Associated Press-ის ცნობით, პარიზის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრევის სკოტი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასტუმრო Georges V-ში პოლიცია იქნა გამოძახებული. დაკავების მიზეზად სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა სახელდება.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა სცადა ჩარეულიყო ჩხუბში, სადაც ტრევის სკოტი მის პირად მცველს ეკამათებოდა. პარიზის პოლიცია აღნიშნულ ინციდენტს ჯერ კიდევ იძიებს, საერთაშორისო პრესისთვის კი ჯერჯერობით უცნობია, რა სანქცია შეიძლება დაეკისროს შემთხვევის შედეგად არტისტს.
ტრევის სკოტის წამომადგენლის განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ პირდაპირ კავშირზე ვართ პარიზის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა სწრაფად გადავწყვიტოთ საკითხი.”
ტრევის სკოტი პარიზში ოლიმპიადას ესწრებოდა, სადაც აშშ-ის კალათბურთის გუნდი ოლიმპიადის ნახევარფინალში სერბეთს უპირისპირდებოდა.
გრემის ათგზის ნომინანტი ტრევის სკოტი ივნისში მაიამიშიც დააკავეს, რა დროსაც მან პოლიციას წინააღდეგობა გაუწია და უცენზურო სიტყვებით მიმართა სამართალდამცავებს.