შერი მის პირველ სადღესასწაულო ალბომზე საუბრობს: „საშობაო ალბომის გამოცემას არ ვაპირებდი”

ალბომში მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სინდი ლოპერი, სტივი უანდერი და ტაიგა.
შერი
Warner Records

60-წლიანი კარიერის განმავლობაში შერს გაყიდული აქვს 100 მილიონი ჩანაწერი, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, 1960 წლიდან 2010-მდე თითოეულ დეკადაში დაკავებული აქვს Billboard-ის ჩარტების პირველი ადგილი, მოგებული აქვს ოსკარი, ემი, გრემი და სამი ოქროს გლობუსი.

თუმცა 20 ოქტომბერს შერი გულშემატკივრის წინაშე სიახლით წარდგება: მომღერალი მის პირველ სადღესასწაულო ალბომს Christmas-ს გამოსცემს. 

„საშობაო ალბომის გამოცემას არ ვაპირებდი,” – ამბობს შერი Billboard-თან საუბრისას. „მაგრამ Warner Records-მა მითხრა: „არ გინდა საშობაო ალბომის გაკეთება?”  მე კი ვუპასუხე: „თუ ჩემი ვერსიის გაკეთებას შევძლებ, გავაკეთებ.” მათ კი ძალიან გაუხარდათ.”

მისი ვერსიის გაკეთება ნიშნავდა დამკვიდრებული სადღესასწაულო სტანდარტებიდან შორს დგომას. „ყველას აქვს Santa Claus is Coming to Town,  Jingle Bells და მსგავსი სიმღერები. მე კი მათ ვუთხარი: „ალბომში საშობაო სიმღერები იქნება, მაგრამ იმას გავაკეთებ, რასაც ვგრძნობ.”

„მან შექმნა არა მხოლოდ საშობაო ალბომი, არამედ საოცარი საშობაო ალბომი, რომელიც კონკურენციას გაუწევს და გვერდით დაუდგება ყველა დროის ყველაზე დიდ საშობაო ალბომებს,” – ამბობს Warner Records-ის თანათავმჯდომარე ტომ კორსონი. 

„ეს არ არის მხოლოდ საშობაო სიმღერები. ეს არის უბრალოდ დიდი სიმღერები. ამას როგორც წესი არასდროს ვამბობ, რადგან თითქმის არასდროს მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. თუმცა ხალხს მოსწონს და ბედნიერი ვარ. ეს სიმღერები მიყვარს და ყველას შეუყვარდება, ვინც მოისმენს,” – ამბობს მომღერალი.

Christmas 13 სიმღერას აერთიანებს. მათ შორისაა ოთხი ახალი კომპოზიცია. ალბომში ასევე შედის შერის ინტერპრეტაციები სიმღერების Santa Baby, Run Rudolph Run და Please Come Home For Christmas. გარდა ამისა, არიან მოწვეული არტისტებიც: მომღერალს სტივი უანდერი უერთდება მის მიერ 1967 წელს გამოცემულ სიმღერაში What Christmas Means to Me; შერი და მაიკლ ბუბლე ასრულებენ ბუბლეს 2005 წლის ჰიტს Home; ტაიგა რეპავს ახალ კომპოზიციაში Drop Top Sleigh Ride და განსაკუთრებით ემოციური დუეტი: შერი და სინდი ლოპერი ასრულებენ სიმღერას Christmas (Baby, Please Come Home) 60 წლის შემდეგ, რაც 17 წლის შერი ამ ჰიტის ბექებში მღეროდა. შერი ასევე იყო ლავის ბექვოკალისტი 1989-1990 წლის Heart of Stone ტურნეში.

ალბომის აღწერაში შერი მადლობას უხდის ლავს და წერს: „შენთან ერთად სიმღერა – ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომღერალთან – განსაკუთრებული სასწაულია. უბრალოდ დაფიქრდი, 17 წლის ვიყავი, როცა ამ სიმღერის ბექებში ვმღეროდი… და დღემდე კრძალვით ვარ შენთან! ახლა ჩვენი წრე შეიკრა.”

Christmas არ იქნება ერთადერთი ალბომი, რომლითაც წელს შერი ფანებს გაახარებს. მისი 1998 წლის ალბომის Believe-ის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 3 ნოემბერს კომპანია Warner Records დელუქს გამოცემას გამოუშვებს, რომელიც სამ LP-ს ან ორ CD-ს მოიცავს.

დელუქს გამოცემაში ორიგინალი ალბომი და დამატებით 13 რემიქსი შევა.  მსოფლიოს მასშტაბით ორიგინალი ალბომის 11 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ამავე სახელწოდების მთავარი სინგლი Believe კი, რომელიც 1999 წელს Billboard-ის ჩარტის ლიდერი გახდა, პირველ ადგილზე იყო 23 ქვეყნის ჩარტებში. 

ბოლო მასშტაბური ტურნე შერს 2005 წელს ჰქონდა. თუმცა როგორც ამბობს, ლაივში სიმღერას ისევ განიხილავს. მისი თქმით, პროდიუსერ მარკ ტეილორს საყვარელი სიმღერების კონცერტი შესთავაზა. ტეილორის წინადადება კი საშობაო ალბომის კონცერტი იყო, რაზეც შერმა უარი თქვა. 

მომღერალი არ გამართავს არც Believe-ის გამოშვების აღსანიშნავ კონცერტს, რადგან, როგორც თავად ამბობს, კიდევ ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც მის ფანებს მოეწონებათ. „კიდევ ერთი ალბომი მაქვს წინ,” – ამბობს შერი.

ნახეთ ალბომის Christmas კომპოზიციები:

1 DJ Play A Christmas Song
2 What Christmas Means To Me (with Stevie Wonder)
3 Run Rudolph Run  
4 Christmas (Baby, Please Come Home) (with Darlene Love)
5 Angels In The Snow
6 Home (with Michael Bublé)
7 Drop Top Sleigh Ride (with Tyga)
8 Please Come Home For Christmas 
9 I Like Christmas
10 Christmas Ain’t Christmas Without You
11 Santa Baby  
12 Put A Little Holiday In Your Heart (with Cyndi Lauper)
13 This Will Be Our Year  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Svansikh-მა ახალი ტრეკი – „სად ხარ (Hey Brother)“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

„ეს სასიკვდილო ხაფანგი იყო”: ისრაელის ფესტივალის ტერაქტს გადარჩენილები გაქცევის ამბავს ჰყვებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი