ნინო ქათამაძე თანამედროვე ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ავთენტური და თვითმყოფადი ქალი მუსიკოსია. ფართო აუდიტორიის წინაშე იგი ჯგუფ „ინსაითთან” ერთად 90-წლებში გამოჩნდა სრულიად ახალი, ექსპერიმენტული და ამავდროულად უნიკალური სტილით, რამაც, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მალევე მოუტანა აღიარება. ნინო ქათამაძეს ქართველ ჯენის ჯოპლინადაც მოიხსენიებენ. მისი ერთხელ მოსმენაც კმარა იმის მისახვედრად, რომ მუსიკა – ეს სამყაროსთან მისი საკომუნიკაციო ენაა.
ნინო ქათამაძე Billboard საქართველოსთან თავის შემოქმედებასა და განვლილ გზაზე საუბრობს:
„ჩემი მუსიკალური გზა იმ გზიდან იწყება, რომელსაც მე ფეხით გავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში მისასვლელად. სასწავლებელი ისეთ ადგილას იყო, რომ კვირაში სამჯერ ძალიან დიდი მანძილის გავლა მიხდებოდა. და ეს ფიქრი, გზა, ზოგჯერ სიცივე, ზოგჯერ ბედნიერება… ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია ეს ჩემს ცხოვრებაში, რადგან მახსენდება, თუ რა გავაკეთე ბავშვობაში იმისთვის, რომ რაღაც უფლებები მომეპოვებინა საზოგადოებაში მუსიკის ენით სასაუბროდ. პირველი კლასიდან მერვე კლასის ჩათვლით ძალიან დიდ მანძილს გავდიოდი მუსიკასთან შესახვედრად. შინაგანად შეიძლება ვერ გაიაზრო ეს და ზოგჯერ შეიძლება რაღაც პროტესტიც გაგიჩნდეს, მაგრამ უფრო მეტი თანხმობა იყო ჩემში ცხოვრების ასეთი წესის მიმართ, ვიდრე პროტესტი, რადგან შეუძლებელია, ბავშვს დააძალო, კვირაში 18 კილომეტრი ფეხით იაროს სიცივეში, ზამთარში, სიბნელეში… თანაც, იმ პერიოდში დიდი ნდობა იყოს საზოგადოების მიმართ და გზადაგზა მე მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ერთი სახლიდან მეორემდე მაცილებდნენ, მეორე სახლიდან მესამემდე… და დღესაც, როცა ჩემს მშობლიურ ადგილას ვბრუნდები, მე ამ გზაზე ყოველთვის ვაჩერებ და ამ ადამიანებს ვესალმები. ეს მუსიკის გზა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზაა, რადგან შიგნით სულ ამ გზას გავდივარ, დღემდე…”
მუსიკის გზა არც მარტივად გაგრძელებულა. იმ დროს მყარად დამკვიდრებულ მუსიკალურ სტანდარტებში შემოვიდა ახალგაზრდა გოგონა არასტანდარტული ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და მუსიკალური სტილით, რამაც საზოგადოებაში საკმაოდ მძაფრი და ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციები გამოიწვია.
„მე დავიბადე იმ დროს, როცა არ არსებობდა არჩევანი. არჩევანი იყო მხოლოდ ჩაკეტილი საბჭოური სივრცე, რომელიც გთავაზობდა კონკრეტულ ფორმებს და ნებისმიერი ამ სტერეოტიპის გადალახვა იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, მომაკვდინებელი. საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად და მე გარკვეულწილად მომიწია ამის გარღვევა. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც ყოველ ჯერზე მიხდებოდა რაღაც სტერეოტიპების დარღვევა. არა იმიტომ, რომ მე ამას გააზრებულად ვაკეთებდი, არამედ ჩემი ბუნება იყო ასეთი და ეს ბუნება იმდენად ბობოქარი იყო და იმდენად არ ეგუებოდა სტერეოტიპებს, რომ სულ განხილვის საგანი ვიყავი და მიუღებელი, პირველ რიგში. შენ კი ერთგვარად გარბიხარ ამ მოვლენებისგან, რომ უბრალოდ გადარჩე. და რაც თავი მახსოვს, სულ გავრბოდი ამ სტერეოტიპებისგან. ამიტომ ჩემთვის ეს გზა ძალიან რთული იყო, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის სხვა გზა არ არსებობდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შეხედო, მაშინ უბრალოდ ქალის მიმართ იყო ასეთი დამოკიდებულება, თორემ იმ დროსაც იყვნენ მამაკაცი არტისტები, რომლებიც საერთოდ განსხვავებული იმიჯით შემოვიდნენ სივრცეში. მაგრამ ქალის მიმართ იყო სხვა დამოკიდებულება. გულწრფელად გეტყვით, რომ არც ერთ მომენტში არ მქონია გააზრებულად განზრახვა, რომ, აი, რაღაცის წინააღმდეგ წავსულიყავი. უბრალოდ ერთი რამ ვიცოდი, რომ მე ვიყავი ისეთი, როგორიც ვიყავი და Რაც მომწონდა, ეს იყო. არტისტის ბუნება ისეთია, რომ შეიძლება მის ვიზუალურ მხარეს პროტესტს არ არქმევდეს, მაგრამ გამოხატავდეს პროტესტს. ამაზე ფიქრიც უკვე დროის კარგვაა. უბრალოდ ხარ ისეთი, როგორიც ხარ.
რაც შეეხება მუსიკას, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო სოციუმში, სადაც დიდი ტრადიციებია ტრადიციული მუსიკის, ეთნო-პოლიფონიური მუსიკის, კლასიკური მუსიკის, ჯაზის მიმდინარეობის. და ამ დროს, ამ ფორმით, ქალი, ასეთი ჟღერადობით – ეს არ იყო მარტივი. მაგრამ ასევე იყო ძალიან დამაინტრიგებელი და სურვილს აჩენდა, რომ უფრო მეტი სიახლე და სითამამე ყოფილიყო გამოხატვის ფორმაში. მუსიკაც თავად მოვიდა, რადგან იწყებ იქიდან, რაც იცი. მე ვიცოდი „სულიკო” და „სულიკოს” ასეთი ინტერპრეტირებული ფორმაც ასევე ჩემმა ბუნებამ გადაწყვიტა, გაუაზრებლად, ალბათ. იმხელა წინააღმდეგობა ჰქონდა ამ არჩევანს, რომ მე რომ გააზრებულად მივდგომოდი ამას, შეიძლება ეს ნაბიჯი არც გადამედგა. უბრალოდ ახალგაზრდა ვიყავი, ბობოქარი და რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა იყო, მით მეტი იყო ამ გზაზე სიარულის სურვილიც. ვერ ვიტყვი, რომ არ განვიცდიდი და დღემდე განვიცდი ნებისმიერ არაჯანსღ კრიტიკას. არა იმიტომ, რომ ჩემკენაა მომართული, არამედ ეს მიუთითებს ამ ადამიანების არამზადყოფნაზე, თუ რა გამოწვევებია 21-ე საუკუნეში. ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობთ. არტისტი კი მუდამ ითვალისწინებს იმ სივრცეს, სადაც მოაღვაწეობს და ესე იგი, სულ ბრძოლა გიწევს იმისთვის, რომ სიახლე შექმნა და დაარწმუნო ის ადამიანი, რომ მოგისმინოს. ეს არ არის ადვილი პროცესი. თუმცა, აი, რაც შეეხება „სულიკოს”, როცა 2002 წელს იყო ჩვენი პირველი კონცერტი და დავინახე, რომ 2000-ზე მეტი ახალგაზრდა „სულიკოს” მღეროდა ისე, თითქოს, მათთვის იყო ეს ტექსტი დაწერილი, მე მივხვდი, რომ ყველაფერი არის ილუზია. ეს წინააღმდეგობა არის სიახლის შიში და ეს ნამდვილად იყო სიახლე, ეს ნამდვილად იყო ძალიან საინტერესო მოვლენა ჩემს ცხოვრებაში და ამან მეტი სითამამე მომცა. ის, რომ რაღაც გახდება შენი და პატივისცემით შენს ფორმებს მისცემ, ეს სულაც არ ნიშნავს მისი ისტორიის დაკნინებას ან უპატივცემულობას. Პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწარმოების ასეთმა ფორმამ კიდევ უფრო გააახალგაზრდავა და გაზარდა ამ სიმღერის სიცოცხლისუნარიანობა.
ასე რომ, ეს „სულიკო”, თუნდაც „ტურფა”, საკუთარი ფრაზირებებით – ამბის მოყოლა, რომელსაც შინაარსი ახლდა, მაგრამ გაუგებარი იყო ეს ჟღერადობა – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ჩემი ენა – ჩემი სასაუბრო ენა საზოგადოებასთან.“
მისი სასიმღერო ენა მხოლოდ ქართულია. თუმცა არსებობს კიდევ ერთი „ენა”, რომელიც ყველა მისმა გულშემატკივარმა იცის: ნინო ქათამაძისეული სიტყვები, რომლებსაც ის ჯაზური ფრაზირებებისთვის იყენებს და რომელიც მისი სავიზიტო ბარათია.
„მე შემეძლო, რომ გამომეყენებინა ჯაზური საინტერესო ფრაზირებები, რომლებიც უფრო გიადვილებს ამა თუ იმ მელიზმებისა თუ ტექნიკური მელოდიკის შესრულებას. მაგრამ რადგან ეს ქართული ენაა, მე ავირჩიე მასთან ახლოს მდებარე სიტყვები, რომლებიც არ გაგდებს იმ ვიბრაციიდან, რაშიც სიმღერის დროს იმყოფები. ეს სიტყვები თავისით მოდის. რაღაც სიტყვებთან ახლოს არის, თითქოს, სიტყვაა, თითქოს, არ არის სიტყვა. ოთარ ჭილაძემ ამ ენას ჩიტის ენა დაარქვა. ეს ძალიან ჯადოსნური და იდუმალი პროცესია. ყველაზე საყვარელი ისტორიებია, როცა არაქართულ სივრცეში ვასრულებთ ამ სიმღერებს, ყველას ჰგონია, რომ ეს ქართული სიტყვებია.
ქართულ ენას რაც შეეხება, მუსიკაში მხოლოდ ამ ენას ვიყენებთ ენერგეტიკისთვის. შენ შეიძლება სიტყვა თარგმნო, მაგრამ ქართულ ენერგეტიკას ვერ თარგმნი. აბსოლუტური სიგიჟეა, ისეთი საინტერესოა, როცა შენი ენა შედის მსოფლიოს უძველეს ენებსა და დამწერლობებში, ამას იმხელა ისტორიული შინაარსი და ენერგეტიკა ახლავს, რომ ამას ვერც გადათარგმნი და არც არის საჭიროება. აი, სწორედ სექტემბერში დავბრუნდით ამერიკის ტურიდან, სადაც გვყავდა ამერიკელი მსმენელი, კანადელი მსმენელი და ეს პრობლემა არავის ჰქონია.“
ერთადერთი უცხოენოვანი სიმღერა, რომელიც ნინო ქათამაძის რეპერტუარშია, უკრაინული „ჩერნობრივცია”. არტისტმა რუსეთს პროტესტი ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო გამოუცხადა და იქ სიმღერაზე უარი თქვა. დღეს იგი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, რის გამოც რუსეთში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.
„მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც არჩევანი არ მქონდა. ის, რომ მუსიკას ჰქონოდა თავისი მოღვაწეობის ველი და სივრცე, იმ დროს იყო მხოლოდ რუსეთი. მაშინ, როცა მე დავიწყე, როცა უკვე გზები გაიხსნა, პოლიტიკური მოვლენების მიმართ არა მარტო ჩემი, არამედ საზოგადოების დამოკიდებულება არ იყო ისეთივე გააზრებული, როგორიც დღეს არის. ეს იყო 15 წლის წინ, როცა ჩემი ცხოვრება საერთოდ სხვანაირი იყო. თუმცა მე ვიყავი ადამიანი, რომელიც სულ ვცდილობდი, მეკონტროლებინა ჩემი მოღვაწეობის სივრცე და ეს იყო მხოლოდ საკონცერტო დარბაზები. ჩვენ არასდროს ვმონაწილეობდით, მაგალითად, დაჯილდოებებში, რომ არ ვყოფლილიყავით ასოცირებული იმ კულტურასთან. არასოდეს მიმღერია რუსულად. მე ვარ ქართველი, ჩემი სამშობლოა საქართველო და ჩემი ენა არის ქართული. და არასდროს ამ ხაზში წყვეტა არ ყოფილა. მაქსიმალურად იყო გაკონტროლებული ყველა სივრცე, სადაც ვმოღვაწეობდით, Რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად დამაზიანებელი. გარდა ამისა, ჩვენ ამას ვიყენებდით ერთგვარ პლატფორმადაც, რომ თანამედროვე საქართველოზე გვესაუბრა: იმ ისტორიებზე, რაც საქართველოში ხდებოდა. თუკი საქართველოზე ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ის არ იყო ისეთი საბჭოური, როგორიც დღეს უნდათ, რომ მიიღონ, ამაში ჩვენ ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული. ჩვენ კონცერტების მერე ვრჩებოდით, სულ ვსაუბრობდით, ვეუბნებოდით, რომ ეს არ იყო ის, რასაც მათ უყვებოდნენ. ეს არ იყო ადვილი საგასტროლო ცხოვრება და ეს არც ყოფილა მხოლოდ საგასტროლო ცხოვრება. ეს იყო დიდი შრომა და პასუხისმგებლობაც. მაგრამ ეს დასრულდა 2019 წელს. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს: ეს იყო გავრილოვთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები საქართველოში და როცა ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს თვალები, მე ზუსტად იმ დღეს მქონდა რუსეთში კონცერტი, სადაც ჩვენთან ერთად სცენაზე იდგა უსინათლო ბავშვი. მთელი თვის განმავლობაში ვმუშაობდით მასთან ერთად, თუ რა რეპერტუარი გაგვეტანა სცენაზე, რადგან მას უყვარდა ნინო ქათამაძე. ეს კონცერტი უბრალოდ უნდა ჩატარებულიყო, რადგან ის ეძღვნებოდა ამ პატარა გოგონას, რომელიც ჩვენთან ერთად უკრავდა, მათ შორის „სულიკოსაც”. შემდეგ კი სცენაზევე ვთქვი, რომ ეს იყო ბოლო კონცერტი.
არტისტი ყოველთვის უნდა გრძნობდეს მოვლენებს, სოციალურ მოვლენებს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. შემდეგ კი ერთგვარად ამის აკუმულირება ხდება და გინდა, რომ ეს დააკონვერტირო მელოდიურ ხაზში. ამასთანავე, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ის რაც დღეს ხდება, არამედ შენ ხვალაც უნდა შეგეძლოს ამაზე ლაპარაკი. ყოველთვის ვღელავ და ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად მოეშველება ეს ადამიანს. მუსიკა არ არის მხოლოდ გასართობი. ძალიან საინტერესოა გასართობი მუსიკაც, რომელიც შენ უბრალოდ დაგასვენებს, მაგრამ არსებობს ჩემთვის უფრო მეტი, როცა, მაგალითად, ომის დროს ნიკოლოზ რაჭველთან ერთად უკრაინაში ჩავედით. ომიდან ზუსტად 2 თვეში წავედით და კონცერტი გავმართეთ მეტროში – სადგურ „თავისუფლებაზე”, სადაც იმ დროს მატარებლების გაჩერება არ შეიძლებოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. და როცა კონცერტი მიდიოდა, მატარებლები სვლას ანელებდნენ, რომ ჩვენთვის ხელი არ შეეშალათ. ყველაზე რთული იყო იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც ფანჯრებიდან იყურებოდნენ და იმის გააზრება, თუ რა ხდებოდა მათში. როგორი საშინელი იყო ეს ყველაფერი, რომ ადამიანები თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ გაჩერებაზე, გაჩერება „თავისუფლებაზე” ვერ ჩამოდიოდნენ. ასეთ დროს საერთოდ იცვლება ყველაფერი, ის სიმღერებიც. ნებისმიერი რეპერტუარი, რომელიც სხვა დროს სხვა სივრცეში აბსოლუტურად სხვანაირად ჟღერს, იმავე მელოდიამ ამ ადგილას საერთოდ შეიცვალა მნიშვნელობა და შინაარსი. შენს ყველა სიტყვას დიდი მნიშვნელობა მიეცა იმიტომ, რომ ხვდები, რომ ყოველი შემდეგი წუთი მოსაპოვებელი გაქვს, ყოველი შემდეგი გადაადგილება… შეუძლებელია, ეს არ აღიბეჭდოს შენს სულში და არ გქონდეს სურვილი არტისტს, რომ ამ ადამიანებს ელაპარაკო. ლვოვის სიმფონიურ დარბაზში რომ შედიხარ და ნახევარი დარბაზი საწყობადაა ქცეული ომის პირობებში, ამ დროს საერთოდ იცვლება ყველაფერი. ამიტომ სულ ვამბობ, რომ მოვლენა განაგებს შინაარსს და შინაარსი კი გცვლის შენ. უზარმაზარი რესურსია საპოვნი, რომ მზად იყო ამ ადამიანებთან სალაპარაკოდ. იყო გულწრფელი, თანამგრძნობი და შეეცადო აგრძნობინო, რომ მათ გვერდით ხარ.”
ადამიანებზე ზრუნვა ნინო ქათამაძის შემოქმედებას მუდმივად თან სდევს. აქვს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი და მისი და „ინსაითის” მიერ საქართველოში აქამდე ჩატარებული ყველა კონცერტი სწორედ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. ამჟამად არტისტი ახალი ალბომების გამოსაცემად ემზადება, პარალელურად დიჯეის პროფესიასაც ეუფლება და დღემდე განვითარებისა და სიახლის ძიებაშია, რაც საბოლოოდ ისევ სამყაროსთან მის საკომუნიკაციო ენაში – მის მუსიკაში ტრანსფორმირდება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკა არის მთავარი სათქმელი, რადგან ის მოქმედებს იმ წამს. როცა ნებისმიერი მოვლენის დროს შემოდის მუსიკა, იქ ატმოსფერო იცვლება, სიტუაცია იცვლება. მუსიკა ცვლის ყველასა და ყველაფერს. ცვლის ისე, რომ შენ შეიძლება ვერც კი ამოხსნა ეს შემთხვევა. მას აქვს დრო, მას აქვს შინაარსი, მას აქვს უდიდესი ძალა. როცა დილას იწყებ მუსიკით, საერთოდ სხვა დღეა. Როცა არ იწყებ მუსიკით – სხვა დღე. ამიტომ არსებობს ამდენი ტიპის მუსიკა. რამდენი ადამიანიცაა, შეიძლება იმდენი მუსიკა იყოს, რადგან ეს ენაა ერთადერთი შენი სულიერების. სულის მხატვრობა შეიძლება იყოს მხოლოდ მუსიკა.
ჩემთვის მუსიკა ცხოვრების სიმფონიური ჟღერადობაა, რომელიც ყველა მოვლენაში გინდა, რომ შეიტანო, შეცვალო და გახადო საინტერესო და შინაარსიანი. თუმცა ასევე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს Სიჩუმესაც, რადგან სიჩუმეში ეცნობი ბუნებრივ ხმებს: სკამის გადაადგილება იქნება ეს თუ ქარის ხმა… სხვათა შორის, ჩემი საყვარელი სტიქიაა ქარი იმიტომ, რომ ამ დროს ყველაფერი ჟღერადობას იძენს. ფოთლები წვიმის დროს ისე არ მღერის, როგორც ქარის დროს. სიჩუმეშია ყველაზე დიდი მუსიკა. მე ასე ვიტყოდი, რომ სიჩუმეში ხედავ შენს მუსიკას. ასევე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში ზღვას. მე ზღვისპირა ქალაქში დავიბადე. ჩემი ფანჯრიდან ჩემს ბავშვობაში ჩანდა ზღვისპირა განათების რკალი და წარმოსახვაში სულ ვხედავდი ხოლმე, ბავშვები როგორ თამაშობდნენ ბურთს, როგორ უყვარდებოდათ ერთმანეთი… მაგრამ ამ განათების იქით ვიცოდი, რომ სულ ზღვა იყო. და დღესაც სადაც არ უნდა ვიყო, სადაც კი მთავრდება განათება და სიბნელე იწყება, სულ მგონია, რომ იქ ზღვაა. და ზღვა სულ არის ჩემს შემოქმედებაში. ეს ბავშვობის მოგონებები შენი ცხოვრების შინაგანი მხატვრობაა და სულ უბრუნდები ამ პატარ-პატარა მოვლენებს. თუმცა ჩემი შემოქმედების შთაგონება მაინც ადამიანები არიან. ჩემი მუსიკის მთავარი სათქმელი კი ჩემივე სიმღერის ფრაზაა: „ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს”, რადგან ყველაფრის საწყისი სიყვარულია მხოლოდ და ფინალიც არის სიყვარული.”