქონდა. სანამ ჩემი გამოსვლა დაიწყებოდა მაცხადებდნენ და ყოველთვის ამბობდნენ, რომ „ნათია თოდუა, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ მუსიკოსობა მისი პროფესია ყოფილიყო და არ შეშინებოდა იმის, რომ ის მომღერალია“ და ყოველთვის მახსოვს ხალხის რეაქცია. ალბათ დარბაზში იქ მყოფი ხალხი ბევრი საკუთარ თავს  ხედავდა, რაღაც მსგავსებას პოულობენ და სიმღერაზე მეტად, აი, ამას გრძნობდნენ, რომ აი, შენ დაიჯერე, რა კარგია და ამ ყველაფერს, როცა ვგრძნობდი, ძალიან დიდ თავდაჯერებას მაძლევდა. „ვოისის“ მერე დაიწყო ის ეტაპი, როცა ვთქვი, რომ ყოჩაღ ნათია რომ შენ ეს ნაბიჯი გადადგი, თურმე ძალიან სწორი ყოფილა, რომ ძალიან ბევრმა ეს დააფასა, ამიტომ მე არ მაქვს უფლება რომ გავჩერდე, ტემპი დავაგდო, რამაც მერე უკვე ძალიან დიდი სითამამე მომცა.“

ძალიან ბევრ მუსიკალურ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, 2013 წელს  „მაგთიფანში”; 2014 წელს  X-Factor Georgia-ში, 2015-ში X-Factor Ukraine, 2017-ში კი The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული გახდით. რა მნიშვნელობა აქვს კონკურსს მუსიკოსისთვის და რა ფაქტორი განაპირობებს არტისტის წარმატებას?

„კონკურსი რეალურად არის შოუ, რომელიც 100%-ით მორგებულია არხზე და გუნდზე, ვინც ამ პროექტს ქმნის. შენ უბრალოდ შემსრულებელი ხარ, კონკურსანტი, რომლის გარეშეც ეს პროექტი ვერ შედგება. მაგრამ ვაღიარებ, იმას: თუ შენ არ გაქვს პირობები, რომ ბავშვობიდან მუსიკაზე გატარონ, ამ მიმართულებით განათლება მიიღო, ვოკალისტთან იარო, იპოვო შენი თავი, რომელიც გასწავლის შენს ჟანრს, შენს თავს გაპოვნინებს, შენს სტილს. იმდენი დეტალია, რომ პროექტი შედგეს, რომ ამას ან ძალიან დიდი განათლებით და გარემო პირობებით აღწევ, რომელსაც ან ბავშვობიდან გიქმნიან, ან თუ ეს ყველაფერი არ გაქვს, ვალდებული ხარ რომ კონკურსებში მონაწილეობას იღებდე, რომელიც მე ახლაც ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ჟიურის წევრიც ვყოფილვარ და ვამბობ, რომ კონკურსი ძალიან კარგია და უნდა იღებდე მონაწილეობას, რეალობა არის ის, რომ კონკურსი არის შოუ და შენ მისი ერთ-ერთი სეზონის ნაწილი ხარ. ცუდი ის არის, რომ კონკურსი გიქმნის იმის ილუზიას, რომ შენ ხარ „სთარი“, და შენ სცენაზე დგახარ და ათასობით მსმენელი გყავს და ეს რეალურად ამ შოუს მსმენელი და მაყურებელია. შენ კიდევ მერე, როგორც კონკურსანტს, გიწევს ეს ყველაფერი შენითვე მოიხვეჭო, რაც ძალიან რთულია. აი, ეს ყველაფერი თუ აკონტროლე და მართე, შეგიძლია კონკურსანტებიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდე. თუ ამისი ძალა და უნარი არ გაქვს, მაშინ ისევ იმ ადგილს უბრუნდები, რაც კონკურსამდე გქონდა. მაგრამ თუ არ გაქვს პირობები რომ ისწავლო, შეადარო, შეაფასო, კონცერტებზე გახვიდე, ნახო ვარსკვლავების გამოსვლები, შეაფასო მათი შოუები, მაშინ, რა უნდა ქნა? ან ეს ერთი გზა გაქვს, ან მეორე. მე აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა, ამიტომ ყველაფერი დავიწყე კონკურსებით. ოთხი კონკურსი გამოვიარე და ბოლოს, თურმე ვიპოვე ჩემი გზაც, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ემოციების, ნერვების და სტრესის ფასად დამიჯდა. ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ კონკურსმა შეიძლება ისე გამოგწვრთნას, რომ შემდეგ ეტაპზე რა დაბრკოლებებიც შეიძლება გამოჩნდეს ამისთვის უკვე მზად იყო.“

ნათია თოდუა

სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდი. რამდენად რთულია იყო მუსიკალურად აქტიური და ამავე დროს იყო დედა. რა სირთულეები ახლავს დედობას  და როგორ უმკლავდები ამ პროცესს?

„სანამ შვილი გვეყოლებოდა ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნებოდა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის რთული, მაგრამ რეალობამ დამანახა, რომ სიყვარული როგორც შვილის, ასევე პროფესიის მიუხედავად, ამ  ყველაფერს გაკეთებინებს. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჰუგომდე, ჩემთვის თუ დრო ბევრად მარტივად გასანაწილებელი იყო, ახლა უფრო ვაფასებ დროს. ის დრო, რაც რჩება შვილის აღზრდისთვის და მასთან დროის გატარების შემდეგ, იმდენად ცოტაა, რომ მინდა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო, რაც რეალურად უფრო კარგ შედეგს მაძლევს, ვიდრე აქამდე მქონია. აქედან გამომდინარე ასე შევხედე ამ ყველაფერს, რომ ახალი გამოწვევა ძალიან მაგარია. ახალი სიყვარული კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა ჩემთვის. რომ ვიღვიძებ და ვხედავ მას, მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო, უფრო მეტი მოვასწრო. მას მაქსიმალურად ვაგრძნობინო ჩემი სითბო, ამაყობდეს ჩემით და არ მოაკლდეს  ჩემი სიყვარული. როცა ძალიან გიყვარს, მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. პირველი კონცერტი ორი თვის რომ გახდა ჰუგო, მაშინ მქონდა  და იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა. მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან მიდგას გვერდში და მის გარეშე ასეთი თანწყობა ვერ მოხერხდებოდა. იმდენად კარგი გამოცდილება მქონდა პირველ კონცერტზე, რომ მგონია შემდეგი დაგეგმილი კონცერტებიც მასთან ერთად ჰარმონიულად ჩაივლის. 

შენი სიმღერების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა შექმნილი, თუმცა ქართველ მსმენელს თქვენი ქართული სიმღერები განსაკუთრებით უყვარს. შენთვის რომელ ენაზეა ყველაზე კომფორტული სიმღერა?

კომფორტის ზონა ჩემს შემთხვევაში არა ენა არამედ ჟანრი უფროა. ეს ჟანრი ბლუზსა და სოულს შორის არის. არ აქვს უკვე მნიშვნელობა, ეს იქნება ინგლისურენოვანი თუ ქართულ ენოვანი, ძალიან დიდი თავისუფლება და კომფორტი მაქვს ამ ჟანრში. მაგალითად, პირველად სიმღერა „მაგნოლია“ ცინუკი დადიანის შესრულებით გერმანიაში მოვისმინე, მეგობარმა მომასმენინა და არც ვიცოდი, რომ ეს ვერსია ცინუკი დადიანის იყო, იმდენად ცნობილია ანა მალაზონიას შესრულებული „მაგნოლია“. ეს სიმღერა, რომ მოვისმინე, ვტიროდი. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ეს ქალი ამ დროში რომ ყოფილიყო ცოცხალი, რამდენ ადამიანს ეცოდინებოდა მის შესახებ. ის ხომ დროის მსხვერპლი იყო. მერე ვფიქრობდი, რომ რა ცუდია ამ ქალს, როგორც მომღერალს და მუსიკოსს ესე მასშტაბურად რომ არ იცნობდნენ. მოვიძიე მასზე ინფორმაცია, აღმოვაჩინე, რომ პროფესიით ექიმი იყო, ცნობილი იყო. „მაგნოლია“, რომ გამოვუშვი გერმანიაში დავარეგისტრირე. ცინუკი დადიანს ვეძებდი, როგორც შემსრულებელს და ვერ ვიპოვე, ანა კალანდაძე როგორც ტექსტის ავტორი დავარეგისტრირე, ცინუკი დადიანი კი, ვერ ვიპოვე და ძალიან ვდარდობდი ამ საოცარი ქალის ნიჭზე, რომელიც სათანადოდ ვერ დაფასდა. ამ ქალის შესრულებამ და სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, იმდენად დამაბრუნა ჩემს წარსულში, ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სულ მღრღნის და მაწვალებს, სანამ ეს მავთულხლართი და გაყოფილი საქართველოა სულ იქნება ეს პრობლემა ჩემში. იმდენად ღრმად დამაბრუნა ჩემს ბავშვობაში, რომ ვთქვი, ეს სიმღერა აუცილებლად უნდა ვიმღერო, იმიტომ კი არა, რომ მინდა ვინმემ მომისმინოს, არა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ეს უნდა მემღერა. მაგნოლიის ხე ჩემს ეზოში ახლაც დგას, მიუხედავად იმისა, რომ სახლი ორჯერ დაიწვა, ეს მაგნოლია დგას, დგას, დგას და როგორც კი მოვისმინე ცინუკის შესრულებული სიმღერა, იქ წავედი, დავრჩი და დღემდე იქ ვარ…  გერმანიაში სულ ვცდილობ, რომ ვიმღერო ეს სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი არ ესმით, ჟანრობრივად იმდენად ახლოს დგას ჩემთან და ემოციურად ისე გრძნობენ, რომ ყოველთვის ვცდილობ იქაც ვიმღერო და შევასრულო.“

Natia Todua – Magnolia

2022 წელს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დაგაჯილდოვა, რას ნიშნავს შენთვის იყო ღირსების ორდენის მფლობელი?

„მიწვეული ვიყავი სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც „მაგნოლია“ უნდა შემესრულებინა. მე სხვა დასასრულს კიდევ არც ველოდებოდი. მესმის, აცხადებენ, რომ აი ახლა ღირსების ორდენით დაჯილდოვდება გოგო, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  უკან ვიხედებოდი, ვფიქრობდი, ვინ არის ნეტა ის გოგო, ვიცნობ თუ არა, თუ გერმანიაში ცხოვრობს. აშკარად ხალხი მე მიყურებდა, ჩემი მეუღლე დავინახე, რომელიც უკან იჯდა და ვიდეოს მიღებდა და მაშინ გავიფიქრე, ეს ის ხომ არ არის, რასაც მე ვფიქრობ-თქო. მერე ჩემი სახელი და გვარი ნათია თოდუა  გამოაცხადეს და თქვეს, გადაეცა ღირსების ორდენი იმისთვის, რომ მოახდინა საზღვრებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაცია. თითოეული სიტყვა, რაც ამ ღირსების ორდენში ჩადეს, იმდენად მაბედნიერებს და მეამაყება, ეს ჯილდო კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გახდა ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რაღაცები გიფასდება და ამას საჯაროდ აფიქსირებენ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ რამეს გაკეთებინებს და იმ საღამოს ვთქვი, რომ ეს ჯილდო აუცილებლად დაბრუნდება ჩემს სახლში და ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.“  

ნათია თოდუა

როგორც ვიცი, ახალი ბენდი გყავს და ეს ზაფხული მუსიკალური ფესტივალებით თქვენთვის საკმაოდ დატვირთულია. ახალ პროექტზე თუ მუშაობთ ამჟამად, რაც ჯერ არ ვიცით?

„2022 წელს შევქმენი ჩემი პირველი ბენდი ბერლინში. 2022 წლამდე ყოველთვის მყავდა მუსიკოსები. „ვოისის“ მერე რომ გამოვსულვარ სხვადასხვა კონცერტზე, ყოველთვის მახლდნენ ის მუსიკოსები, რომელთაც ბენდისთვის ვაერთიანებდი და ერთად ვუკრავდით. პანდემიის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდებოდა ისეთი ბენდი, რომელიც იქნებოდა ზუსტად იმ ხასიათის და სტილის, როგორიც მე ვარ. ვისაც თვალდახუჭულს შეეძლო ნოტების გამოცნობა, როგორ ინტერპრეტაციას ვაკეთებ, როგორ დასრულდება ჩემი სიმღერა, ეს იყო ჩემი დიდი მიზანი, რომელიც 2022 წელს განვახორციელე. შევქმენი მუსიკოსებისაგან ბენდი, რომელიც მართლა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სულ რომ შევცვალო და ავურიო, მათ იციან, როგორ დავასრულო სიმღერა და მათ იციან ჩემი ხასიათი და მუსიკალური განწყობა იმ დონზე, რომ მომყვებიან აბსოლუტურად. გვაქვს ძალიან დიდი ნდობა მუსიკალური, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვგრძნობ, რომ გიტარისტი უკრავს სოლოს, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს თავისთავად ხდება, თუ დრამერი ბითს ისე უკრავს, რომ ვგრძნობთ ამას განვითარება სჭირდება, ყველანაირად ვთანხმდებით, თუ შევდივართ ემოციებში, რომ სიმღერა არ უნდა დასრულდეს – არ სრულდება. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი და ჰარმონია და მიხარია რომ ეს შედგა. ამის გარეშე თითქოს ყოველთვის რაღაცა მაკლდა. ვერ ვიღებდი იმის პასუხისმგებლობას, რომ ამის გარეშე ჩემი სოლო ტური დამეგეგმა, რასაც ახლა უკვე ვგეგმავ. ბენდთან ერთად მაქვს ის კომფორტი და თავდაჯერება რაც სცენაზე მჭირდება. პირველი კონცერტი 5 მაისს გვქონდა. ახლა გერმანიაში ვბრუნდებით აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ძალიან დატვირთული გვაქვს. რამდენიმე ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას. უკვე სოლო ტურს ვგეგმავთ, რომლის თარიღებიც ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული, მაგრამ უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება. მინდა რამდენიმე კონცერტი გერმანიის ქალაქებში გავმართოთ. ასევე ვთანამშრომლობთ იტალიის „ბუქერთან“ და შესაძლოა იტალიის რამდენიმე ქალაქშიც გამოვიდეთ. ასევე ძალიან გამიხარდება, თუ იმ ემიგრანტებისთვის, ვინც ძალიან მგულშემატკივრობდნენ ერთ პატარა ევრო ტურს გავაკეთებ, რომელიც მართლა დიდი ხანია გეგმაში მაქვს. 

ერთი სიახლე მინდა ჩვენი მსმენელისთვის გავაჟღერო, რომელიც არავინ იცის.  ვმუშაობ ჩემს პირველ საკუთარ წიგნზე, რომელიც ძალიან მინდა მოვასწრო და გამოვუშვა 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს. ეს არის ძალიან გულწრფელი და ემოციური ჩანაწერები აფხაზეთზე. რეალური ისტორია, ერთ ბავშვზე, რომელმაც ოცნებებით დაიწყო, ჯერ კიდევ პროცესში და ბრძოლაშია. მინდა ხმა მივაწვდინო მათ, ვინც იქ არიან, რომელთათვისაც ეს პრობლემები არ დასრულებულა და ვისთვისაც ეს ყოველდღიურობა ისევ ისე გრძელდება. მინდა ეს წიგნი მათ მივუძღვნა. იყოს მათთვის ერთგვარი მესიჯი და ასევე იმ ადამიანებისთვის ვინც აქ ცხოვრობენ, რათა  დააფასონ ის ყველაფერი რაც მათ აქვთ. თუ რას ნიშნავს მშვიდობა, რას ნიშნავს მშვიდად ყოფნა, ოჯახის წევრების გვერდით ყოლა და ცხოვრება შიშის გარეშე. მინდა სიმბოლურად სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს გამოვუშვა, როგორც „მაგნოლია“ მინდოდა რომ 9 აპრილს გამოსულიყო, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია.“

Natia Todua – Love You Like A Love Song
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავის ქალიშვილ მალიას დაბადების დღეზე, 2016 წლის 4 ივლისი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ფოტო: მანდელ ვგანი.

ბარაკ ობამა Prime Video-ს სერიალ Swarm-ის შესახებ, რომელიც მისი ქალიშვილის მალიას სცენარის მიხედვით შეიქმნა

შემდეგი სტატია

Outcast – Killages-ის ახალი ალბომი 4-წლიანი პაუზის შემდეგ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი