არტისტმა გიორგი თორაძემ სადებიუტო სოლო ტრეკი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე სახელწოდებით Karma. ტრეკის ჟანრობრივი მიმდინარეობა ჯაზ-ფანკია. სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნათია ოქრუაშვილია.
„Karma დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწერა. როცა მასზე მუშაობა დავასრულეთ, მე და ნაჯომ (ნათია ოქრუაშვილი) პირველივე მოსმენისთანავე ვიფიქრეთ, რომ მას კლიპიც სჭირდებოდა,” – ამბობს Billboard Georgia-სთან საუბრისას გიორგი თორაძე.
კლიპის რეჟისორი, სეტ-დიზაინერი და სტილისტი ლევან ლეკო ჭყონიაა, პროექტის მენეჯერი კი ანნა დოი. როგორც გიორგი თორაძე ამბობს, გადაღება სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა და გადასაღებ მოედანზე ყველაფერი გზადაგზა იქმნებოდა, რაც სამუშაო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა. „მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” – აღნიშნავს მუსიკოსი.
ეს გიორგი თორაძისათვის პირველი მისთვის დაწერილი სოლო მუსიკალური ნამუშევარია, ამიტომ, ის არტისტის შემოქმედებითი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს.
ნახეთ სიმღერაზე Karma გადაღებული კლიპი, რომლის პრემიერა გიორგი თორაძის Youtube-ის ოფიციალურ არხზე შედგა: