ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი გლობალურ საკითხებს ეხმაურება და ამბობს, რომ გასაოცრად ოპტიმისტურადაა განწყობილი ჩვენი პლანეტის მომავალთან დაკავშირებით.
Paper-თან ინტერვიუში მუსიკოსმა ვრცლად ისაუბრა მის 2019-2023 წლების ტურნეზე Cornucopia, რომელიც უკავშირდებოდა 2017 წლის ალბომს Utopia. ტურნეს მასშტაბური თეატრალური წარმოდგენის სახე ჰქონდა და დღემდე ბიორკის ყველაზე ამბიციურ პროექტად მიიჩნევა.
სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებთან ერთად ლაივ შოუების ფოკუსი დიდწილად გარემოსდაცვით საკითხებს მიემართებოდა. ბოლოს კი ბიორკი აუდიტორიას სთხოვდა, ეფიქრათ ამ პრობლემის გადაჭრის თანამედროვე გზებზე, მაგალითად, როგორიცაა პარიზის კლიმატის შეთანხმება (რომლიდანაც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ კიდევ ერთხელ გამოიყვანა).
„თუ კლიმატის შეთანხმებას, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ, სრულიად მიუღწევლად დავსახავთ, მაშინ მიზნებამდე ვერასდროს მივალთ,” – ამბობს ბიორკი. „ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად მომავლის წარმოდგენა და მასში შებიჯებაა. ჩვენ ისეთი შეთანხმებები უნდა დავწეროთ, რომელთა მიღწევაც შეგვიძლია და იქამდე უნდა ვაუმჯობესოთ ის, სანამ ზუსტ ვერსიას არ მივიღებთ. მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა ამ ყველაფერზე სხვანაირად იფიქრებს და განსხვავებულ გამოსავლებსა და ცხოვრების მწვანე გზებს იპოვის.”
ბიორკმა ასევე ისაუბრა თავის, როგორც აქტივისტის გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ 2007 წლის სიმღერა Declare Independence პირველი მცდელობა იყო ხელოვნებისა და აქტივიზმის შერწყმის – კონცეფციის, რომელზეც მანამდე ეცინებოდა, თუმცა საბოლოოდ თავადვე დაადგა მის გზას. და მიუხედავად მსოფლიოში დღეს არსებული პრობლემებისა, მუსიკოსი ამბობს, რომ 2025 წელს ოპტიმისტურად ელოდება.
„ყოველთვის იყო აპოკალიფსები. იყო ნოე და წარღვნა, იყო შავი ჭირი. ეს ნარატივი სულ არსებობდა. ახლა კი, ვფიქრობ, რომ მთავარია აქტიურობა და გამოსავლის ნაწილად ქცევა. და ასევე სიმამაცის ქონა იმისთვის, რომ მომავალი და ამ მომავალში ყოფნა წარმოიდგინო და შენი საქმით რაღაც შეცვალო. ესაა მნიშვნელოვანი.
ჩემთვის რთულია ამ პოსტაპოკალიფსური ფილმებისა თუ შოუების ყურება. ეს თითქოს დანებებაა, ნიჰილიზმი, საკუთარ თავზე წუხილი, თითქოს დანებება კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ დანებება კარგია. ასე რომ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჰუმანურობა და სული იმ მომავლის სამყაროში, რომელსაც ვაშენებთ და რომელშიც ბუნება და ტექნოლოგია ერთმანეთს ერწყმის. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ წარმოსახვის დახმარებით ბიოლოგიას ეს შეუძლია. ბიოლოგია ყოველთვის იმარჯვებს.”
2024 წლის სექტემბერში კლიმატის კვირეულზე ბიორკმა თავისი Cornucopia-ს საკონცერტო ფილმი აჩვენა. ფილმი ტურნეს ფარგლებში ლისაბონის კონცერტზეა გადაღებული და ეკრანებზე 24 იანვარს გამოვა.