ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, 7 ოქტომბერს, 31-ე მუსიკალური ფესტივალის ,,შემოდგომის თბილისის” ფარგლებში, ჯუზეპე ვერდის „აიდას“ საკონცერტო შესრულება იქნება წარმოდგენილი.
წლევანდელი ფესტივალი თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ვერდის ოპერის „აიდა” საკონცერტო შესრულება კი, ორკესტრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგანგებოდ მომზადდა.
განსხვავებული „აიდას” ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ოპერის გამორჩეული ვარსკვლავები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, რამაზ ჩიკვილაძე, ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებთან – გიორგი ჭელიძესთან, ლევან ტაბატაძესთან და ალექსანდრე თიბელიშვილთან ერთად ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ საკონცერტო შესრულებას წარმოადგენენ. კონცერტის დირიჟორი ვახტანგ კახიძე გახლავთ, რეჟისორი კი დავით საყვარელიძე.
ვახტანგ კახიძე
„გრძელდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი”, რომლის თანადამფუძნებლებიც არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრი. ოცდათერთმეტი წელია ჩვენ რეგულარულად ვატარებთ ამ ფესტივალს, დიდი მადლობა მათ ამისთვის. ასევე ყველა იმ მხარდამჭერს, პირველ რიგში იტალიის საელჩოს, რომელიც არაერთ კულტურულ პროექტს უდგას გვერდზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. რაც შეეხება შემდეგ კონცერტს, თუ შეიძლება ამას კონცერტი დავარქვათ, გაიმართება 7 ოქტომბერს, შესრულდება ვერდის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერა “აიდა”, საკონცერტო შესრულებით, თუმცა, ესეც პირობითია, რადგან ვთხოვე ჩემს ნიჭიერ მეგობარს დავით საყვარელიძეს, რომ ცოტა გაეცოცხლებინა და მე მგონი ძალიან გააცოცხლა. ასე რომ, ფაქტობრივად ეს რეალურად გამოდის რაღაცნაირი საკონცერტო შესრულება, თან დადგმა ამ ოპერის რაც არც ვიცი გაკეთებულა თუ არა, ამ ფორმით.
ვმუშაობთ დაუღალავად და იმედი გვაქვს, რომ ამის რეზულტატი იქნება შვიდში. ფაქტიურად ის ვოკალური და საგუნდო მონახაზი რაც არის ოპერაში, ის სრულად სრულდება. კონცერტი ორ განყოფილებად არის დაყოფილი, სადაც პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია პირველი და მეორე აქტი, მეორე განყოფილებაში კი, მესამე და მეოთხე აქტი შესრულდება.”
ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი „აიდას” საკონცერტო დადგმაში მთავარი პერსონაჟის „აიდას” პარტიას ასრულებს.
იანო ალიბეგაშვილი
„ქართველ საზოგადოებასთან ეს იქნება ჩემი მეორე შეხვედრა. პირველი იყო ძეფირელის ცნობილი რეპროდუქცია, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში ჩამოვიტანეთ და რითაც გაიხსნა სეზონი, ეს იყო უნიკალური მოვლენა. მეორე შეხვედრა ქართველ პუბლიკასთან უკვე ამ შესანიშნავ დარბაზში მექნება, რომელზეც შეყვარებული ვარ. აქ სიმღერა იოლია, რადგან დარბაზი აკუსტიკურად ინსტრუმენტული ჟღერადობისთვის არის მორგებული. რა თქმა უნდა, როდესაც სპექტაკლია მომღერლებისთვის სიმღერა იოლია, რადგან იქ არის კოსტიუმი, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც გათავისუფლებს და უფრო პერსონაჟზე ფიქრობ. საკონცერტო შესრულების დროს კი რთულია, რადგან კონცენტრაცია ტექნიკაზე კეთდება. Რაც შეეხება ჩემს პარტიას, ძალიან რთულია და ზოგადად ყველა პარტია საკმაოდ რთულია, გამოდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში საკმაოდ ხანგრძლივი წარმოდგენაა და დიდხანს გვიწევს სცენაზე ყოფნა, ყოველი გვერდი არის ტექნიკურად საკმაოდ საფრთხილო. Რასაკვირველია, „აიდაში” თავად აიდას პარტიის შესრულება განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა და ამას დიდი სიფრთხილით ვეკიდები.”
ჯუზეპე ვერდის „აიდას” პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში შედგა. ოპერა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს 155 თეატრში დაიდგა. „აიდა” დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი ოპერააა, რომელიც მდიდარი შინაარსის და გმირთა მრავალფეროვანი სახეებიდან გამომდინარე ოპერის საინტერესო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. Საერთაშორისო ფესტივალის „შემოდგომის თბილისის” ფარგლებში დავით საყვარელიძეს რეჟისორობით, სწორედ ახალი ინტერპრეტაციით „აიდას” საკონცერტო „ნახევარ დადგმა” შესრულდება, როგორც ამას თავად რეჟისორი უწოდებს.
დავით საყვარელიძე:
„როდესაც ბატონ ვახტანგ კახიძემ გამანდო თავისი იდეა, რომ „აიდას” საკონცერტო ვერსია გაეკეთებინა, მე მთხოვა დახმარება, რათა ოპერას მხოლოდ ორატორიული ფორმა არ მიეღო. გამომდინარე იქიდან, რომ ვერდი თავის ნაწარმოებებში სიცოცხლეს, სცენურ მოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც სიუჟეტის კარგად გაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ის საშუალებები, რომელიც ამ შესანიშნავ დარბაზს აქვს, მინიმალურად მინდოდა გამომეყენებინა და გადაქცეულიყო ერთგვარ თეატრალურ სცენად, სადაც შესაძლებლობა გვექნებოდა ვერდის „აიდას” სიუჟეტი გაგვეცოცხლებინა. გამოყენებული გვაქვს ავანსცენა, გუნდის ადგილი, მთლიანი დარბაზი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაცოცხლდეს. ამიტომ დავარქვით ამას ნახევრად დადგმა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს ჟანრი – ნახევრად დადგმა, რადგან რეჟისორი თავად კონცეპტუალური თანამედროვე მიგნებებით ხელს არ უშლის ვერდის გაჟღერებას და ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ზუსტად გაცოცხლდეს ვერდი. გვსურს გაიგოს მაყურებელმა, თუ რა ხდება ორკესტრში. ორკესტრში საოცარი ამბავი ხდება, იმიტომ, რომ ეს არის დრამატურგია პარტიტურის, დრამატურგია სიუჟეტის, დრამატურგია ხასიათის განვითარების და ძალიან დახუნძლულია ყველაფერი. მაყურებელი აქ ისიამოვნებს იმით, რომ არამხოლოდ ამ გენიალურ ხმებს მოისმენს, არამედ ნახავს რა ხდება გუნდში და ორკესტრში. ჩვენ ოპერას და ოპერის სტრუქტურას შიგნიდან დავანახებთ. აქ იქნება მულტიმედიური ჩანართებიც განთავსებული და ერთი სიტყვით, ისეთი ატმოსფერო შეიქმნება, რომ მაყურებელი თანამედროვე ეგვიპტურ სიუჟეტში იმოგზაურებს.”