23 მაისს სოხუმის თეატრის სცენაზე მიხაილ ბარენბოიმი და ბარენბოიმ-საიდის აკადემია წარდგება.
მიხაილ ბარენბოიმი მსოფლიოში აღიარებული მევიოლინეა. მისი კარიერა 1995 წელს დაიწყო, როცა პიერ ბულეზთან ერთად კიოლნის ფილარმონიაში შონბერგის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. საერთაშორისო აღიარება კი ამავე ნაწარმოების შესრულებით უკვე 2011 წელს მოიპოვა.
მას შემდეგ ის უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ვენის ფილარმონიული ორკესტრი დანიელ ბარემბოიმის დირიჟორობით, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი აშერ ფიშის დირიჟორობით, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი ზუბინ მეტას დირიჟორობით, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით და ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ორკესტრი გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. რეგულარულად მართავს სოლო კონცერტებს მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა ლონდონის ვიგმორ-ჰოლი, ჰამბურგის ელბ-ფილარმონია, სიდნეის ოპერის თეატრი და ნეაპოლის სან-კარლოს თეატრი. წარმატებული გამოსვლები ჰქონდა ასევე კარნეგი ჰოლში, ბერლინის ფილარმონიაში, პარიზის ეროვნულ ოპერასა და სხვა ცნობილ სცენებზე. ბოლო გამოსვლებს შორის აღსანიშნავია ბერგის სავიოლინო კონცერტი ლივერპულის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, რობერტ ტრევინოს დირიჟორობით და ასევე მოცარტის პირველი სავიოლინო კონცერტი ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრთან და გუსტავო დუდამელთან ერთად. მუსიკოსს გამოცემული აქვს ორი სოლო და რამდენიმე ჯგუფური ალბომი.
მიხაილ ბარენბოიმი ბარენბოიმ-საიდის აკადემიის ვიოლინოსა და კამერული მუსიკის პროფესორია. 2020 წლიდან ის ამავე აკადემიის დეკანის პოზიციასაც იკავებს. სწორედ აკადემიასთან ერთად ესტუმრება ამჯერად მუსიკოსი თბილისსაც.
ბარენბოიმ-საიდის აკადემია 2016 წელს მიხაილ ბარენბოიმის მამის, ცნობილი პიანისტისა და დირიჟორის, დანიელ ბარენბოიმისა და ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, ედვარდ საიდის ინიციატივით ბერლინში დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდიოეთ აფრიკის ქვეყნებია, როგორც იდეური გაგრძელება ბარენბოიმისა და საიდის მიერ 1999 წელს შექმნილი „დასავლურ-აღმოსავლური დივან ორკესტრისა” რომლის სახელწოდებაც გოეთეს ცნობილი პოემების კრებულიდან მოდის. ორკესტრის დაარსების მიზანი არაბი და ისრაელელი მუსიკოსების გაერთიანებისა და მშვიდობის ალტერნატიული გზით მიღწევის მცდელობა იყო.
ბარენბოიმ-საიდის კადემიაში ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხი. მუსიკალური პროექტების, ლექციების, სიმპოზიუმებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დამსახურებით აკადემია დღეს საერთაშორისო პროექტების, შეხვედრებისა და დებატების გამორჩეული პლატფორმაა.
სოხუმის თეატრის სცენაზე მიხაილ ბარენბოიმთან ერთად წარდგებიან იბრაჰიმ ალშაიხი (კლარნეტი), იცხაკ ნური (ჩელო), ედენ მაიერ ხაიატი (ალტი), ითამარ კარმელისი (ფორტეპიანო) და კატია აბდელ კადერი (ვიოლინო). შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, არნოლდ შონბერგის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებები.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.