მაიკლ ჯექსონის შესახებ გახმაურებულ ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობა გრძელდება. ამჯერად ფილმის რეჟისორმა მთავარი როლის შემსრულებლის ფოტო გააზიარა, რომელიც როლისათვის, შეიძლება ითქვას, აწ გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერლად გარდაისახა. აღსანიშნავია, რომ ჯექსონის როლს მისი ძმისშვილი, ჯააფარ ჯექსონი ასრულებს.
ფოტოს ავტორი ცნობილო ფოტოგრაფი კევინ მაზურია, რომელმაც თავის დროზე ჯექსონის ბოლო შესრულება აღბეჭდა. ამჯერად კი ის პოპის მეფედ გარდასახული მსახიობის პირველი კადრის ავტორია.
„მაიკლი“ – ასე ჰქვია დაანონსებულ ბიოგრაფიულ ფილმს და მისი რეჟისორი ენტუან ფუკუაა. ფილმი მუსიკოსის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ბიოგრაფიული კინოსურათის პროდიუსერები გრემ კინგი, ჯონ ბრანკა და ჯონ მაკკლეინი არიან. აღსანიშნავია, რომ გრემ კინგი ასევე არის ცნობილი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი.
„ჯააფარი ჩემს შვილს განასახიერებს. Საოცარი გრძნობაა, როდესაც ხედავ, თუ როგორ იჩენს მასში თავს ჯეკსონების მემკვიდრეობა” – აღნიშნა მაიკლ ჯექსონის დედამ, კეტრინ ჯექსონმა, გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერთან“ საუბრისას.
ჯააფარ ჯექსონს პარტნიორობას ნია ლონგი უწევს, რომელიც მომღერლის დედის როლს ასრულებს. ჯექსონების ოჯახის უფროსს, ჯო ჯექსონს, მსახიობი კოლმენ დომინგო განასახიერებს. ფილმში მომღერლის ბავშვობის ეპიზოდებიც იქნება ნაჩვენები, სწორედ ამიტომ მცირეწლოვანი ჯექსონის გმირის როლში მაყურებელი 9 წლის მსახიობს, ჯულიანო კრუ ვალდის იხილავს.
ფილმის პრემიერა 2025 წლის აპრილში იგეგმება.