ჯეი-ზი 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე Dr. Dre-ს Global Impact Award-ის მისაღებად წარდგა. ღონისძიებაზე რეპერს თან ბიონსე და მათი ქალიშვილი ბლუ აივი ახლდა.
ჯილდოს მიღების შემდეგ ჯეი-ზიმ მადლობა გადაუხადა Dr. Dre-ს, რომელიც დარბაზში იჯდა. „ყველა კარმა, რომელიც შენ გააღე, დაგვანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია როკვარსკვლავები ვიყოთ,” – მიმართა მას ჯეი-ზიმ.
რეპერმა ასევე მადლობა გადაუხადა გრემის Black Music Collective-ს. „მადლობა ყველა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ… რამდენად წინ წავედით მას შემდეგ, რაც 1989 წელს უილ სმითმა და DJ Jazzy Jeff-მა მათი პირველი გრემი მოიგეს და ბოიკოტი გამოაცხადეს, რადგან რეპის კატეგორია ტელევიზიით არ გადაიცა. 1998 წელს კი მე ამოვხიე ერთი ფურცელი ამ წიგნიდან. საუკეთესო რეპალბომისთვის ვიყავი ნომინირებული. იმ წელს DMX-მა ორი ალბომი გამოსცა და ორივე ჩარტების ლიდერი გახდა. გრემიზე კი არც ერთი არ წარადგინეს და მეც ბოიკოტი გამოვაცხადე.”
ამის შემდეგ ჯეი-ზი კიდევ უფრო მძაფრ კრიტიკაზე გადავიდა. „ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი სწორად კეთდებოდეს ან, სულ მცირე, ახლოს მაინც იყოს სწორად გაკეთებასთან. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტურია, რადგან ეს მუსიკაა და მისი შეფასება მოსაზრებაზეა დაფუძნებული. მაგრამ არის რაღაცები… არ მინდა ახლა, რომ ეს ახალგაზრდა ქალბატონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო,” – თქვა ჯეი ზიმ და ბიონსეზე მიუთითა. „მაგრამ მას ისტორიაში ყველაზე მეტი გრემის ჯილდო აქვს მიღებული და არასდროს მოუგია წლის ალბომის ნომინაცია. თქვენი პირადი საზომითაც კი არ არის ეს სწორი. იფიქრეთ ამაზე. ისტორიაში ყველაზე მეტი გრემი და არც ერთხელ წლის ალბომი. ეს არასწორია.”
„ზოგი თქვენგანი დღეს სახლში იმ გრძნობით წახვალთ, თითქოს, გაგქურდეს. ზოგი შეიძლება მართლა გაგქურდონ, ზოგს კი საერთოდ არ ეკუთვნის კატეგორიები… როცა ვნერვიულობ, სიმართლეს ვამბობ. მაგრამ, ამ დარბაზის გარეთ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი თავის წარმოჩენა. ერთი წამით დაივიწყეთ გრემი. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა განაგრძოთ საკუთარი თავის ჩვენება, თავის წარმოჩენა იქამდე, სანამ ყველა იმ ჯილდოს არ მიიღებთ, რომელსაც ფიქრობთ, რომ იმსახურებთ, სანამ გენიოსს არ დაგიძახებენ და სანამ „ყველა დროის საუკეთესოს” არ გიწოდებენ.”
ნახეთ ჯეი-ზის გამოსვლა: