როცა საქმე სატელევიზიო ლაივ კონცერტს ეხება, ცოტაა იმაზე პრესტიჟული სცენა, ვიდრე Saturday Night Live. მასში მონაწილეობა მკაფიო განაცხადია, რომ შენ ხარ არტისტი, რომლისგანაც მომდევნო წლებში მსოფლიო კიდევ უფრო მეტს უნდა ელოდეს.
წელს შოუმ 50 წლის იუბილე აღნიშნა. გარდა ორი დოკუმენტური ფილმისა – Ladies & Gentlemen… 50 Years of SNL Music და SNL50: Beyond Saturday Night, საიუბილეო თარიღს 14 და 16 თებერვალს ორი მასშტაბური ღონისძიებაც მიეძღვნა.
ამ თავბრუდამხვევ ორომტრიალში კი „ბილბორდმა” ინტერვიუ ჩაწერა იმ ორ ადამიანთან, რომლებიც Saturday Night Live-ში მონაწილე არტისტებს არჩევენ და მათ ამ პროცესის შესახებ ესაუბრა. პროდიუსერი რებეკა შვარცი, რომელიც SNL-ს 2015 წელს შეუერთდა (Machine Gun Kelly მისი პირველი არტისტი იყო, რომელსაც შოუში მონაწილეობა შესთავაზა) და პროდიუსერი ბრაიან სიდლეკი, რომელიც შოუში 1996 წელს სტაჟიორად მივიდა (მისი პირველი არტისტი ნელი ფურტადო იყო I’m Like a Bird-ის პერიოდში).
როგორია ერთი ჩვეულებრივი კვირა თქვენთვის?
რებეკა შვარცი: ძალიან ცვალებადია იმ მუსიკალური სტუმრის მიხედვით, ვინც უნდა გამოვიდეს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ისინი ჩვენთან ხუთშაბათამდე არ მოდიან. ასე რომ, ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით გვაქვს შეხვედრები მათ კრეატიულ გუნდებთან. გვაქვს ზარები, ვათანხმებთ სცენასა და პარამეტრებს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ძალიან პატარა მუსიკალურ სეტზე.
ბრაიან სიდლეკი: დავდივართ კონცერტებზე, ფესტივალებზე. ყურადღებას ვაქცევთ, რა ხდება ტიკტოკსა და სტრიმინგ პლატფორმებზე. ასევე აგრესიულად ვარწმუნებთ არტისტებს, რომლებისაც გვჯერა, და ვეძებთ საშუალებებს, რომ ისინი სამი დღით ნიუ-იორკში იყვნენ ხელმისაწვდომი.
SNL ასეთი პრესტიჟული სცენაა ნებისმიერი არტისტისთვის. ალბათ საკმაოდ რთულია ამდენ მუსიკოსში არჩევანის გაკეთება.
სიდლეკი: ხანდახან. მაგრამ, მაგალითად, არტისტების ტურნეების ფარგლებში, მათთან შეთანხმება ძალიან რთულია. ისინი ხომ აქ არ მოდიან ერთი დღით, როგორც სხვა სატელევიზიო პროგრამებში. თანაც, ჩვენი შოუს გაკეთება ძალიან ძვირია. ამიტომ მათ აქ მოსვლა უნდათ მაშინ, როცა მათ ეს უღირთ. გარდერობი, გუნდი, რომელიც ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით ნიუ-იორკში უნდა ჩამოიყვანონ, შესაძლოა თავიანთი განათებაც დასჭირდეთ… ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება.
შვარცი: პირველად რომ მოვედი, ვფიქრობდი: „რა არის ასეთი რთული ამაში? ვინ არის ახლა ყველაზე ცნობილი ადამიანი? რა თქმა უნდა, მას ენდომება შოუში მოსვლა.” რაც სინამდვილეში სიმართლეა, თუმცა აქ ბევრი ფაქტორია. ხანდახან ადამიანებს მართლა არ აქვთ მიყოლებით ორი თავისუფალი დღე. ხანდახან ისინი არ არიან საალბომე ციკლში, ეს გამოსვლა კი შესაძლოა ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდეს, რისი გადახდაც ჯიბიდან არ სურთ. ძალიან ბევრი დრო მიაქვს დაგეგმვას.
დაგეგმვა ნახევარი საქმეა მუსიკალურ ბიზნესში. რა თქმა უნდა, ისეთ არტისტზე შეთანხმება, როგორიც პოლ მაკარტნია, მარტივი „კი” არის, მაგრამ როგორ აფასებთ ახალბედა არტისტების კანდიდატურებს, იმსახურებენ თუ არა SNL-ის სცენაზე გამოსვლას?
სიდლეკი: ხანდახან ეს უბრალოდ დღესავით ნათელია. მაგალითად, ოლივია როდრიგო, რომელიც ყველამ დავინახეთ, თუ როგორ სწრაფად აღმოცენდა. იგივე შეიძლება ითქვას ჩაპელ როუნზე. უბრალოდ უნდა განსაზღვრო, თუ როდის დგება სწორი მომენტი.
შვარცი: ხანდახან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ძალიან ცნობილი არტისტი, მაგრამ გვითქვამს: „ეს გიჟური რისკია, მაგრამ ვფიცავ, ღირს.” ასე იყო Mk.gee-ის შემთხვევაში.
გუნდის წევრები თუ ლობირებენ თავიანთ საყვარელ არტისტებს?
შვარცი: ყოველთვის და ეს შესანიშნავია. ეს არის ის, რაც ამ შოუს მრავალფეროვანს ხდის. ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს გემოვნების, ასაკის… ჩვენ შიგნით ძალიან მრავალფეროვანი გუნდი ვართ, ამ სიტყვის სრული დატვირთვით.
სიდლეკი: დღის ბოლოს ჩვენ უბრალოდ გვინდა საოცარი გამოსვლა და არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა ის ჩვენი სტილის მუსიკა.
გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა კონცეფციაზე შეთანხმდით, მაგრამ ამან სცენაზე არ იმუშავა და ბოლო წამს მოგიწიათ შეცვლა?
სიდლეკი: ხანდახან. ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, რა იმუშავებს და რა – არა. თუ არტისტი განსაკუთრებულად მონდომებულია, ვეუბნებით: „კარგი, მოდი ვცადოთ ამის მიღწევა და ხუთშაბათს შევხედოთ.” თუმცა ასევე ვთხოვთ, რომ ჰქონდეს ალტერნატიული გეგმაც. უმეტესი მათგანი ამაზე მარტივად გვთანხმდება.
შვარცი: ჩვენ მუდმივად მხარს ვუჭერთ სტუმრებს დიდი მიზნების მიღწევაში და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ძალიან მეგობრული შოუ ვართ. ჩვენ გვსურს, რომ სცენა გამოიყურებოდეს ისე, როგორც არტისტს უნდა. ყოველთვის ვეცდებით იმის გაკეთებას, რაც მათ სურთ, თუმცა ვამბობთ, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ და მათ უნდა ჰქონდეთ სათადარიგო გეგმაც.
სიდლეკი: ამ საუბრებში ჩართული არიან ჩვენი განათებისა და სცენის სპეციალისტებიც. მათ შეიძლება ისეთი იდეები გაუჩნდეთ, რომელთა საშუალებითაც ალტერნატიული გზებით მივაღწევთ იმას, რაც არტისტს სურს, სტუდიის პარამეტრებიდან გამომდინარე. ეს ერთობლივი პროცესია. ამის შემდეგ კი იმედი გვაქვს, რომ ხუთშაბათს ისინი შემოვლენ სტუდიაში ისე, რომ არ ექნებათ სადარდებელი სცენაზე და მხოლოდ თავიანთ გამოსვლაზე იღელვებენ.
როგორ ხდება არტისტების სკეტჩებში მონაწილეობა?
სიდლეკი: კვირის დასაწყისში ჩვენ ვაფასებთ ინტერესებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ არავის დროს არ ვფლანგავთ.
შვარცი: თუ ვინმეა, ვისაც თავად სურს, ამის ნაწილი იყოს, ჩვენც ვერთვებით საქმეში და ერთგვარ კამპანიას ვაწარმოებთ, რათა სცენარისტებმა იცოდნენ, რომ ესა თუ ის ადამიანი დაინტერესებულია და მისი გამოყენება სცადონ.
სიდლეკი: კითხვის დროს კი შესაძლოა რომელიმე ჩვენგანს მოუვიდეს იდეა, რომ, მაგალითად, ეს პერსონაჟი ბილი აილიშს უნდა განვასახიერებინოთ.
წელს ორი დიდი ღონისძიება გქონდათ…
შვარცი: პარასკევის ღონისძიება რეალურად იმიტომ დაიგეგმა, რომ კვირის შოუზე არ გვქონდა საშუალება, ყველა ის არტისტი მოგვეწვია, რომლებმაც 50 წლის განმავლობაში შოუს ფორმირება მოახდინეს. ასე რომ, პარასკევის ღონისძიება იყო ჩვენი მცდელობა, მოგვეცვა ყველა ჟანრი და დროის პერიოდი. ხოლო კვირა ამ ყველაფრის მიკროვერსია იყო.
ათასობით შოუ გაიმართა ამ წლების განმავლობაში. ერთი გიჟური იდეა მქონდა, რომ ყველა მათგანისთვის მეყურებინა და მათი რეიტინგი გამეკეთებინა, რაც მალევე გადავიფიქრე.
შვარცი: სხვათა შორის, Questlove-მა გააკეთა ეგ. ყველა მათგანს უყურა და შეაფასა, თუმცა მან ეს დოკუმენტური ფილმისთვის მოსამზადებლად გააკეთა. მას მართლაც ენციკლოპედიური ცოდნა აქვს ყველა შოუზე და იმაზეც, თუ, მაგალითად, რეპეტიცია უკეთესი იყო, ვიდრე ეთერი და ხანდახან ასეც ხდება. მგონი, ამას ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა.
რომელიმეს თუ გაქვთ საყვარელი გამოსვლა თქვენი SNL-ში მუშაობის პერიოდში ან მანამდე? ვისმა გამოსვლამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
შვარცი: ლანა დელ რეი. მიყვარს ლანა.
სიდლეკი: კი, ბევრი კუთხით მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა.
შვარცი: სიდლეკი თავად მუშაობდა ამ შოუზე, ასე რომ, მისთვის ეს განსხვავებულია. მაგრამ მე, როგორც ფანს და ადამიანს, რომელიც მაშინ აქ არ მუშაობდა, განსაკუთრებულად მახსოვს ეს შოუს და ფიქრი: „არ მჯერა, რომ ეს SNL-ში ხდება.
სიდლეკი: რთული და სტრესული იყო, მაგრამ ის იყო არტისტი, რომლისაც გვჯეროდა. ჩემთვის ასევე დაუჯერებელი იყო, როცა პრინცი მოვიდა. ვფიქრობდი: „ნუთუ ის მართლა მოვიდა?” საოცარი იყო იქ ყოფნა და მასთან სამწუთიანი საუბარი.
შვარცი: მე მაშინ ახალი მოსული ვიყავი და ცხადია, ხმა არ ამომიღია და არც მის თვალთახედვის არეში მოვხვედრილვარ, თუმცა შორიდან ვადევნებდი თვალს. არც კი დამინახავს, რომ მისი ფეხები მიწას შეხებოდა – ის ჰაერში ლივლივებდა. მართლაც მისტიკური არტისტი იყო.