კანის ორკესტრმა ქართველი მუსიკოსის, ანანო სიხარულიძის ნაწარმოები შეასრულა

ანანო სიხარულიძის საავტორო კომპოზიცია ორკესტრმა 12 მარტს გამართულ კონცერტზე გააჟღერა.
ანანო სიხარულიძე. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ანანო სიხარულიძემ, რომელსაც მსმენელი მუსიკალური პროექტიდან Svansikh იცნობს, კანის ორკესტრთან ითანამშრომლა. ორკესტრმა არტისტის ნაწარმოები შეასრულა. „Billboard საქართველო” თანამშრომლობის დეტალებით დაინტერესდა და მუსიკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ანანო კანში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის Côte d’Azur University-ში კინომუსიკის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ანანო ამბობს, კანის ორკესტრთან თანამშრომლობა სწორედ სასწავლო პროგრამის ნაწილი იყო. 

ანანო სიხარულიძე: 

„მსმენელი კინომუსიკისა და გამოფენების საუნდ დიზაინის ავტორად ნაკლებად მიცნობს, რადგან ჩემს მუსიკალურ კარიერაში ამ მხრივ მხოლოდ ფრაგმენტული გაელვებები იყო. პატარ-პატარა ნამუშევრების შექმნის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ტექნიკას უფრო სიღრმისეულად დავუფლებოდი და ჩემი შემოქმედებითი იდეებისთვის ფრთები შემესხა. სწორედ ამიტომ, კანის Côte d’Azur University-ს კინომუსიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აქ სწავლება არა თეორიულზე, არამედ პრაქტიკულ ნაწილზეა დაფუძნებული. სწორედ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ნაწილი იყო კანის ორკესტრთან კოლაბორაციაც. დაგვიწესეს ვადები, რომლის ფარგლებშიც  კომპოზიცია უნდა შეგვექმნა და თუ ეს ნამუშევარი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა, ორკესტრი მას კონცერტზე შეასრულებდა.”

ანანო სიხარულიძე. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც ანანო ამბობს, სამუშაო პროცესში ბევრი გამოწვევა იყო, თუმცა საბოლოოდ მისი შექმნილი ნაწარმოები 12 მარტს კანის ორკესტრის კონცერტზე გაჟღერდა. 

ანანო სიხარულიძე: 

 „აქამდე ძირითადად კომპიუტერულ მუსიკალურ პროგრამებში ვმუშაობდი. ახლა კი დავალება სრულიად სხვა რამეს გვთხოვდა, რის გამოც ორკესტრაციის შესწავლა მომიწია. ახლაც სწავლის პროცესში ვარ – სრულიად გადმოვერთე ინსტრუმენტებსა და ნოტებზე.”

მუსიკოსისა და ორკესტრის თანამშრომლობა ამით არ სრულდება. შემდეგი ეტაპი ივნისში იგეგმება, როცა ანანო სიხარულიძის უფრო ხანგრძლივი ნაწარმოები უნდა გაჟღერდეს.  

„ყველაფერთან ერთად, არ შემიძლია,  არ აღვნიშნო ორკესტრის შემადგენლობის  ძალიან თბილი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და კულტურის მიმართ. სანამ კონცერტზე ჩემი ნაწარმოები გაჟღერდებოდა, ხანმოკლე საუბარი მქონდა კანის ორკესტრის დირიჟორთან, ბენჯამინ ლევისთან. ის ქართულად მომესალმა, შემდეგ კი მუსიკოსებს ისიც უთხრა, რომ ქართული ღვინო ფრანგულს სჯობს. ეს ძალიან ემოციური იყო. სასიამოვნოა, რომ ჩვენი კულტურისა და მისი დამფასებელი ადამიანების საშუალებით მსოფლიო საქართველოს იცნობს. ალბათ ჩვენს ქვეყანაში ყველა ხელოვანის ოცნება ესაა, რომ პატარა წვლილი მიუძღოდეს საქართველოს წარდგენასა და გაცნობაში,”- ამბობს „Billboard საქართველოსთან” საუბრისას ანანო სიხარულიძე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ გაამხილა, რომ ოსკარის დახურულ წვეულებაზე თავის საყვარელ მსახიობს, კილიან მერფის შეხვდა

შემდეგი სტატია

Bon Jovi - ფოტო: ნორმან ჯინ როი

Bon Jovi-ის მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე მილიარდ ნახვას აგროვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი