გრემის დაჯილდოების 66-ე ცერემონიას სამი ახალი კატეგორია დაემატება, რომელთა დებიუტიც 2024 წლის 4 თებერვალს შედგება. ესენია: საუკეთესო აფრიკული მუსიკალური შესრულება, საუკეთესო ალტერნატიული ჯაზ-ალბომი და საუკეთესო პოპ-საცეკვაო ჩანაწერი. მათი დამატებით გრემის ნომინაციების საერთო რაოდენობა 94 გახდება.
„ამ სამი კატეგორიის დამატებით საშუალება მოგვეცემა, არტისტების უფრო ფართო წრე დავაფასოთ. გვიხარია, რომ პატივს მივაგებთ ამ ნომინაციების მონაწილეებს და ამავე დროს, ფანებს კიდევ უფრო დიდ მუსიკალურ მრავალფეროვნებას შევთავაზებთ,” – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
გთავაზობთ გრემის ახალი კატეგორიების მოკლე აღწერებს.
Საუკეთესო ალტერნატიული ჯაზ-ალბომი
ბოლო წლებში გრემის ნომინაციამ – საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი – ბევრი საპატიო მუსიკოსი აღიარა. მათ შორის რონ კარტერი, უეინ შორტერი და ჩიკ კორეა – რომლებიც 1960-70-იან წლებში მაილს დევისთან უკრავდნენ. თუმცა ნაკლებად ტრადიციული ჯაზ არტისტები, როგორებიც არიან კამასი ვაშინგტონი და მაკაია მაკკრავენი, ასევე ბენდები Sons of Kemet და The Comet Is Coming, ამ კატეგორიის ნომინანტთა მიღმა რჩებოდნენ.
ახალი კატეგორიის წარდგენისას ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ალტერნატიული ჯაზი შეიძლება განსაზღვრული იყოს, როგორც ჟანრების ჰიბრიდი, რომელიც ჯაზს სხვა მუსიკალურ ჟანრებთან აერთიანებს, მათ შორისაა R&B, ჰიპ-ჰოპი, კლასიკა, რეპი. ამ კატეგორიის ღირებულება ის არის, რომ მუსიკოსებს, როგორიცაა, მაგალითად, ვაშინგტონი, რომელმაც ჯაზის კომუნის მიღმა ცნობადობა კენდრიკ ლამარის 2015 წლის ალბომზე მუშაობით მოიპოვა, პატივი ჯაზის ტრადიციული ჩარჩოების მიღმა მივაგოთ.
Საუკეთესო აფრიკული მუსიკალური შესრულება
აფრიკული ჟღერადობა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში სულ უფრო და უფრო დომინანტური ხდება. ახალი ნომინაცია მიზნად ისახავს, სწორედ ამ კონტინენტის მუსიკის დიდ გავლენებს უპასუხოს.
გრემის უკვე არსებული ნომინაცია – Საუკეთესო გლობალური მუსიკალური შესრულება – იყო მცდელობა, დაეფასებინა ასობით ჟანრი მსოფლიოში – სხვადასხვა ენაზე, კულტურასა და ქვეყანაში. მაგრამ აფრიკული მუსიკის ზრდა ბოლო დროს უდავოდ ყველაზე დიდია. Სელენა გომესის რემიქსის დამსახურებით, Rema-ს Calm Down ბილბორდის აფრიკული სიმღერების ჩარტში ყველაზე დიდხანს – 45 კვირის განმავლობაში ლიდერობს. ბილბორდის „ცხელ ასეულში” კი მესამე ადგილზე მოხვდა.
ახალი ნომინაცია მიზნად ისახავს, პატივი მიაგოს „ჩანაწერებს აფრიკის კონტინენტიდან, რომლებიც წარმოაჩენს რეგიონულ მელოდიურ, ჰარმონიულ და რიტმულ მუსიკალურ ტრადიციებს.” ნომინაცია მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება ქვეჟანრებით: აფრობითსი, აფრო-ფიუჟენი, აფრო-პოპი, სამხრეთ აფრიკული ჰიპ-ჰოპი, ეთიო-ჯაზი და სხვები.
საუკეთესო პოპ საცეკვაო ჩანაწერი
გრემის უკვე აქვს საცეკვაო კატეგორიები: საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერი და საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი. თუმცა ექსპერტებისგან შემდგარ კომიტეტს, რომელიც არსებულ ორ საცეკვაო კატეგორიას განიხილავს, მუდმივად უჭირდა იმის გადაწყვეტა, თუ სად გაეყვანათ საცეკვაო პოპ სიმღერები.
სწორედ ამიტომ, გრემის საორგანიზაციო ჯგუფმა კატეგორიების სიას საუკეთესო პოპ-საცეკვაო ჩანაწერის ნომინაცია დაამატა.
ახალი კატეგორია კარგად მოერგება ისეთ თანამედროვე არტისტებს, როგორებიც არიან, მაგალითად, Illenium და Jessie Ware. ნომინაცია ასევე გახდება ნავსაყუდელი დიდი პოპვარსკვლავებისთვის, რომლებიც საცეკვაო სიმღერებს ქმნიან. მაგალითად, კაილი მინოუგის Padam Padam 2024 წელს სწორედ ამ კატეგორიის პრეტენდენტი იქნება.