4 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ორგანიზატორებმა წლევანდელ პროგრამაზე ისაუბრეს.
დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
„წელს ფესტივალის ფარგლებში 21 კონცერტი გაიმართება. რამდენიმე მათგანი Medici TV-ის პლატფორმაზე გადაიცემა. წინანდლის ფესტივალი უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის. წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი სტუმრების რაოდენობა. ფესტივალს უამრავი მნიშვნელოვანი პირი ესწრება, მათ შორის საერთაშორისო პრესა, საელჩოების წარმომადგენლები და სხვა.“
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, რომელმაც აუდიტორიას ახალი პროექტის შესახებ აუწყა.
გიორგი რამიშვილის თქმით, ცნობილ არქიტექტორ კენგო კუმასთან თანამშრომლობით მზადდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც წინანდალში ახალი საკონცერტო დარბაზი აშენდება.
„ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონცერტები ოთხივე სეზონზე ჩატარდეს. დარბაზი აღიჭურვება სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და გადაიქცევა მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ. შედეგად, წინანდალში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება მრავალი ღონისძიება: კონცერტები, სპექტაკლები და სხვა,“ – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ავი შოშანიც, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ფესტივალის დაარსების ისტორია. მან მადლობა გადაუხადა გიორგი რამიშვილს და აღნიშნა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით იქცა წინანდლის ფესტივალი რეალობად.
ავი შოშანი:
„ფესტივალში ჩართული ყველა ადამიანი პროფესიონალია და ძალიან გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვართ. ფესტივალი კლასიკური მუსიკის არაერთ გავლენიან ვარსკვლავს აერთიანებს, თუმცა, ამავდროულად, აქ არის მომავალი თაობაც – ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ნამდვილ აღმოჩენებად იქცნენ. ჩვენ გავაერთიანეთ ახალგაზრდა მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა იყოს.“
პან-კავკასიური ორკესტრის და ახალგაზრდა არტისტების ჩართულობაზე ისაუბრა ფესტივალის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედამაც. მისი თქმით, ფესტივალს თავისი ხარისხითა და მასშტაბებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კლასიკური მუსიკის სამყაროში.
„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდური მიდგომა გვაქვს. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. საუცხოო ატმოსფეროა, რაც საშუალებას გვაძლევს, მუსიკით სიამოვნება მივიღოთ,“ – აღნიშნა ჯანანდრეა ნოზედამ.
ფესტივალის გახსნის დღეს ამფითეატრის სცენაზე პიანისტი ბეხზოდ აბდურაიმოვი და პან-კავკასიური ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით წარდგნენ. შესრულდა პიოტრ ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი №1 სიბემოლ მინორი, თხზ. 23 და დმიტრი შოსტაკოვიჩის სიმფონია №5 რე მინორი, თხზ. 47.
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 14 სექტემბერს დაიხურება.