14 აგვისტოს ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ განაცხადა, რომ ჰიტად ქცეული სიმღერა Let It Go, დისნეის ცნობილი ანიმაციიდან Frozen, 10 მილიონი გაყიდვით ბრილიანტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
სიმღერა, რომელსაც ელზას პერსონაჟი (იდინა მენზელი) ასრულებს, კრისტენ ანდერსონ-ლოპესსა და ბობი ლოპესს ეკუთვნის. D23-ის ღონისძიებაზე დისნეის მუსიკალური გუნდის პრეზიდენტმა კენ ბანტმა წყვილს ბრილიანტის სტატუსის სერტიფიკატები გადასცა.
„ჩვენ გვიყვარს დისნეის სიმღერები. ისინი შთაგვაგონებენ როგორც შემოქმედებაში, ასევე ცხოვრებაში! მაგრამ რაც შეეხება Let It Go-ს, ამ შემთხვევაში ჩვენ სულ სხვაგან ვიხედებოდით – ძლიერი ქალი ავტორ-შემსრულებლებისკენ, როგორებიც არიან ტორი ამოსი, ადელი, სარა ბარეიესი. შთაგონების წყარო იყო თავად იდინაც. მისი ხმა იმდენად სახასიათოა, რომ ჩვენ ეს სიმღერა მისთვის შევქმენით,” – ამბობდა ბობი ლოპესი „ბილბორდთან” ინტერვიუში.
გამოსვლისთანავე, 2014 წელს, Let It Go-მ 33 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ში. Frozen-ის საუნდტრეკი კი 2014 წლის Billboard 200-ის ლიდერი ალბომი გახდა.
Let It Go-მ დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში და გრემი – ვიზუალური მედიისთვის შექმნილ საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში. ის ასევე გახდა Walt Disney Records-ის პირველი ბრილიანტის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია.
რაც შეეხება თავად Frozen-ს, ანიმაციური ფილმი ახლახან დაანონსებული მესამე ნაწილით გაგრძელდება, რომლის გამოსვლაც 2027 წელს იგეგმება.