24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში აუდიო ვიზუალური პროექტის – CORRESPONDENCES-ის პერფორმანსი გაიმართა. CORRESPONDENCES სახელოვნებო პლატფორმის, Soundwalk Collective-ისა და ცნობილი არტისტის – პატი სმიტის კოლაბორაციული ნამუშევარია.
Soundwalk Collective-ის ავტორები სტეფან კრასნეანსკი და სიმონ მერლი არიან. CORRESPONDENCES სამყაროში მომხდარ პროცესებს იკვლევს, რომლებიც ბგერებით მუსიკაში ცოცხლდება და ვიზუალთან ერთად, შთამბეჭდავი წარმოდგენის სახეს იღებს. პროექტი 10 წელზე მეტია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში არტისტები ხმებს მსოფლიოს შორეულ ადგილებში იწერენ. როგორც პროექტის ავტორები აფასებენ, ეს არის ხმები, რომლებმაც ჩვენს სამყაროში თავისი კვალი დატოვა და საკუთარი ისტორია შექმნა. აუდიო ვიზუალური ხელოვნების ამ წარმოდგენას პატი სმიტის პოეზია ახლავს თან, რომელიც პერფორმანსის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
თბილისში გამართული პერფორმანსის ფარგლებში ახალი კომპოზიციაც შესრულდა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული ბგერებით შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის თბილისში ვიზიტი სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობას მოიცავდა. სმიტი თავდაპირველად „თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში“ გამართულ გამოფენას დაესწრო. ექსპოზიციამ CORRESPONDENCES-ის აუდიო ვიზუალური ინსტალაციები გააერთიანა. კონცერტის შემდგომი საღამო კი Rooms Hotel-ში შედგა, სადაც პატი სმიტი ამჯერად აუდიტორიას, როგორც მკითხველს, ავტობიოგრაფიული ბესტსელერის Just Kids-ის ავტორის ამპლუაში შეხვდა.
პატი სმიტი მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. მას პანკ როკის საკულტო ქალ შემსრულებლად მოიხსენიებენ. გარდა მუსიკალური მიმართულებისა, მისი შემოქმედება მოიცავს ლიტერატურას, მხატვრობას. სხვადასხვა დროს პატი სმიტმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ენდი უორჰოლი, ბობ დილანი, U2 და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ წიგნს – Just Kids, კრიტიკოსები მას ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე ლიტერატურულ ნამუშევრად აფასებენ.
ნახეთ ვიდეო: