Rosé და ბრუნო მარსი 2025 წლის გლობალური ჰიტის – APT.-ის და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესახებ

Blackpink-ის ვარსკვლავი ბრუნო მარსს მაშინ შეხვდა, როცა სოლო კარიერის შექმნა დაიწყო.
Rosé . 10 ნოემბერი, 2025, Milk Studios, ლოს ანჯელესი. სტილი: Aeri Yun; თმა: Seyoung Kim (Agency Garten); მაკიაჟი: Jungyo Won (Bit & Boot); მანიკური: Betina Goldstein (The Wall Group); სეტის დიზაინი: Isaac Aaron; კაბა: Erdem
ფოტო: Joelle Grace Taylor

Rosé-ს და ბრუნო მარსის ერთობლივი სიმღერა – APT. 2024 წელს გამოვიდა და ერთ-ერთ ცნობილ ჰიტაც იქცა. ახლახან Billboard-ის ავტორმა, ლინდსი ჰეივენსმა არტისტებთან ინტერვიუ ჩაწერა.

„მე მაცვია ჩემი Rosie მაისური“, – ამბობს ბრუნო მარსი თავისი დამახასიათებელი თავდაჯერებული ღიმილით. Rosé-ც ატარებს მერჩენდაიზს, თუმცა მისი ბრუნო მარსის ბრენდირებული მაისურია. „ჩვენ ამას არ ვგეგმავდით“, – ადასტურებს ბრუნო, რაზეც Rosé ეთანხმება.

ინტერვიუ Zoom-ის ზარით ჩაიწერა, როცა Rosé სეულში იყო, ხოლო მარსი ლოს-ანჯელესში. მიუხედავად ამისა, მათ შორის კომფორტული გულწრფელობა იგრძნობა. ისინი პირველად 2024 წლის ზაფხულში შეხვდნენ, როდესაც ბრუნოს ლოს-ანჯელესის სტუდიაში Atlantic Records-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, Rosé კი სადებიუტო სოლო ალბომისთვის ემზადებოდა. Rosé იხსენებს: „მინდოდა, შეხვედრისგან მაქსიმუმი მიმეღო, რადგან მეგონა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. ვფიქრობდი – ეს ჩემი მომენტია, უნდა მივიღო ყველა რჩევა და დახმარება, რაც შემიძლია.“

„ვცდილობდი, რომ მესწავლა ყველაფერი, რაც ჩემთვის სოლო კარიერაში მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს Rosé. 2024 წლის ივნისში მან The Black Label-თან მენეჯმენტის სერვისისათვის, ხოლო სექტემბერში Atlantic Records-თან ლეიბლის სერვისებისთვის კონტრაქტები გააფორმა. 2025 წლის სექტემბერში WME-სთან მსოფლიო წარმომადგენლობის ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი, რომელიც მომავალ სოლო ალბომებსა და გლობალურ ტურნეებზე გავრცელდება. „მახსოვს, ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა და მინდოდა, გამეგო, რას ვიზამდი დამოუკიდებლად, ამიტომ ეს კარგი შესაძლებლობა იყო ინდუსტრიაში ახალი ადამიანების გასაცნობად“, – განმარტავს Rosé.

ალბომზე მუშაობის დაწყებისას, რომელიც მისი სოლო დებიუტია, Rosie გახდა Rosé. ლოს-ანჯელესში ის შეხვდა სიმღერების ავტორს, ეიმი ალენს, რომელმაც შექმნა მისი 2021 წლის სოლო სინგლი On the Ground, მაგრამ მარსთან შეხვედრას უკავშირდება 2020-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი – მათი ენერგიული პოპ-როკ კოლაბორაცია APT.

„ის შთამაგონებელი აღმოჩნდა, არა მხოლოდ APT-სთან დაკავშირებით, არამედ მთელი ალბომისთვისაც“, – ამბობს Rosé. მარსმა მასთან ერთად დაწერა და პროდიუსინგი გაუწია ალბომის გახსნით ტრეკს, Number One Girl. 

Schiaparelli – კაბა, კარდიგანი და ფეხსაცმელი; სამკაული – Tiffany & Co.
ფოტო: Joelle Grace Taylor


2024 წლის ოქტომბერში სინგლი, „APT.“ გამოვიდა და სწრაფადვე დიდი ყურადღება მიიქცია. 2025 წლის დასაწყისისთვის ეს ჰიტი გახდა K-pop არტისტის პირველი №1 სიმღერა Billboard-ის Pop Airplay ჩარტზე, აპრილში კი Billboard Global Excl. U.S. ჩარტში ზედიზედ უკვე მე-19 კვირა გაატარა. წლის ბოლოს ორივე გლობალური ჩარტის სათავეში მოხვდა. Luminate-ის მონაცემებით, სიმღერამ 27 ნოემბრამდე თითქმის 4.9 მილიარდი ოფიციალური გლობალური სტრიმი დააგროვა.

სექტემბერში, „APT.“ MTV Video Music Awards-ზე წლის სიმღერად დასახელდა. ეს პირველი შემთხვევაა K-pop არტისტისთვის. ნოემბერში Rosé-მ სამი გრემის ნომინაცია აიღო, მათ შორის წლის ჩანაწერის და წლის სიმღერის კატეგორიებში. ამით Rosé გახდა პირველი K-pop არტისტი, რომელიც გრემის ექვსივე ძირითად კატეგორიაში ნომინირდა. ნომინაციების გამოცხადებისას ის სეულში, თავის სახლში იყო. 

მანამდე, სანამ „APT.“ გლობალურ ჰიტად იქცეოდა, ეს უბრალოდ იყო სიმღერა Rosé-ს საყვარელ სასმელის თამაშზე.

„სიმართლე ისაა, რომ სწორედ Rosie-ს ხმა იყო მთავარი – მის მიერ ნათქვამი ეს ჰუკი, რომელსაც რაღაც ჯადოსნური ენერგია ჰქონდა. ჩვენ ამ პაზლის დალაგება გადავწყვიტეთ, ყველა სიმღერის შემთხვევაში ხომ ასე ხდება, არა?  მან უბრალოდ სიყვარულზე დაწერილი პოპ-სიმღერა არ გამომიგზავნა. რეალურად, თავის სამყაროში შემიყვანა,” – ამბობს ბრუნო მარსი.

რას გაიხსენებთ თქვენი პირველი შეხვედრიდან?

Rosé: ეს მის სტუდიაში მოხდა. შევედი და ბრუნო ძალიან, ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემი გუნდის მიმართ, მე კი ბედნიერი ვიყავი. უცებ მომმართავს და მეკითხება, გავიგე, რომ ალბომზე მუშაობო. და მე ვუპასუხე: „გინდა, მოუსმინო?“ მერე ყველაზე უცნაური კითხვები დავუსვი. 

ბრუნო მარსი: ძალიან სასიამოვნო იყო. თითქოს ამბობდა: კი, მე ამას გავაკეთებ. შანსს გამოვიყენებ და ვცდი. მერე უბრალოდ მუსიკაზე ვილაპარაკეთ. მეც მაინტერესებდა, როგორ აპირებდა სოლო კარიერის შექმნას. ის მოდიოდა ასეთი გიგანტური ჯგუფიდან, რომელიც ამდენს ნიშნავს ხალხისთვის. Rosie-მ ყველაფერი ამიხსნა. აღფრთოვანებული ვიყავი. მისი ღიმილი და თავშეკავება სხვანაირად არ უნდა მიიღოთ – ძალიან მოტივირებული იყო. ასე დავმეგობრდით და იქ დაიწყო ყველაფერი.

Saint Laurent (პიჯაკი, ქვედაბოლო, ბლუზი, საყურე)
ფოტო: Joelle Grace Taylor

სიმღერასა და მის ვიდეოზე მუშაობისას, რა იდეები გაგიჩნდათ?

Rosé: ვეუბნებოდი: „ვიდეოზე რას ფიქრობ?“ და ის ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა, რომ მეგონა, სერიოზულად არ აღიქვამდა. ძალიან გამიკვირდა, როგორ მუშაობს ბრუნოს ტვინი. ვინერვიულე კიდევაც, მაგრამ მერე რომ უკან მივიხედე, ვთქვი: „ყველა წვრილმანი ხომ ჩვენი ხუმრობებიდან დაიბადა,“ – გამიხარდა, რომ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა.

მარსი: ძალიან რთულია ახსნა… კორეული დროშები შევუკვეთე და ის მეუბნება: „რა?“ და მე ვუთხარი: იაპონიაში ვიყავი და ეს სათვალეები ვიყიდე, Rosie, ვფიქრობ, ორივემ უნდა გავიკეთოთ. ის კი მპასუხობს: „მართლა სერიოზულად ამბობ?“

მარსი: მუდამ იმეორებდი: „ლამაზად გამომიყვან, ხომ?“

Rosé: კი, კი, კი.

მარსი: „სულელად არ გამოვჩნდები, ხომ?“

Rosé: მგონი ერთადერთი რამ, რაც არ გავაკეთეთ, იყო ის სასაცილო მოძრაობები, რაც დაგეგმილი იყო. ერთ მომენტში შენ უნდა შემომხტარიყავი ჩემს ზურგზე. მგონი ეს სცენა დრამებზე დაკვრის სცენად გადაკეთდა.

მარსი: სწორია. Rosie სულ გაგიჟებული იყო. ვეუბნებოდი: „Rosie, დრამებზე დაუკარი!”

დრამებზე დაკვრა შენ ასწავლე?

Rosé: ცოტა.

მარსი: თვითონაც გამოსდიოდა. შესანიშნავი მოცეკვავეა, ამიტომ ჩემ მიერ ნათქვამი „ერთ-ორი, ერთ-ორი“ მისთვის მარტივი იყო. ძალიან მარტივად გამოუვიდა.

Rosé: მართალია, მეორე დღეს სახლში რომ გავიღვიძე, მუცელი მტკიოდა, იმდენი ვიცინე ვიდეოს გადაღების პროცესში. სერიოზულად, ეს იყო ყველაზე სასაცილო, ყველაზე სახალისო კლიპის გადაღება, რაც ოდესმე მქონდა.

მარსი: Rosie კი აზრზე არ იყო, რომ ჩუმი ომი მიდიოდა ჩემსა და დენიელს შორის, რომელიც ვიდეოს რეჟისორი იყო ჩემთან ერთად. უზარმაზარი წნეხი იყო – დრო გვეწურებოდა. მთელი ვიდეო თითქმის სლოუმოუშენში გადავიღეთ, ამიტომაც არის ასეთი მოძრაობებით. გვიწევდა სიმღერა ათასჯერ გაგვემეორებინა და პროცესი ასე მიდიოდა: „Apateu, apateu / Apateu, apateu…“ საათების განმავლობაში გრძელდებოდა. ყველა გვიყურებდა სახეებით: „რა ჯანდაბას აკეთებენ?“ სიმღერა ჯერ არც იყო გამოსული და არავის ჰქონდა მოსმენილი. მთელი გადასაღები ჯგუფი და Rosie-ს გუნდი ეჭვობდა: „ნამდვილად კარგად ვიქნებით?“ ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიამოვნება იყო, დიდი ნდობაც იყო საჭირო.

Rosé. Collina Strada – კაბა, Vivienne Westwood – ჰალსტუხი, Saint Laurent – ფეხსაცმელი. 10 ნოემბერი, 2025, Milk Studios, ლოს ანჯელესი.
ფოტო: Joelle Grace Taylor

ბრუნო, შენ ასევე თანაავტორი და თანაპროდიუსერი ხარ სინგლისა – „Number One Girl“. როდის ჩაერთე ამ სიმღერაში?

მარსი: მგონი იგივე სიტუაცია იყო, ხომ, Rosé? იყო უბრალოდ: „ჰეი, რას ფიქრობ ამ სიმღერაზე?“

Rosé: სატელეფონო ზარი გვქონდა სხვა სამუშაო თემებზე და ვუთხარი: ბრუნო, ცოტა გავიჭედე ამ სიმღერაზე. ის უსმენს და პიანინოზე დაკვრა დაიწყო. შემდეგ დაიწყო სიმღერა და მეუბნება: ეს უნდა განვითარდეს ასე და ასე. და მე ვუთხარი: მოიცადე, ჩავიწერ! მეორე დღეს კი მეუბნება: მოდი სტუდიაში ვიმუშაოთ. თავისი იდეები გამიზიარა და მართლა მგონია, რომ ეს იყო, რაც ამ სიმღერას სჭირდებოდა. ჰო, ცოტა ვკამათობდით კიდევაც და ის მეუბნებოდა: Rosie, უნდა დამიჯერო. საბოლოოდ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.

არის სხვა სიმღერები, რომლებზეც იმუშავეთ და ალბომში არ შევიდა, ან მას შემდეგ გააგრძელეთ მუშაობა?

მარსი: ო, კი. და ძალიან გვიყვარს ის სიმღერა, რაც ერთად გავაკეთეთ, თუმცა სახელს არ ვიტყვი… 

ინტერვიუს დროს, ბრუნო მარსმა თქვა, რომ Rosie-ს გამო სამხრეთ კორეაში სხვანაირად ექცევიან. 

მარსი: როგორც ვთქვი, ძალიან დავუახლოვდი სიმღერას, რადგან მასში კორეული კულტურაა და ეს ჯადოსნურად მეჩვენებოდა.

Rosé: შენს კონცერტზე ვიყავით [2023 წლის ივნისში], ერთი წლით ადრე, სანამ გაგიცნობდი. მგონია, რომ მთავარი, რის გამოც მთელ აუდიტორიას უყვარხარ, ისაა, რომ ყველა გრძნობს, როგორ ეკიდები ჩვენს კულტურას. შოკში ვიყავი. არასდროს მინახავს კონცერტი, რომელიც ასე მოერგებოდა იმ ქვეყანას, სადაც იმ მომენტში ტარდებოდა. 

მარსი: უნდა გამეგო ამ კორეელი გოგონებისთვის.

Rosé: როდესაც ამ სიმღერაზე ვმუშაობდით, მან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა აჩვენა ჩემი კულტურის მიმართ! მართლა უნდოდა, ბოლომდე გაეგო. სულ მახსოვს, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის გაგება და მისი გაძლიერება  

მარსი: არავინ ამბობს, მაგრამ მგონია, Rosie არის პირველი შემთხვევა, როცა ეს ასეთი მასშტაბით დავინახეთ. ბოლოს მსგავსი გავლენა „Gangnam Style“-ს ჰქონდა. ისიც საოცარი მოვლენა იყო – ადამიანი გამოვიდა, თავისი სტილით, კორეულად მოსაუბრე, როგორც არის და მთელ მსოფლიოს მოედო. „APT.“ Rosie-სთან იყო ისეთი რამ, რაც არასდროს მიგრძვნია. კორეელი გოგო, რომელმაც რაღაც სრულიად ახალი გააცნო იმ ხალხს, ვინც საერთოდ არ იცოდა, მათ შორის – მეც. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სწორედ ეს არის – როგორ რეაგირებენ ადამიანები… ეს არის ნამდვილი მაგია.

Rosé. Collina Strada – კაბა, Vivienne Westwood – ჰალსტუხი. 10 ნოემბერი, 2025, Milk Studios, ლოს ანჯელესი.
ფოტო: Joelle Grace Taylor

ბრუნო, უკვე ასწავლე სხვებსაც ეს თამაში?

მარსი: კი. ახლა მე ვარ „APT.“-ის მოყვარული. ადრე „Grenade“–ის ადამიანი ვიყავი, ახლა – „APT.”-ის.

Rosie-ს გარდა, ვისთან ითამაშე ყველაზე კარგად?

მარსი: მახსოვს, Rosie მოვიდა ჩემს კლუბში ლას-ვეგასში და იქ ყველას ასწავლიდა მაგიდასთან როგორ უნდა ეთამაშათ. ძალიან სერიოზულად უდგებოდა ამას. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ ეს იყო. შემდეგ კარგადაც დავთვერით.

ბრუნო, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს გრემიზე – განსაკუთრებით წლის ჩანაწერის და წლის სიმღერის კატეგორიებში, რომლებიც არაერთხელ მოგიგია – როგორ შეაფასებდი „APT.“-ს კონკურენტუნარიანობას და შესაძლოა მისი გამარჯვება?

მარსი: მგონია, რომ უკვე მოვიგეთ. გრემი და ნებისმიერი დაჯილდოება რთული მოვლენაა, წინასწარ არაფერი იცი. მაგრამ ჩემთვის ის ფაქტი, რომ ეს პატარა იდეა გადაიქცა იმად, რადაც იქცა და ორი არტისტი დაგვაკავშირა, ეს არის გამარჯვება. დანარჩენი ბონუსია. კიდევ ერთი შანსია, რომ გამოვეწყოთ, გავერთოთ და მე და Rosie-მ გრემიზე ერთად გავატაროთ დრო. მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ უკვე გამარჯვებულები არ ვართ.

Rosé: კარგი პასუხი იყო! ინტერვიუებში ძალიან კარგი ხარ!

Schiaparelli – კაბა და კარდიგანი; სამკაული – Tiffany & Co.
ფოტო: Joelle Grace Taylor

გრემიზე ერთნაირად ჩაიცვამთ?

მარსი: Rosie ამისთვის მზად არ არის.

Rosé: ბოლოს ღონისძიებაზე რომ წავედით, ყველაფერი ჩემი იდეა იყო, გახსოვს?

მარსი: მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციებში, Rosie კი მეუბნება: „არ ინერვიულო.“ და მძღოლს მივყავართ დიდ სტადიონზე. ვზივართ გამოყოფილ სივრცეში სხვა არტისტებთან ერთად, ყველგან ხალხია…

Rosé: იმდენად ბევრს ვიცინოდი.

მარსი: და ის ამავდროულად ისეთი მშვიდი და მოწესრიგებული იყო.

სად მოხდა ეს?

მარსი:  MAMA Awards-ზე ოსაკაში [იაპონია]. თავიდან ვიფიქრე: „MAMA Awards – მშვენიერია, მაგარი გარემო იქნება, კოსტიუმს ჩავიცვამ.“ და შევდივართ სტადიონზე, სადაც ყველა ჩვენ გვიყურებს.

დიდი ამბავია, როცა ბრუნო სადმე ჩნდება.

Rosé: ნამდვილად! გულში ვფიქრობდი: „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია.“

დღეს, როცა „APT.“-ს უსმენთ, რომელი სტროფი არის თქვენი რჩეული?

მარსი: „Kissy face, kissy face.“ 

Rosé: „Don’t you want me like I want you baby.“ ამ ნაწილში რაღაც მიმზიდველია.

მარსი: განსაკუთრებით როცა მე ვმღერი. არა, Rosie?

Rosé: კი. რა თქმა უნდა, კი.

Erdem – კაბა, Andrea Wazen – ფეხსაცმელი 
ფოტო: Joelle Grace Taylor

ბრუნო, სადებიუტო ალბომი 2010 წლიდან უკვე 750 კვირაზე მეტია, Billboard 200-ის ჩარტში ხვდება. რას ეტყოდი ისეთ არტისტებს, როგორიც Rosé არის? რა არის ამ ინდუსტრიაში ხანგრძლივი პოპულარობის საიდუმლო?

მარსი: ჩვენ სიმღერებს ვწერთ, ეს არის ჩვენი სამუშაო და ეს მარტივი არაა. რთულია ისეთი სიმღერის დაწერა, რომელსაც „ის რაღაც“ აქვს. და უნდა გახსოვდეს, რომ ეს ყოველდღე არ ხდება – უბრალოდ რადარი უნდა იყო და მზად დახვდე მომენტს, როცა ეს მოხდება. სხვა გზა არ არსებობს. ყველაფერი უნდა დალაგდეს: სიმღერა უნდა იჯდეს არტისტში, კარგი იყოს მისი პრეზენტაცია და ყველა დეტალი უნდა იყოს თანხვედრაში, რომ მაგია შედგეს. ეს არის ყველაზე რთული ჩვენს საქმეში: დაიჭირო ის სიხშირე, რომელსაც ადამიანებისთვის მნიშვნელობა აქვს. მილიარდი სიმღერა დაიწერა უკვე, ამიტომ უბრალოდ მუდმივად უნდა სწავლობდე, ცდილობდე ყოველდღე და ერთ დღეს ის მაგია აუცილებლად მოხდება.

ამ თანამშრომლობამ როგორ შეცვალა თქვენი კარიერა?

Rosé: როცა პირველად დავწერეთ ეს სიმღერა, რაღაცნაირად ცოტა მეშინოდა კიდეც. ვხედავდი, როგორ რეაგირებდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ: კიდევ მომასმენინე! და ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს. მერე ვნახე, რად გადაიქცა, რა დაინახა მასში ბრუნომ და შემდეგ – მსოფლიომ. მან დამანახა, რამდენად ძლიერია მუსიკა ადამიანებისთვის. 

მარსი: ყოველთვის ვცდილობ, რაღაც განსაკუთრებული დავწერო. რომ ვიცოდე, ეს როგორ ხდება, ყოველდღე გავაკეთებდი, მაგრამ არ გამოდის. უბრალოდ ისევ და ისევ მივდივარ სტუდიაში და კვლავ ვცდილობ. ამ პროექტზე საოცარ ადამიანებთან ვიმუშავე. Cirkut-თან მუშაობა ფანტასტიკური იყო – გიტარაზე დავუკრავდი, მივაწოდებდი და ის თავის ლეპტოპში რაღაც სიგიჟეს აკეთებდა. მერე ამ ყველაფრის გაზიარება Rosie-თან, მისი ყურება, როგორ აკეთებს იმას, რაც გამოსდის, ბავშვებისა და მოზარდების ყურება, როგორ მღერიან ამ სიმღერას – აი, ესაა მთავარი. თუნდაც არ იცოდნენ „APT.“ რას ნიშნავს, იგრძნობენ. ესაა ჩვენი – მუსიკოსების საქმე. და თუ გაგვიმართლა, უფრო ჩაუღრმავდება ხალხი: „რა არის ეს? რას ამბობენ?“ Rosie-მ მოიტანა ეს მუსიკა სამყაროში. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ თუ ამ ყველაფერს არ გრძნობ, ალბათ რაღაცას სწორად არ აკეთებ.

სტატია გამოქვეყნებულია Billboard-ის 2025 წლის 13 წლის ნომერში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

On The Road - All Things Go ft. Data Tsereteli (Official Music Video)

On the Road-ის და Data Tsereteli-ს ახალი კოლაბორაციული სინგლი – All Things Go

შემდეგი სტატია

Shakira - Zootopia 2 COURTESY PHOTO

ZOOTOPIA 2-ის საუნდტრეკი საბავშვო ალბომების ჩარტში ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ელტონ ჯონმა თავის რადიოგადაცემაში არტისტის შესახებ თქვა: „დიდი ხანია, მსგავსი ჟღერადობა არავისგან მომისმენია. შენ დიდი მომავლისთვის ხარ დაბადებული.“
მეტი
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი