ნანა იოსელიანი სასცენო სახელით nana.ios მულტიმედია არტისტია, რომელიც წლებია ბერლინში მოღვაწეობს. მისი მრავალფეროვანი და ექსპერიმენტული მუსიკა ვიზუალურ გამომსახველობასთან ერთად შთამბეჭდავ სინთეზს ქმნის.
არტისტის შემოქმედება პოპის, სინთ-პოპის და ექსპერიმენტული მუსიკის ნაზავია, რომელიც საერთო ჯამში მელოდიურ, ლაღ ჟღერადობას და დადებით ემოციურ განწყობას აერთიანებს.
ნახეთ, „Billboard საქართველოს” ინტერვიუ მულტიმედია არტისტთან – nana.ios
მუსიკა და პირველი შეგრძნებები
„მუსიკასთან პატარაობიდანვე მქონდა შეხება, სიმღერის კურსებზე დავდიოდი, პიანინოზეც, მაგრამ მერე, როცა გავიზარდე, უფრო ვიზუალურ ხელოვნებას გავყევი. კინომ დამაინტერესა, რადგან ვფიქრობდი, აქ მუსიკოსობა განვითარებადი ამბავი ვერ იქნებოდა და ამ მხრივ გულგატეხილიც ვიყავი. 21 წლის ასაკში გერმანიაში წავედი, ბერლინში ცხოვრება დავიწყე და ის სურვილი, რომელიც აქ რაღაცნაირად მოვიკალი, იქ უცბად ხელახლა გაცოცხლდა. ამ მხრივ მომეცა სრული თავისუფლება. რვა საათი რომ იმუშავებდი შენი თავისთვის, კიდე გქონდა რვა და მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მუსიკალური პროგრამა Ableton გადმომეწერა, ესეც მოვიქეცი და ნელ-ნელა ყველაფრის აღმოჩენა დავიწყე. ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა თვითონ საუნდი იყო, თუ როგორ მუშაობდა, ან როგორ შემეძლო, რომ ტრეკი დამეწერა. თუმცა პირველი და ალბათ მაინც ყველაზე მეტად რაც მინდოდა იყო ის, რომ DJ ვყოფილიყავი, მაინც თბილისური ელექტრონული მუსიკის გავლენა დიდი იყო, მაგრამ მერე პოპ მუსიკაში აღმოვჩნდი, რასაც ვწერდი, პოპი გამოდიოდა. მგონია, რომ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სასწავლი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. ამ მხრივ გავიზარდე და ჯერ კიდევ ვსწავლობ.”
მუსიკის წერის პროცესი
„მუსიკა ხანდახან შეიძლება სიმღერით მოვიდეს, რაღაც მელოდია, რომელსაც ვღიღინებ, უცებ იმის გადმოტანა მომინდეს, შეიძლება დამესიზმროს, შეიძლება რაღაც მომენტში დავჯდე და ძებნა დავიწყო, რაც მესიამოვნება იმას გავყვე, ან ხანდახან ხდება ხოლმე, რომ რიტმი მოდის… ეს იმაზეა დამოკიდებული დამდენად ხშირად ვაკეთებ მუსიკას, ან რა სიტუაციაში ვარ, ინსპირაციას რა მაძლევს და მერე ყოველთვის ვპოულობ დროს, რომ დავჯდე და დავწერო ტრეკი და შესაბამისი საუნდიც ვიპოვო, არანჟირებაც გავუკეთო. ტექსტი ყოველთვის ბოლოს მოდის.”
პირველი ინსტრუმენტი
„პირველი შეხება პიანინოსთან მქონდა და მგონია, რომ სანამ აქ ვარ და ცოცხალი ვარ, პიანინო ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი იქნება. ბავშვობაში სახლში პიანინო სულ გვქონდა და ძალიან მიყვარდა. ყოველთვის ვპოულობდი დროს, რომ დავმჯდარიყავი და ჩემთვის დამეკრა. ახლა ეს ამბავი ძალიან სასიამოვნოდ გრძელდება. ყველაზე საინტერესო და უსასრულოდ აღმოუჩენელი ინსტრუმენტი ჩემთვის არის ეს.”
The Way of Joy – პირველი ალბომი და გზა რომელიც სიამოვნებას განიჭებს
„ალბომზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. რთული მაგრამ ამავდროულად საოცრად სასიამოვნო… რაღაცნაირად შეგრძნებას მაძლევდა, რომ რაღაც შემეძლო შემექმნა, რომელსაც თავისი დასაწყისი, ისტორია, გაგრძელება და წვრილმანი დეტალები აქვს. თითქოს ცალკე პიროვნებაა ეს ყველაფერი. ყველას აქვს რაღაც, რისგანაც ცხოვრებაში დიდ სიამოვნებას იღებს, ამის აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გსიამოვნებს ის უნდა აკეთო… ეს იყო ჩემთვის მუსიკა. მუსიკის კეთება როცა დავიწყე, როცა გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, დაღლილზეც და დამშვიდებულზეც ვჯდებოდი და ვიწყებდი მუსიკის წერას. მივხვდი, რომ ეს არის ის გზა, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და შესაბამისად მინდოდა ამის სხვებისთვის გაზიარებაც.”
იმიჯი და ვიზუალიზაცია
Nana.ios კინოსადმი სიყვარულმა და ხელოვნების სხვადასხვა დარგმა სწორედ მუსიკაში პოვა ასახვა. მისი ნამუშევრები მედიუმების ფართო სპექტრს მოიცავს: კინო, მხატვრობა, გამომხატველი ვიზუალი და ქორეოგრაფია საერთო ჯამში საინტერესო მუსიკალურ ჰორიზონტს და ხმოვან პეიზაჟებს ქმნის.
„ვიზუალური ხელოვნება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და სულ მაინტერესებდა ფოტო, ვიდეო, კოსტიუმების ხელით შექმნა, მხოლოდ ერთ მუსიკაში ვერ ვრჩები. მუსიკა იმის საშუალებას მაძლევს, რომ დანარჩენი ინტერესები რაც მაქვს, მუსიკასთან ერთად განვავითარო. აღმოვაჩინო ის პერსონაჟები, რომელიც თითოეულ ტრეკს, ალბომს ან EP-ის შეესაბამება. კოლაბორაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს დიზაინერებთან, ვიზუალურ არტისტებთან შეთანხმებით აკეთო რაღაცები, მაგრამ განსაკუთრებით დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანმა აქტიურად აღმოაჩინოს არამარტო აზრობრივად რა არის მისი ფუძე, არამედ ვიზუალურად, იმიტომ რომ ვიზუალიზაცია შემოქმედებითობის ერთ-ერთი დიდი და განსაკუთრებული ნაწილია და ამ ყველაფრის გადმოტანა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. იმის შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ არ ვიცი და ბევრი მაქვს აღმოსაჩენი, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
მოისმინეთ nana.ios სიმღერა Under The Light