აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილები მასობრივი სასაკლაოს მოწყობას აპირებდნენ. ინფორმაცია CIA-ს დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა გაავრცელა. მისი თქმით, სააგენტომ ტერორისტული შეთქმულება დროულად გაშიფრა, რის შედეგადაც მისი ჩაშლა და სამი ეჭვმიტანილის დაკავება მოხერხდა.
დევიდ კოენმა აღნიშნა, რომ CIA-მ მოსალოდნელ საფრთხეზე ავსტრიის ხელისუფლება გააფრთხილა, რის გამოც ტეილორმა ვენაში დაგეგმილი სამივე შოუ გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ისლამურ სახელმწიფოსთან იყვნენ კავშირში.
კოენის თქმით, კონცერტზე ათიათასობით ადამიანის მოკვლა იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოენს არ განუმარტავს, თუ როგორ მოიპოვეს აღნიშნული ინფორმაცია, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფმა მოქმედებამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა.
7 აგვისტოს ავსტრიულმა კონცერტის პრომოუტერმა კომპანია Barracuda Music-მა განაცხადა, რომ 8, 9 და 10 აგვისტოს დაგეგმილი ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, ტერორისტული შეთქმულების გამო გაუქმდა. ავსტრიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული შეთქმულების მთავარი ეჭვმიტანილი ისლამური იდეოლოგიის მხარდამჭერი 19 წლის ავსტრიელი მამაკაცი გახლდათ.
მთავარი ეჭვმიტანილის სახლში რეიდის დროს პოლიციამ ქიმიკატები და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა, რომლებიც თავდასხმისთვის იყო განკუთვნილი. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიებაში სხვა სადაზვერვო სააგენტოები დაეხმარნენ, რადგან ავსტრიელ გამომძიებლებს არ აქვთ უფლება, ტექსტური შეტყობინებები ლეგალურად აკონტროლონ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტეილორ სვიფტმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას ტრაგედიის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა.
სვიფტს ამჟამად მცირე შესვენება აქვს. ერას ტურის განახლებას კი არტისტი 18 ოქტომბერს მაიამიში გეგმავს.