რუსეთის ხელისუფლებამ პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურმა კრემლმა არტისტი ნადია ტოლოკონიკოვა განსაკუთრებით საშიშ კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილთა სიაში აღრიცხა.
ნადია ტოლოკონიკოვას სიაში დამატების ფაქტი დამოუკიდებელმა რუსულმა ოპოზიციურმა მედია პლატფორმამ Mediazona-მ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც არტისტის სახელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში იპოვა. ტოლოკონიკოვას ბრალს წაუყენებენ, თუმცა ჯერჯერობით ბრალდების შინაარსი უცნობია.
ტოლოკონიკოვამ პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც 2012 წელს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში Pussy Riot-ის მიერ გამართულ საპროტესტო წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო. ამის შემდეგ, მან ციხეში დაახლოებით ორი წელიწადი გაატარა.
2023 წლის მარტის დასაწყისში, რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ტოლოკონიკოვას წინააღმდეგ კრიმინალური საქმე აღიძრა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება. აღნიშნული კვალიფიკაციით შეფასებული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად რუსეთში 2012 წლის შემდეგ, სწორედ Pussy Riot-ის საპროტესტო აქტის შემდეგ იქცა.
ტოლოკონიკოვამ რუსეთი 2021 წელს დატოვა. მთავრობამ არტისტი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. ქვეყნის ხელისუფლება ამ სტატუსით დამოუკიდებელ მედია პლატფორმებს და ოპოზიციურ აქტივისტებს მოიხსენიებს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ Pussy Riot „ვუდი გათრის დაჯილდოებაზე“ წელს სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.