ბიბი კვაჭაძის სიმღერა გრემის ნომინანტობის კანდიდატია

„40 წელი ამ სიმღერაზე ვმუშაობდი… ჩემმა შვილებმა მითხრეს, ყველაფერი ღირდა ამადო. მათ ხომ იციან, რომ მთელი ცხოვრება, მთელი მათი ბავშვობა მე ამ სიმღერას ვაკეთებდი.”
ბიბი კვაჭაძე

ქართველი მუსიკოსები ბიბი კვაჭაძე და ალეკო ბერძენიშვილი 2024 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტთა განსახილველ სიაში (Grammy Consideration)  მოხვდნენ. ბიბი კვაჭაძის სიმღერა სახელწოდებით So, We’ll Go No More A Roving წარდგენილია ნომინაციაში საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტალი და ვოკალი.” 

ბიბი კვაჭაძე:

„ეს სიმღერა 19 წლის ასაკში დავწერე და მას შემდეგ მასზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, 19 წლის ასაკში დაწერილი სიმღერა ახლა გამოვუშვი. ასე რომ, როცა საჭიროა, მაშინ ხდება ყველაფერი. საერთოდ ძალიან თვითკრიტიკული ვარ. დასრულებული იყო კომპოზიცია, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებდა. არასდროს მომწონდა მისი არც ერთი ვერსია. სიზმარშიც კი დამსიზმრებია, როგორ უნდა გაჟღერდეს სიმები, ჩელოები, ორკესტრი – ეს ყველაფერი თავში მქონდა და სანამ არ გავაკეთე, არ მოვისვენე. ბოლოს კი მივიღე ის შედეგი, რაც მუსიკის თვალსაზრისით მინდოდა. სიგიჟეა, ხომ? 19 წლიდან რომ ამას აკეთებ და ახლა 60 წლის ხარ… წარმოიდგინეთ, 40 წელი ამ სიმღერაზე ვმუშაობდი, პერიოდულად ვუბრუნდებოდი და არანჟირებაში მუდმივ ექსპერიმენტებს ვატარებდი, რადგან თავში ათასნაირი გაორკესტრებული ვერსია მესმოდა. ჩემმა შვილებმა მითხრეს, ყველაფერი ღირდა ამადო. მათ ხომ იციან, რომ მთელი ცხოვრება, მთელი მათი ბავშვობა მე ამ სიმღერას ვაკეთებდი.”

So, We’ll Go No More A Roving ბიბი კვაჭაძემ სინგლის სახით აგვისტოში გამოსცა. კომპოზიცია ჯორჯ ბაირონის ამავე სახელწოდების პოემაზეა შექმნილი და მას მომღერალი და მუსიკოსი ალეკო ბერძენიშვილი ასრულებს. 

„ალეკო ბერძენიშვილი ჩემთვის არის ნომერ პირველი მომღერალი და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც. ეს არის საოცარი მუსიკოსი და მომღერალი. სიმღერის პირველი ვერსია 2005 წელს ჩავწერეთ „სანო სტუდიაში” და იქიდან მოყოლებული ყველა ვერსიაში ალეკო მღეროდა. იმის გამო, რომ სიმღერის ახლებური გაორკესტრება სულ სხვა ემოციას მოითხოვდა, გადავწყვიტეთ, ვოკალიც თავიდან ჩაგვეწერა, რის შედეგადაც სასურველი შედეგი მივიღეთ. ტექსტს რაც შეეხება, ეს არის მე-18 საუკუნის ინგლისური რომანტიკული პოეზიის ფუძემდებლის დაწერილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ვარ შეყვარებული ბაირონის პოეზიაზე და ეს გავლენა იგრძნობა კიდეც ამ სიმღერაში.”

სიმღერა GMI Rights Management-ის ხმის ჩამწერი ლეიბლის ეგიდით გამოვიდა, რომელიც ბიბი კვაჭაძეს წარმოადგენს. სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით მოხდა ქართველი მუსიკოსის ნამუშევრის გრემიზე წარსადგენად გაგზავნა.  

„ამბიციური ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, აი, შინაგანად რომ გრძნობ, რომ ეს სიმღერა ძალიან ფასეულია თავისი შინაარსით, გაორკესტრებით და იმ სიმდიდრით, რაც მასში დევს. უამრავი კონსულტაცია გავიარე ჩემს მუსიკოს მეგობრებთან, როგორც ქართველებთან, ასევე ამერიკელებთან, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველამ მითხრა, რომ ეს სიმღერა არის საგანძურიო. გულიც იმავეს მეუბნებოდა. Ჰოდა, GMI Rights Management-ის პრეზიდენტს ზუკა ბეჟაშვილს ვუთხარი, ხომ არ შეუძლია თქვენს კომპანიას, რომ სიმღერა გრემიზე წარსადგენად გავგზავნოთ-მეთქი. GMI რომ არ ყოფილიყო, მე ამას ვერ გავაკეთებდი და ძალიან მადლიერი ვარ მათი. ისინი, თავის მხრივ, არიან პარტნიორები კომპანიისა The Orchard, რომელიც სერიოზული მოთამაშეა ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე. სწორედ მათ წარგვადგინეს ნომინაციაში „საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტალი და ვოკალი.” აგვისტოში გავგზავნეთ განაცხადი და ახლა გავიგეთ, რომ ნომინანტთა განსახილველ სიაში ვართ. ისეთი არტისტების გვერდით ვწერივართ, როგორებიცაა ბიორკი, ელ გრინი და ეს ძალიან დიდი პატივია. რეალურად ამაზეც არ ვოცნებობდით. მეტი არც არაფერი რომ არ მოხდეს, ძალიან ბედნიერები ვართ.”

ქართველი მუსიკოსები ამ ეტაპზე გრემის ნომინანტთა განსახილველ სიაში არიან, საიდანაც საბოლოოდ ე.წ. შორტლისტი ანუ საბოლოო ნომინანტები უნდა დასახელდნენ. მათი ვინაობა 10 ნოემბერს გახდება ცნობილი. 2024 წლის გრემის დაჯილდოება კი 4 თებერვალს შედგება.

მოისმინეთ სიმღერა So, We’ll Go No More A Roving:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Foo Fighters-ის ჯგუფის წევრები ფილმ Wizard of Oz-ის პერსონაჟების ფორმებში გამოეწყვნენ

შემდეგი სტატია

Depeche Mode - ფოტო: ანტონ კორბინი

Depeche Mode სტუმრად Late-Night Show-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი